ედუარდ ქენედი ელინგთონი, იგივე დიუქ ელინგთონი (Duke Ellington) უდიდესი მუსიკოსი და კომპოზიტორი, ჯაზის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ორკესტრის ხელმძღვანელი 1899 წლის 29 აპრილს DC-ში (უოშინგთონში) დაიბადა.
დედის დაჟინებული თხოვნით, ელინგთონი 8 წლის ასაკიდან ეუფლებოდა ფორტეპინოს, თუმცა ბეისბოლით და მხატვრობით უფრო იყო გატაცებული. განსაკუთრებით ეზარებოდა თეორიის და ნოტების შესწავლა, და ზეპირად, მოსმენით დაკვრა ბევრად უფრო სიამოვნებდა (სხვათა შორის, ამ სიზარმაცემ სულ მალე დადებითი როლიც კი ითამაშა მის ცხოვრებაში და ელინგთონს იმპროვიზაციისს და არანჟირების მნიშვნელობა დაანახა, მაგრამ – ამაზე ქვემოთ).
ამერიკის შეერთებული შტატების ფერადკანიანი მოსახლეობის განვითარების ეროვნული ასოციაციის მიერ გამოცხადებულ პლაკატების კონკურსზეც კი გაიმარჯვა და სამხატვრო კოლეჯში სწავლის სტიპენდიაც კი მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ სამხატვრო კარიერაზე ელინგთონმა უარი თქვა, მხატვრობის ნიჭი მას მუსიკალური კარიერის პირველ ეტაპზე არაერთხელ გამოადგა, როდესაც სხვადასხვა სრეკლამო თუ მსგავსი სახის შეკვეთები – მისი შემოსავლის წყარო იყო. ხოლო, რაც შეეხება ბეისბოლს, ელინგთონი იგონებს, რომ თვით პრეზიდენტი რუზველთიც არაერთხელ მისულა მისი და მისი მეგობრების თამაშის საყურებლად.
მაგრამ ასე იყო თუ ისე, 1914 წლის ზაფხულში, Poodle Dog Café-ში სოდის ჩამომსხმელად მუშაობისას, მას უეცრად მოუვიდა თავში მისი პირველი მელოდია – Soda Fountain Rag. ელინგთონი იგონებს, რომ, ვინაიდან, მას იმ დროს მელოდიის ჯეროვნად ნოტებზე გადატანაც არ შეეძლო, Soda Fountain Rag-ს კარგა ხანს „თავით“ დაატარებდა და ზეპირად უკრავდა – ამასთან მუდამ განსხვავებულად – ხან ვალსის, ხან ტანგოს და ხანაც ფოქსტროტის სტილში. თავდაპირველად, ელინგთონს უკვირდა, რომ მსმენელები ვერც ხვდებოდნენ, რომ ეს ერთი და იგივე კომპოზიცია იყო, მაგრამ ამავე დროს, ამ შემთხვევამ ის მუსიკაში იმპროვიზაციისა და არანჟირების მნიშვნელობაზეც დააფიქრა.
დაწყებული 20-იანი წლების შუა პერიოდიდან, დიუქ ელინგთონი აქტიურ მუსიკალურ მოღვაწეობას იწყებს, როგორც კომპოზიტორი და ჯგუფის ლიდერი. დიუქ ელინგთონის ორკესტრი – ცალკე საუბრის თემაა – ჯაზის ისტორიაში უდიდესი ორკესტრი საოცარი ჰარმონიულობით გამოირჩეოდა – არა მარტო სცენაზე, არამედ სცენის მიღმაც. მიუხედავად იმისა, რომ ელინგტონის ხელმძღვანელობის ქვეშ არაერთი უდიდესი და თვითმყოფადი მუსიკოსი უკრავდა, შური, კონფლიქტი, გაბუტვა თუ სხვა სახის პრობლემები (რაც ასე ხშირია მუსიკალურ ჯგუფებში) დიუქ ელინგთონის ორკესტრისთვის უცხო ხილი იყო. ყოველ შემთხვევაში 50-იანებამდე, როდესაც ბოპმა, ბლუზ-როკმა, რიტმ’ნ’ბლუზმა რამდენიმე მისი მუსიკოსი ორკესტრიდან „გაიტაცა“.
ელინგტონის მუსიკაში შერწყმულია კლასიკური, ნიუ-ორლეანური (ქინგ ოლივერისეული) და აფრიკული რიტმები ე.წ. Jungle Style. სვინგი, დიქსილენდი და ბლუზის საწყისები. ჯაზის პოპულარობასა და განვითარებაზე ელინგტონის გავლენის გადაფასება, უბრალოდ შეუძლებელია.
ჯილდოები: პულიცერის პრემია (Pulitzer Prize), არაერთი გრემი და გრემის დიდების დარბაზის (Grammy Hall of Fame) 9 ჯილდო (სპეციალური გრემი, რომელიც შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ იმ ჩანაწერს, რომელიც არანაკლებ 25 წელს ითვლის და განსაკუთრებული ისტორიული მნიშნელობისაა), მათ შორის სახელგანთქმული Mood Indigo-სთვის აგრეთვე გრემი მთელი შემოქმედებისთვის (რომელიც ენიჭება შემსრულებელს, რომელმაც ცხოვრების მანძილზე გამორჩეული წვლილი შეიტანა ხელოვნებაში). დიუქ ელინგთონის სახელი შეტანილია ბიგ-ბენდებისა და ჯაზის დიდების დარბაზში (Big Band and Jazz Hall of Fame), სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში (Songwriters Hall of Fame) და „დაუნ ბითის“ ჯაზის დიდების დარბაზში (Down Beat Hall of Fame).
დაჯილდოებულია აშშ პრეზიდენტის თავისუფლების მედლით და საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენით.
1986 წელს აშშ საფოსტო ოფისმა დაბეჭდა საფოსტო მარკა დიუქ ელინგთონის გამოსახულებით (დიდ მადლობა ნ-ს ამ ფაქტის შეხსენებისთვის :))
P.S.
1968 წელს დიუქმა რელიგიური ჰიმნების კონცერტი – Second Sacred Concert ჩაეწრა, სადაც შესულია კომპოზიცია It’s Freedom (“ეს არის თავისუფლება”). კომპოზიციაში ისმის დიუქ ელინგთონის ხმა, რომელიც ამბობს, რომ თავისუფლება არის სიტყვა, რომელსაც მთელს მსოფლიოში მრავალ ენაზე იმეორებენ, რასაც მოჰყვება მისი და მისი ორკესტრის წევრთა შეძახილები – ისინი წარმოთქვამენ მხოლოდ ერთ სიტყვას – “თავისუფლება” სხვადასხვა ენაზე: ფრანგულად, ესპანურად, იტალიურად, პორტუგალიურად, ლათინურად, გერმანულად, ჰოლანდიურად, დანიურად, ნორვეგიულად, რუსულად, ქართულად, ბერძნულად, იაპონურად, ჩინურად, სუაჰილიზე, ებრაულად.
ქართული ენა დიუქს “შეასწავლა” ფათრისია უილარდმა, რომელიც ჯაზის ისტორიის ცნობილი მკვლევარია, იმ დროს კი ელინგთონთან მუშაობდა პრეს-მენეჯერად. ფათრისია უილიარდის მამა, დოქტორი რალფ სთენლი უილარდი თბილისშია დაბადებული. წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ოჯახმა საქართველო დატოვა და 1922 წლიდან ამერიკაში დასახლდა. რალფ უილიარდი იმ დროს 19 წლისა იყო. დოქტორი უილიარდი კრიონიკის ერთ-ერთი პიონერია ამერიკაში.
(სხვათა შორის, ის ცნობილი ქართველი ლოველასის “პრინც” დავით მდივნის კარგი მეგობარი იყო და თავადაც ჰქონდა გარკვეული შეხება კინოსთან – როგორც კონსულტანტი მუშაობდა 1940 წელს გადაღებულ ფილმზე “ადამიანი ცხრა სიცოცხლით” (The Man With Nine Lives) ბორის კარლოფით მთავარ როლში).
ბარემ დავწერ აქვე, რომ ქართულ სიტყვას დიუქის კომპოზიციაში ბევრი წელი ვდიე. პირველად საბჭოთა კავშირის დროს მოვისმინე და, ცხადია, მაშინ, რკინის ფარდის მიღმიდან ვერაფერს გავარკვევდი. სუსურუკუ რომ ჩამოიქცა და მე კომპიუტერი და ინტერნეტი მოვიგდე ხელთ (ინგლისური კი ვიცოდი) დავიწყე ძებნა და ჯერ დიუქის ფონდს მივაკვლიე იმათ კი ქალბატონ უილარდთან გადამამისამართეს.
ფათრისია დამიკავშირდა მეილით, ეს ამბავიც მომწერა, თბილისის და საქართველოს ამბებიც გამომკითხა და დიუქის ორი ალბომიც გამომიგზავნა საჩუქრად.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
გამომრჩენია ეს პოსტი 😦
აწი უფრო დაკვირვებით წავიკითხავ.
LikeLike
უყურე შენ! დიდი “ჰერცოგის” ბენდი ქართული სიტყვით 🙂 რას არ გაიგებ ამ ბლოგიდან 🙂
თემასთან ცოტა ახლოს: ჯაზის ისტორიაში ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშნელოვანი პერსონაა ბ-ნი ელინგტონი. მისი ბიგბენდური შემოქმედების მოსმენა დღეს, ამდენი წლის მერეც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. უშუალოდ დუკს არ უნდა ეკუთვნოდეს, რამდენადაც მახსოვს, მაგრამ დუკმა და მისმა ბენდმა შეასრულეს პირველებმა (და პირველი არანჟირების პატივსაც ნუ დავუკარგავთ) “ქარავანი” და “Take the A train”. ეს ორი სტანდარტი მეყოფა იმისათვის, რომ დუკ ელინგტონის მოღვაწეობას ძალიან ვაფასებდე.
პ.ს. მგონი ცოტა ემოციური კომენტარი გამომივიდა 🙂
LikeLike
ოოო… ქარავანი რომ დიუქის არაა ეს ჯაზის მცოდნის ნათქვამია.
იუთუბზეც კი ბევრ კლიპს აწერია ელინგთონისააო :):)
LikeLike
ჯაზის მცოდნისა და მოყვარულისგან სასიამოვნო მოსასმენია 🙂
LikeLike
მცოდნე ქარუმიძეა 🙂
მე არც ხმა მაქვს და არც სმენა. ისე ვუსმენ. 🙂
LikeLike
მაგ სიტყვას რა დიდი ხანი ვდიე რომ იცოდე 🙂
ჯერ კიდევ სკოლაში ვიყავი, როცა მოვისმინე პირველად ქართული შეძახილი დიუქის კომპოზიციაში და გადვირიე. 🙂
LikeLike
ალბათ რა კარგია, სკოლიდან რომ ეზიარები გემოვნებიან მუსიკას…
შემშურდა შავი და ბოღმიანი შურით 🙂
LikeLike
მამაჩემს უყვარდა ჯაზი და ბლიუზი. და ვისოცკი კიდევ.:)
LikeLike
ეჰ…
ჩემო დაკარგულო ბავშვობავ
LikeLike