რეი ბრედბერი
ძველი წელთაღრიცხვით მე-400-ე წელს ჩინეთის დიდ კედელთან ტახტზე ნებივრობდა იმპერატორი იუანი. უხვი წვიმებით დანამული მიწა ბიბინებდა მწვანედ და კარგ მოსავალს ჰპირდებოდა. მის ქვეშევრდომებს სამყაროში ყველაზე ბედნიერად ვერ ვიტყოდით, მაგრამ არც ყველაზე უბედურები იყვნენ.
გათენდა ახალი წლის მეორე თვის პირველი კვირის პირველი დილა. იმპერატორი იუანი ჩაის წრუპავდა და მარაოთი ინიავებდა თბილ ნიავს, როდესაც ბაღში დაგებულ ალისფერ და ლურჯ ფილებზე ფეხები აატყაპუნა პირფარეშმა, სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა და შესძახა:
– ჰოი, იმპერატორო, იმპერატორო, სასწაული!
– დიახ, – უთხრა იმპერატორმა, – ჰაერი მართლაც უჩვეულოდ ნაზია ამ დილით.
– არა, არა, სასწაული! – გაუმეორა მსახურმა და წელში მოიხარა.
– ჩაით ვიტკბარუნებ პირს, რა თქმა უნდა, ესეც სასწაულია.
– არა, არა, მეუფეო!
– აბა, იქნებ, გამოვიცნო – მზე ამოიწვერა და ახალი დღე გაგვითენდა. ზღვა კი ლაჟვარდისფერია. ეს არის სასწაულთა სასწაული.
– მბრძანებელო, ადამიანია ცაში!