Blog Archives
ნინა, კოკო და N5
ვისაც ჩემი ნაწერი მოსწონს და მკითხულობს ხოლმე, კარგი გემოვნება უნდა ჰქონდეს და, აბა, ნინა სიმოუნიც (Nina Simone/Eunice Kathleen Waymon) უნდა უყვარდეს, წესით.
ამიტომ მასზე ახალს ვერაფერს დავწერ. ერთ-ერთი უშესანიშნავესი მუსიკოსი, არაჩვეულებრივი ვოკალისტი, ამერიკული ჯაზის, ბლიუზისა და არენბის ლეგენდა. ნინას მუსიკალური კარიერა ზიგზაგს მიჰყვებოდა. ის ხან საარაკოდ პოპულარული იყო, ხანაც მცირე და ერთგული აუდიტორიის იმედად რჩებოდა. ხან კონცერტი კონცერტს სდევდა, ხანაც, განგებ თუ ბედის ძალით, ისვენებდა. ხან მდიდარი იყო, ხან გაკოტრების პირას იდგა. ხან თაღლითი იმპრესარიოები ძარცვავდნენ, ხან თავად მალავდა შემოსავლებს და აშშ საგადასახადო უწყებას ბარბადოსსა თუ ლიბერიაში ემალებოდა.
ეს ყველა იქეთ იყოს, სხვა ამბავზე მინდა დავწერო. თუ როგორ შეხვდნენ ნინა სიმოუნი და “კოკო შანელი” ერთმანეთს და რა გამოვიდა აქედან.
ჭამა რომ სექსი
9 1/2 კვირა ბევრს გექნებათ ნანახი. ბევრს კიარადა, ალბათ – ყველას. და რაკი ნანახი გაქვთ, ჭამის სცენაც გემახსოვრებათ. საკულტო სცენა, მრავალგზის პაროდირებული და კოპირებული. კოპირებული არამხოლოდ ეკრანზე.
მართლაც მშვენივრადაა გადაღებული – მიქი რურქის ხელში და ქიმ ბეისინჯერის სხეულზე საკვები მართლაც დიდ ეროტიკულ იარაღად იქცა, გამორჩეულად ხომ მაინც – ხენდრო, მაგრამ ხენდრო, არამხოლოდ ვიზუალურადაა ასეთი მიმზიდველი. ფილმები იქეთ იყოს და ექიმები ამბობენ, რომ ეს კენკრა C ვიტამინითაა მდიდარი და არაჩვეულებრივი ანტიოქსიდანტია, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, რაც პოტენციისთვისაა კარგი, ხოლო შოკოლადთან შეწყვილებული ხენდრო სექსუალურ ლტოლვასა და ვნებებსაც აძლიერებს.
გოიმი და ღმერთი
შაბათის პოსტი
მისი ცხოვრების ძნელბედობის ჟამს ლარი გოპნიკი რაბინ ნაჰნერთან მივიდა უფლის რაობა რომ შეემეცნა.
- როგორ გვესაუბრება ღმერთი? რა ხერხებით მოაქვს სათქმელი ჩვენამდე? კარგი კითხვაა… – რაბინმა ფაიფურის ფინჯნიდან ჩაი მოსვა, – ლი სასმანს ხომ იცნობ?
- დოქტორ სასმანს? ვფიქრობ… კი, ვიცნობ.
- გოიმის* კბილების ამბავი არ მოუყოლია შენთვის?
-
*goy – გოიმი ებრაულში უცხოს, არა-ებრაელს აღნიშნავს.
- არა… ვინ გოიმის?
- მაშ ასე, მომისმინე… ერთ მშვენიერ დღეს ლი სამსახურში იყო… ხომ იცი, სტომატოლოგიური კლინიკა აქვს… ჰოდა, სამსახურში იყო და ერთი მისი პაციენტის, ვინმე რასელ ქრაუსის კბილების ყალიბი აეღო – ხიდის დასამზადებლად სჭირდებოდა. თაბაშირი გაშრა, ლიმ ყალიბი დაათვალიერა და უცნაური რამ შენიშნა – ქვედა ყბაზე საკბეჩი კბილები რომ გვაქვს, მის პაციენტს ზედ რაღაც ნიშნები ჰქონდა ამოტვიფრული. შიდა მხარეს. სასისკენ. კარგად დააკვირდა და რას ხედავს – ასეოებია: He, Vav, Shin, Yud, Ayin, Nun, Yud. რა გამოვიდა? – “Hwshy ‘ny” – “მიხსენი”, “გადამარჩინე”. ეს გოიმის პირია, ლარი, ხომ არ დაგავიწყდა?
იე-იე, ლოლიტები!
გახსოვთ სამოციანები? რა დრო იყო, რა დრო. რა მუსიკა, ან რა ფილმები და რა ქალები!
არ გახსოვთ? გამაზეთ, ხომ?
არც მე მახსოვს. მაგრამ კარგად ახსოვს ბერნარდო ბერტოლუჩის, რომელმაც იმ ეპოქის სურნელი აღადგინა ფილმში “მეოცნებენი”… თუმცა, ამ პოსტს ბერტოლუჩის ფილმზე არ ვწერ. ამ პოსტს ვწერ პარიზულ 60-იანებზე, იე-იე ეპოქა რომ ჰქვია.
Yé-yé პოპ-მუსიკის ის სტილია, 60-იანების საფრანგეთში რომ იშვა და ცოტა სხვა ქვეყნებსაც მიეწუწა. იე-იეს მამა სერჟ განსბურია – ის რომ არა, ამ მუსიკას მოისმენდნენ და იმ სეზონის ბოლოსვე მიივიწყებდნენ, მაგრამ ფრანგული სცენის ეს გენიალური ხულიგანი ხომ ყველაფრიდან მოვლენას ქმნიდა. თავად განსბური პოპ სიმღერებს ნაკლებად ასრულებდა (მხოლოდ დუეტებში და მხოლოდ – ლამაზ ქალებთან ერთად), მაგრამ სიამოვნებით წერდა ასეთ სიმღერებს სხვა მომღერლებისთვის (ისევ და ისევ – მხოლოდ ლამაზი ქალებისთვის)
და ეს სიმღერები ჰიტდებოდა ხოლმე. ამიტომაც მიუყვანა პოეტმა რობერტ გალმა განსბურს მისი ბაღანა და სთხოვა, მიდი ერთი შენებურად რამე ჰიტი დაუწერეო. ფრანს გალი (Isabelle Geneviève Marie Anne Gall / France Gall) მაშინ სულ 16 წლისა იყო და ჯაზ-მომღერლობა სურდა. სერჟ განსბურმა ერთი კი გაიფიქრა, ამ გოგოს ჯაზში არაფერი ესაქმებაო, მაგრამ, რაკი გალის პროდიუსერი დენის ბურჟუა განსბურის პროდიუსერიც იყო – მოვიფიქრებ რამესო – უარი არ თქვა. რამდენიმე წლის განმავლობაში განსბურის ხელში გალმა რამდენიმე ალბომი გამოსცა და მრავალი ჰიტი ჩაწერა, 1965 წელს კი ევროვიზიის კონკურსშიც გაიმარჯვა. ღმერთმა უწყის, კიდევ რა ხანი გაგრძელდებოდა მათი თანამშრომლობა, (ეჭვი მაქვს, ბოლოს დაქორწინდებოდნენ კიდეც – იე-იე მუსიკალური ოჯახები იე-იე ეპოქის ტრადიციად იქცა), მაგრამ განსბურს გული როგორ გაუძლებდა, რომ არ ეხულიგნა – 1966 წელს მან და გალმა გამოუშვეს ალბომი Les sucettes, ამავე სახელწოდების სიმღერით. Les sucettes ფრანგულად საწუწნი კანმფეტია, სიმღერა კი იმაზეა, თუ როგორ უყვარს პატარა გოგოს, ანის წუწნა, როგორ იღვრება მის ყელში ტკბილი სითხე ანისის არომატით და როგორ გრძნობს ანი ასეთ დროს, რომ – სამოთხეშია (ანი ფრანს გალის ნამდვილი სახელი იყო)… იმას, რაც ახლა თქვენ ყველანი მიხვდით, ვერც ფრანს გალი მიხვდა და ვერც უმრავლესობა საფრანგეთში, მომღერალი სიმღერის ფარულ აზრს მხოლოდ იაპონიაში გასტროლებისას ჩაწვდა… ჩაწვდა რა – იაპონლები შეშფოთდნენ, რომ ეს ყველაფერი ტელევიზიით უნდა გადაეცათ და გოგონასაც მიანიშნეს… და აქ დამთავრდა ყველაფერი. Read the rest of this entry
ქალის პორტრეტი ბობ დილანის კედელზე
ერთხელ ბობ დილანმა ლამაზი გოგოს ფოტო ნახა. მაღალი გოგო იყო. თხელი. დიდი გიტარა ეჭირა და ნუშის ფორმის ნაცრისფერი მეოცნებე თვალები ჰქონდა.
- ვინ არის? – ჰკითხა მეგობარს.
- მომღერალია, ფრანსუაზ არდი.
- ფრანსუაზ არდი… გაიმეორა დილანმა.
ფრანგული ღვინითა და პარიზის არომატით მთვრალს ფიქრები წამოეშალა, სტრიქონებად დაეწყო და ქაღალდზე დაეღვარა:
სიყვარული, პოლიტიკა, კბილის ექიმი და პრემიერ-მინისტრი
ამ ცოტა ხნის წინ იტალიის ყოფილ პრემიერს, მილიარდერსა და ფეხბურთის მოყვარულს, სილვიო ბერლუსკონის სასამართლომ ფინანსური მაქინაციებისა და გადასახადებისგან თავის არიდების გამო 4-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აქედან 3 წელი ამნისტიამ შეჭამა და დონ სილვიოს – როგორც იტალიაში უწოდებენ ექს-პრემიერს – ციხეში ერთი წლის გატარება მოუწევს (თუკი აპელაციმ არ უშველა ან ხელახლა არ გაპრემიერდა).
არ ვიცი, ბევრს დაწყდება ბერლუსკონის დატუსაღებაზე გული, თუ – ცოტას. ალბათ – ეწყინება პუტინს, ბერლუსკონის ძველ მეგობარს, შესაძლოა – “მილანის” გულშემატკივრებს (თუმცა, ბოლო ხანებია ბერლუსკონიმ კლუბი მიაგდო, ფულს არ ახარჯავს და ერთ დროს მრისხანე “მილანი”ფრიად გაფარჩაკებულად გამოიყურება), ექს-პრემიერის პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს (ნაწილს მაინც) დაწყდებათ გული, შვილებს, მეგორებს, ახლობლებს და, ცხადია –
ჟურნალისტებს, რომელთაც სილვიო ბერლუსკონი მუდამ ამარაგებდა ცხელ-ცხელი ამბებით და ახლა ერთი წელი ძალიან გაუჭირდებათ… მაგრამ ვისაც დონ სილვიო ნამდვილად მოენატრებათ (უნდა მოენატროთ), იტალიელი ლამაზმანები არიან – ამ კაცმა ხომ მრავალ მათგანს დიდი პოლიტიკის კარი გაუღო. “ბრლუსკონის ქალებზე” სხვა პოსტშიც (პოლიტიკოსი, რომელიც გიყვარს) ვწერდი, ახლა ბონუსად კიდევ ერთი მათგანი მინდა, გაგაცნოთ – ნიკოლ მინეტტი (Nicole Minetti, როგორც კატა მატროსკინი იტყოდა – გვარია ეგეთი). ეს ქალბატონი პროფესიით დანტისტია, ორი წლის წინ უმკურნალა პრემიერის ჩამტვრეულ კბილს და ისე კარგად, რომ, არსუკისძის წესით, მკლავი თუ არა თითები მაინც უნდა მოეჭრათ მისთვის, მაგრამ დონ სილვიომ სხვა გამოსავალი ნახა, სტაცა ხელი და სტომატოლოგიური კაბინეტიდან პირდაპირ ლომბარდიის
რეგიონალურ პარლამენტში შეაგდო (მადლობა ღმერთს, სწორედ ადგილობრივი არჩევნების პერიოდი იყო იმხანად), თან დაპირდა, მანდ დიდხანს არ გაგაჩერებ, იტალიის პარლამენტის არჩევნები რომ იქნება, პარტიულ სიაში ჩაგსვამო… მაგრამ, გარნა წუთისოფელი დააცდის ადამიანს ბედნიერებით დიდხან ტკბობასა?
კატების ქალაქი, რომელიც ძაღლებმა გადაარჩინეს
მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ
***ნაწილი 7 და ბოლო***
მოჰამედის კატები და დაჩიპული ძაღლები
სტამბოლი კატების ქალაქია. ამბობენ, რომ მოჰამედს უყვარდა კატები, აქედანაა, ალბათ, თურქების მათადმი სიყვარულიც. თბილისელი ქუჩის კატები თუ მშიშრები არიან და ადამიანს უფრთხიან, სტამბოლში – სხვა საქმეა. ეს ქალაქი მათია. ოთხთათები მუდამ ორფეხებს შორიახლო დაცუნცულებენ და ხელებში შეჰყურებენ სასუსნავის მოლოდინში.
სტამბოლის მიწაზე დავდგი ფეხი თუ არა, სირქეჯის სადგურში ერთი კატა ამედევნა ძაღლივით და სანამ იქაურობას ვათვალიერებდი, გიდობას მიწევდა. ჩემი ბაბუის ბაბუა და კიდევ იმისი ბაბუა სადგურში მუშაობდა თაგვების რისხვად და თავისი ორი თვალით დაინახა, როგორ ადიოდა ერკიულ პუარო “აღმოსავლეთის ექსპრესშიო”, – ასე მითხრა.
კატებს ნახავთ ყველგან – სასტუმროებსა და კაფეებში, მუზეუმებსა თუ მეჩეთებში. მიდიხარ და რომელიღაც პატივსაცემი იმამის აკლდამაში კატების მთელს ოჯახს გადაეყრები ერთი დუჟინი კნუტებით… არც არვინ ყრის იქედან, პირიქით – პატრონობენ. ჩვენში, მახსოვს, ვინმემ ფოტო ატვირთა ფეისბუქზე – ხატთან ჩამომჯდარი კატა და მახსოვს კომენტარები და ალიაქოთი.
სტამბოლი: მეტი კომფორტი ტურისტს
მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ
***ნაწილი 6***
ქალაქი, სადაც სიფრთხილეს არ სტკივა თავი
სტამბოლური ციკლის დასრულებას თურქეთის ტურიზმის პოლიციის რჩევებით ვგეგმავდი, მაგრამ ახლა, როცა ამდენი კარგი ვთქვი ამ ქალაქზე, არ მინდა, ვინმე შევაშინო, თან თურქეთში მეექვსედ ვიყავი (სტამბოლში – მეოთხედ) და ჩემი შთაბეჭდილებით, მშვიდი ქვეყანა, უაღრესად კეთილგანწყობილი და სტუმართმოყვარე ხალხია, ყოველთვის უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს (ხეზე ვაკაკუნებ) და არც პრობლემა შემქმნია რამე ამ მხრივ (ისევ ვაკაკუნებ
), ამიტომ, მარტივად გეტყვით – ისერინეთ, თუ გესეირნებათ, იმღერეთ, თუ გემღერებათ, ჩაიცვით რაც გნებავთ, მხოლოდ, მოუხმეთ ელემენტარულ გონიერებასა და სიფრთხილეს, რაც არსადაა ზედმეტი და სავსებით საკმარისია, რომ სტამბოლში შარში არ გაეხვიოთ:
- ცენტრალური ქუჩები, ტურისტული ადგილები ღამით კარგადაა განათებული, ბევრგანაა კამერები, პოლიციაც პატრულირებს, მაღაზიის ვიტრინებიც გაჩახჩახებულია, ხშირად, პატრონიც იქვეა. აქ სეირნობა უსაფრთხოა, მაინცადამაინც რომელსამე ჩებნელებულ ჩიხში ან უცნობ ეზოში ნუ დურთავთ თავს – ესაა და ეს;
- ქუჩაში ძარცვა იშვიათობაა, მაგრამ ჯიბის ქურდბაცაცები კი ბევრია, ამიტომ საფულე, კამერა, მობილური, ტაბლეტ-კომპიუტერი… უყურადღებოდ არ დატოვოთ. დიდი რაოდენობის ფულის ტარება თან სრულიად ზედმეტია – АТМ ყველა ფეხის ნაბიჯზეა და პლასტიკურ ბარათებსაც (განსაკუთრებით Master Card-სა და VISA-ს) ყველგან იღებენ;
- ერიდეთ უცნობი ადამიანებისგან “მაცდურ” შემოთავაზებებს – წავიდეთ, კარგი რესტორანი ვიცი და მეგობრობის სადღეგრძელო დავლიოთ, მაგარი ნაშები ვიცი იაფად, წამო ვიგრიალოთ და ა.შ. – თუ ღამის გართობა გსურთ, სტამბოლში ბევრი კარგი კლუბია, სადაც დრეს-კოდია, დაცვაა, კარგი პუბლიკაა, მათ ჩამონათვალს ტურისტულ გაიდში ბევრს ნახავთ;
- სადმე ბარში, შესაძლოა, გაიცნოთ კარგად ჩაცმული, მომხიბლავი მანდილოსანი, რომელსაც, თითქოს, თქვენსავით დროის გატარება და გართობა სურს და უარზე არაა, საღამო საინტერესოდ გაგრძელდეს,
ყველაფერი კი (შესაძლოა) დამთავრდეს იმით, რომ ბარში/კლუბში არანორმალურად ძვირი ჩეკის გადახდა მოგიწიოთ და მეტს ვერც ვერაფერს გამორჩეთ… ისე, მამაკაცი-კლიენტების გაწეწვის ეს მეთოდი – სატყუარით, ჩვენთან რაღაც ვერაა მთლად კარგად ათვისებული.
;
სტამბოლი გასტონომიული
მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ
***ნაწილი 5***
არაფერია ისე იოლი სტამბოლში, როგორც ზედმეტი წონის აკრეფა, ამიტომ ბევრი იარეთ ფეხით და მცირეკალორიული რამეები ჭამეთ.
მაგრამ ეს მეორე ოჰ, რა ძნელი შესასრულებელია! თურქებს ძალიან უყვართ სალათები – თქვენც გირჩევთ. არ დაგამძიმებთ და არ მიგაძინებთ. ტრადიციული სეზონური მევსიმ სალათასი (Mevsim salatası) მართალია თურქული ბოსტნეულით კეთდება და ჭოპორტის პომიდორს ვერ მოგართმევენ, მაგრამ მაინც საღი და გემრიელია.
თუ ადრე ადგებით, შეგიძლიათ ბოსფორიდან მზის ამოცურვით დატკბეთ და თან ბალიქ-ექმექით (Balık Ekmek – “თევზი და პური” – თევზის სენდვიჩია) წაიხემსისაუზმოთ. სანაპიროზე (და არამარტო) ყოველ ფეხის ნაბიჯზე ამზადებენ მიდიებს. ცხარეა და გემრიელი.
თუკი თევზი გიყვართ, ეწვიეთ ქუმქაფის (Kumkapi) უბანს მარმარილოს ზღვის სანაპიროზე. ეს ადგილი ცნობილია არცთუ ურიგო და არცთუ ძვირი თევზის რესტორნებით; თევზის კერძებს მოგართმევენ გალათას ხიდის ქვეშ განლაგებულ კაფე-რესტორნებშიც და თევზის მშვენიერი რესტორნები არის ხიდს გაღმა, ბეიოღლუს რაიონში, მაგრამ, წინა ნაწილშიც ვწერდი – ეს ბოლო “პეროიანი” რაიონია და ფასებიც, ცხადია, უფრო მაღალია. ზოგადად (ისევე როგორც თბილისში) “პრესტიჟულ”, ტურისტულ, გაპიარებულ უბნებში, ქუჩებსა და ადგილებში ფასები 2-3-ჯერ და კიდევ მეტჯერ მაღალია იმ ადგილებთან შედარებით, სადაც, მეტწილად, ადგილობრივები დადიან, თან სულაც არ იგულისხმება, რომ ძვირიან დაწესებულებებში მომსახურება უკეთესია – როგორც წესი, მომსახურება სტამბოლის ყველა წესიერ და სინდისიერ ობიექტში ძალიან კარგია. ეგ კი არა, ქუჩის მზარეულ-გამყიდველი ისე მოგიმზადებთ დონერ-ქებაბს (ჩვენებურად – შაურმას) ან ქეშთანეს (წაბლს) ისე შეგიწვავთ, რომ ფამუქის მოწონებული.
ნიშანთაშიში უამრავი კარგი რესტორანია. ყველა – საგრძნობლლად ძვირი.
თაქსიმიც – იგივე.
სტამბოლი შოფინგური
მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ
***ნაწილი 4***
ბაზრობები
ვხედავ, რომ ჩემს სტამბოლულ პოსტებს ბევრი ადამიანი კითხულობს, იმასაც ვხედავ, რომ ბევრი კითხვას შუიდან იწყებს
– მე-3 ნაწილის მკითხველთა რაოდენობა ლამის ორჯერ სჭარბობს პირველისას, ჰოდა საგანგებოდ მათთვის და ვინც კითხვას აქედან იწყებს, მათთვისაც, უნდა გავიმეორო, რაც უკვე დავწერე: ეს პოსტები ძალიან სუბიექტურია და თუკი ჩემი გემოვნება, ჰოი საკვირველებავ და არ ემთხვევა თქვენსას, გული ნუ მოგივათ. ახლა კი, გავიდეთ საშოფინგოდ.
სტამბოლის დიდი ბაზრის (Kapalıçarşı/Grand Bazaar) ნახვა ერთხელ მაინც ღირს, მითუფრო, რომ “ძველი ქალაქის” ბეიაზითის უბანშია და შორს წასვლა საჭირო არაა – თუნდაც ქუჩაში სეირნობისას გადააწყდები… ნახვა კი ღირს, მაგრამ რამდენად ღირს ვაჭრობა – ეს უკვე მეორე ამბავია. ინტერნეტ-ვაჭრობისა და ამერიკული მაღაზიების მიერ შემოთავაზებული 70%-იანი ფასდაკლებების ფონზე, სტამბოლის ბაზარში ტანსაცმლის ყიდვა სისულელე მგონია. რაც კარგია – იაფი არ იქნება და რაც იაფია – ან არ ვარგა ან, უბრალოდ, ფეიქია…
ვისაც საკუთარი თავის მოტყუება სურს, გრანდ ბაზარზე კიდევ უკეთესი ადგილიც მეგულება – ლალელისა და აქსარაის უბნები. “ჩელნოკები” ყოფილი სუსურუკუდან სწორედ ამ ადგილებს ეტანებიან. აქ სიიაფეა (სასტუმროების მხრივაც), ბევრი რუსულად მოლაპარაკე თურქი და არათუქრია და, საერთოდაც, ძალიან კარგად ნაცნობი “სავოკური” სიტუაციაა.
და ქუჩებია თავად ბაზრობა. სხვათა შორის, მოვაჭრეთა დიდი ნაწილი აფრიკიდანაა შემოხიზნული. რას არ ნახავთ აქ, რაგინდასულოდაგულო იმ “ბრენდს”, მაგრამ 15 ლარიანი “ლაკოსტი” და “არმანი” ლილოშიც ბევრია.
თუმცა, თურქეთში მომსახურებაა უკეთესი და ძალიან სწრაფი (მაქდონალდსაც შეშურდება) – მაგალითად, ტიპი გთავაზობს პოლო-რალფ ლორენის პერანგს. შენ ცხვირს იბზუებ – ეგ ბრენდი არ მევასებაო… იქვე, შენს თვალწინ ააცლის ცხენზე შემომხტარი კაცის ლოგოს და არწივს მიაკრავს და – უკვე არმანია.
- დოლმაბაჩეს მუზეუმის ბილეთის რიგში ოთხი დაქალი იდგა, მგონი – რუმინელები. ერთს LV-ის ჩანთა ეჭირა, მეორეს – CK-სა, მესამეს MK-ის და მეოთხეს კი – CD-ის… ეტყობოდათ, რომ წინა საღამოს სარფიანად ევაჭრათ აქსარაიში.
(ყურბან-ბაირამის დღეები იყო და გრანდ ბაზარი – დაკეტილი).
ფოტოობიექტივში დანახული სტამბოლი
მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ
***ნაწილი 3***
სტამბოლის ტურისტული ადგილების (ღირშესანიშნაობებს რომ ვეძახით) ჩამონათვალს ნებისმიერ ონლაინ სითიგაიდში ნახავთ (თუნდაც, აგერ ამ გვერდზე) შემდეგ კი, გემოვნებისა და ინტერსების ამბავია – ჩემთვის, რომის იმპერიის დიდი მოყვარულისთვის, შეიძლება, იმდროიდნდელი კენჭიც კარგი სანახავი იყოს, სხვამ კი არად ჩააგდოს, ამიტომ, მხოლოდ რამდენიმე პრაქტიკული რჩევა მაქვს:
მუზეუმები და მეჩეთები
- წინა დღით დაგეგმეთ მომდევნო დღე: სად წახვალთ, როგორ წახვალთ, როდის წახვალთ და რას ნახვთ – სტამბოლი უზარმაზარი ქალაქია და სანახავი – ძალიან ბევრი, ცოტა მეტი ორგანიზებულობა გაგიადვილებთ საქმეს. ტრანსპორტის სქემა ნახეთ. მისამართები ამოიწერეთ (ადრეც დავწერე და კიდევ გავიმეორებ – GPS-ოფლაინ რუკა მობილურში ან ტაბლეტში – მეტი რომ არ შეიძლება, ისე დაგეხმარებათ!).
- ისეთი მუზეუმები, როგორიცაა არქეოლოგიური ან თოფქაფეს სასახლე – უმდიდრესია. პირველს 4 საათის განმავლობაში ვათვალიერებდი, მეორეს – დაახლოებით 3 საათი. დღეს რომ დაგეგმავთ, ესეც გაითვალისწინეთ.
- სტამბოლის მუზეუმების დიდი ნაწილი ორშაბათობით დაკეტილია, ზოგიერთი – სხვა დღეებში, ზოგი 4 საათამდე მუშაობს, ზოგიც – უფრო გვიანობამდე – სანამ სასტუმროდან დაიძრებით, გადაამოწმეთ.























