მაქინლი მორგანფილდი (McKinley Morganfield), იგივე მადი უოთერსი/Muddy Waters, ბლუზის შიქაგოს სკოლის უბრწყინვალესი წარმომადგენელი 1913 წლის 4 აპრილს მისისიფიში დაიბადა (ბევრი წყაროს მონაცემებით, მისი დაბადების წლად 1915 სახელდება). მეტსახელი „მადი“ („ტალახიანი“) მას ბავშვობიდან გამოყვა, ვინაიდან ცელქი და დაუდგრომელი, დილით სახლიდან გასული, შინ სულ ამოთხვრილ-ამოგანგლული ბრუნდებოდა.
მუსიკამ ახალგაზრდობიდანვე გაიტაცა. თავდაპირველად ჰარმონიკაზე დაკვრა შეისწავლა, შემდგომ – გიტარაზე. 17-18 წლისა ქუჩის კონცერტებს მართავდა და მისი ახალგაზრდობის კერპებს – დელთა/ფოლქ-ბლუზის ლეგენდებს, სონ ჰაუსსა და რობერთ ჯონსონს ბაძავდა (მოგვიანებით, უკვე დიდების ზენიტში მყოფ მადი უოთერსს ფოლქ-ბლუზის არაერთი ბრწყინვალე კომპოზიცია აქვს ჩაწერილი).
1943 წელს მადი უოთერსმა შიქაგოს მიაშურა, სადაც ლეგენდარული ძმები, ბლუზის პროდიუსერები და პოპულარიზატორები ლეონარდ და ფილ ჩესები მოღვაწეობდნენ (მათ მიერაა დაარსებულის სტუდია „ჩეს რექორდს“ (Chess Records), სადაც ბლუზის უდიდესი ვარსკვლავების არაერთი საუკეთესო ალბომია ჩაწერილი).
შიქაგოელი ფოლქ-ბლუზის შემსრულებლის, უილიამ „ბიგ ბილ“ ბრუნზის დახმარებით, მადი უოთერსმა სხვადასხვა კლუბში პირველი კონცერტები გამართა. 1946 წელს მან აკუსტიკური გიტარა ელექტრო-გიტარით შეცვალა (რომელიც, თავად მუსიკოსის მოგონებით, ბიძამისმა აჩუქა) და მის შემოქმედებაში ფოლქ ბლუზის მოტივებთან ერთად, ელექტრონული და რიტმ ენ ბლუზის ელემენტებიც შემოვიდა. 1946 წელსვე მადი უოთერსმა პირველი ალბომი ჩაწერა, მაგრამ ის სტუდიამ დაიწუნა და იმჟამად არ გამოცემულა (ცხადია, მოგვიანებით, უკვე ცნობილი მადი უოთერსის ეს პირველ ჩანაწერი გამოუცემელი არ დარჩენილა). იმავე წელს უოთერსმა სტუდია „არისტოკრატისთვის“ (ზემოხსენებული ძმებ ჩესების სტუდიის თავდაპირველი დასახელება) მოამზადა სინგლი – რომელიც, პირველისა არ იყოს, ასევე დაიწუნეს. სამაგიეროდ, მას შემდეგ რაც 1948 წელს I Can’t Be Satisfied და I Feel Like Going Home შიქაგოს კლუბების უპირველესი ჰიტები გახდა, ძმებმა ჩესებმა კვლავ მოძებნეს უოთერსი და მათი უაღრესად წარმატებული თანამშრომლობაც დაიწყო: Rollin’ Stone, Gypsy Woman, Hoochie Coochie Man, I Just Want to Make Love to You, Louisiana Blues, Got My Mojo Working, Honey Bee და სხვა მრავალი კომპოზიცია „ჩეს რექორდსის“ მიერ გამოიცა.
სხვათა შორის, ჩაქ ბერის წარმატებულ კარიერაშიც ურევია მადი უოთერსის ხელი. სწორედ მადი უოთერსმა მიიყვანა 1955 წელს ჩაქ ბერი ძმებ ჩესებთან, სადაც ჩაიწერა კიდეც Maybellene.
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
I prefer Buddy Guy. უფრო მაგრად უბერავს – მეტი რიტმია და მეტი როკი.
LikeLike