Chester Arthur Burnett – howling wolf of the blues

Howlin\' Wolfგასული საუკუნის 50-60-იანი წლების შიქაგოს მუსიკალური ცხოვრება ორი გენიალური ბლიუზ-ბენდის პაექრობის ფონზე მიმდინარეობდა. ერთს სათავეში მადი უოთერსი ედგა, ხოლო მეორეს კი – ჰოულინ ვულფი.
ჩესთერ ართურ ბარნეთი (Chester Arthur Burnett), იგივე ჰოულინ ვულფი/Howlin’ Wolf მადი უოთერსის მსგავსად, მისისიფელი იყო. ის 1910 წლის 10 ივნისს დაიბადა. სახელი აშშ-ს რესპუბლიკელი პრეზიდენტის ჩესთერ ართურის საპატივცემულოდ დაარქვეს, ხოლო მეტსახელი (Howlin’ Wolf „ყმუანა მგელს“ ნიშნავს) – ბაბუამ  შეურჩია.

მისი მშობლები ადრევე დაშორდნენ. ბიჭი დედასთან დარჩა, მაგრამ ფანატიკურად რელიგიური დედის და მკაცრი ხასიათის ბიძის ხელში დიდხანს ვერ გაძლო – გაქცევით უშველა თავს და მას შემდეგ რაც, მისივე მოგონებით, 100 კილომეტრამდე იარა ფეხით – მამის სახლს მიადგა. აქედან მოყოლებული ის მამის ოჯახში იზრდებოდა.

მოგვიანებით უკვე სახელგანთქმულმა ბლუზმენმა დედა მოინახულა, მაგრამ დედამისმა მასთან საუბარი არ ისურვა და დახმარების მიღებაზეც უარი უთხა, აქაოდა ფული „სატანისტური მუსიკის“ შესრულებით იყო მოპოვებული.
მამასთან ჩასული ჰოულინ ვულფი სულ მალე საფუძვლიანად გაიტაცა მუსიკამ. მისი პირველი სიმღერები მისისიფელი დელთა/ფოლქ მუსიკოსთა გავლენით იქმნებოდა. მეზობლებშიც და უფრო შორეულებშიც ჰოულინ ვულფი პოპულარული შეიქნა. ის ნებისმიერი ზეიმისა თუ თავყრილობის საპატიო სტუმარი იყო გიტარითა და ჰარმონიკით. სხვათა შორის, მის მასწავლებელთა შორის გიტარისტი, დელთა-ბლუზის პიონერი ჩარლი ფეიტონი და გოსფელისა და ჰარმონიკა-ბლუზის ცნობილი მუსიკოსი ალექ რაის მილერი (იგივე სონი ბოი უილიამსონი) იყვნენ. მოგვიანებით მან მეგობრებისგან პატარა ჯგუფი შექმნა და მისისიფის კლუბებში პირველი კონცერტების გამართვა დაიწყო.

ჰოულინ ვულფის მუსიკალური კარიერა მეორე მსოფლიო ომმა შეწყვიტა, როდესაც ის აშშ-ის არმიაში ჩაეწერა. ომის დამთავრების შემდეგ, 1948 წელს ვულფმა ახალი ჯგუფი ჩამოაყალიბა და კონცერტებით მემფისს, არქანზასს და სამხრეთის სხვა შტატებს მიაშურა. მისი პოპულარობა იმდენად დიდი იყო, რომ სხვადასხვა მუსიკალურმა სტუდიებმა მისი გადაბირებისთვის დიდი „ომიც“ კი წამოიწყეს. საბოლოოდ, გამარჯვება ლეგენდარულ „ჩესს რექორდს“ (ამ სტუდიის როლზე მადი უოთერსისადმი მიძღვნილ წერილში მქონდა უფრო დაწვრილებითი საუბარი) დარჩა და მუსიკოსიც შიქაგოში გადაბარგდა.

ჰოულინ ვულფმა სხვადასხვა დროს ისეთი უდიდესი მუსიკოსები შემოიკრიბა თავის ბლუზ-ბენდში, როგორებიც იყვნენ ლეგენდარული ბლუზმენი და ბლუზის უდიდესი ბასისტი უილი დიქსონი, გიტარისტი ჰუბერთ სამლინი, უილი ჯონსონი, ჯიმი როჯერსი (რომელიც მადი უოთერსის ბენდშიც უკრავდა), ახალგაზრდა ბადი გაი.

ის ევროპაშიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 1964 წელს ამერიკული ფოლქ-ბლუზის ფესტივალის ფარგლებში ევროპას ეწვია. 1970 წელს ის ლონდონში ჩავიდა – სწორედ ამ ტურის შედეგად ჩაიწერა Howlin’ Wolf London Sessions სადაც ჰოულინ ვულფისა და ჰუბერთ სამლინის გვერდით ერიქ ქლეფთონი, ბილ უაიმანი,  ჩარლი უოთსი, რინგო სთარი უკრავენ.

ჰოულინ ვულფი უაღრესად ნიჭიერი და მიზანდასახული ადამიანი იყო. ის თავად წარმართავდა თავის მუსიკალურ კარიერას და წარმატებულ ბიზნესს –  საჭირო უნარების შეძენისა და ცოდნის შევსების მიზნით, 40 წლის ასაკში სწავლასაც დაუბრუნდა და ბუღალტერიის, ფინანსური მენეჯმენტის და ბიზნესის ადმინისტრირების კურსებიც გაიარა. თუმცა, მიუხედავად სიმდიდრისა, ფუფუნების მოყვარული არასდროს ყოფილა და მისი ახლობლების და ოჯახის წევრების მოგონებით, ვარსკვლავებისთვის ჩვეული ექსტრავაგანტულობაც არ ხიბლავდა.

ჰოულინ ვულფი არაერთი მუსიკალური  („გრემის“, „ბლიუზის ფონდის“) ჯილდოს მფლობელია, მისისიფელ მუსიკოსთა დიდების, ბლუზის ფონდის დიდებისა და როკ ენ როლის დიდების დარბაზის (Mississippi Musicians Hall of Fame, Blues Foundation Hall of Fame, Rock and Roll Hall of Fame) – წევრი.
1994 წელს მას აშშ საფოსტო სამსახურის საფოსტო მარკაზე გამოსახვის პატივი ერგო.
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: