Blog Archives
როდესაც ქალი ჩამოჰგავს ნიანგს…
მე ის მიყვარს ![]()
კატრინ მალანდრინო (Catherine Malandrino) ფრანგი დიზაინერია, ძალიან ნიჭიერი, ლამაზი და წარმატებული. ის მხოლოდ ქალებისთვის ქმნის, ამიტომ, უცნაურია ახლა მასზე რომ ვწერ, მაგრამ, ჯერ ერთი, კარგა ხანი ველოდე ქალების მოდაზე მოპოსტავე ბლოგერებს და ვითომც აქ არაფერიაო, მალანდრინოზე კრინტს არ ძრავენ, მეორეც, კატრინ მალანდრინომ შექმნა საზაფხულო კოლექცია “ლაკოსტისთვის”, “ლაკოსტი” და ჩემი ბლოგი კი განუყრელი მეგობრები არიან.
კოლექცია (რაც ჯერ-კიდევ დარჩა გასაყიდად
) შეგიძლიათ, იხილოთ:
სათვალიანი პოსტი
ერთი სათვალიანი პოსტი უკვე დავწერე ადრე (ჩამიპაჭუნე თვალი, ილარიონ). ეს პოსტიც სათვალიანი იქნება და ბლოგის სათვალიან მკითხველებს უფრო დააინტერესებს ან იმ მკითხველებს, რომლებსაც სურთ, გახდნენ სათვალიანები.
მეორე სათვალიანი პოსტიც პირველის მსგავსად უნდა დამეწყო - ახლაც, როგორც მაშინ, ინტერნეტ-მაღაზიაში ვიყიდე “ლაკოსტის” სათვალის ჩარჩო, ახლაც, როგორც მაშინ, ჩამოვატანინე USA2GEO-ს, ახლაც, როგორც მაშინ, წავედი “რონიკოში” და… მსგავსებაც ამით დასრულდა. “რონიკოში” შორს დაიჭირეს – ასეთ ჩარჩოში, –3-ზე მაღალნომრიან ლინზას ვერ ჩავსვამთო. არაფერი გამოვაო…
ჩემი ახალი ჩარჩო ე.წ. rimless/drill-mount ანუ უფერსო ტიპისაა. ლინზა უნდა მოიჭრას, ირგვლივ კიდეები გაპრიალდეს (რომ ყოველი მხრიდან გამჭვირვალე გახდეს), გაიხვრიტოს და საგანგებო პლასტმასის კავებით (საჭერებით) სათვალის “ყურები” და ცხვირის ძგიდე ზედ დამაგრდეს - შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ტიპის ჩარჩო კი არ იჭერს ლინზებს, არამედ ლინზები იჭერს ჩარჩოს… რა თქმა უნდა, ეს ყველა გაწაფულ ხელს, ცოდნასა და შესაფერის დანადგარებს მოითხოვს. იოლი არაა, მაგრამ არც შეუძლებელია.
ჩამიპაჭუნე თვალი, ილარიონ
ჩამიპაჭუნე აბა თვალი, თუ შეგიძლია.
ნოდარ დუმბაძე. “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”
ბევრი-ბევრი წლის წინ ავტობუსში ვიდექი უკანა ფანჯარასთან, ხელში სასკოლო ჩანთა მეჭირა, ერთ ჯიბეში “პრაეზდნოი” მედო, მეორეში – საკორჟიკე 40 კაპიკი და სუფთა სინდისით, წრფელი გულითა და მახვილი მზერით გავცქეროდი მანქანებს ქუჩაში… უცებ მივხვდი, რომ ნომრებს ვერ ვხედავ… აი, იმწამს მშვენივრად ვარჩევდი და ამწამს უკვე ვეღარ ვარჩევ, ორიანია… ხუთიანია… სამიანია, თუ რა ჯანდაბაა… ასე დამეცა, მეცნიერულის ენით რომ ვთქვათ, მიოპია და მდაბიურ ენაზე რომ ვთქვათ – ახლომხედველობა (მოგვიანებით ექიმი დაჟინებით მიმტკიცებდა – ეგრე არა ხდება, ალბათ ნელ-ნელა გაგიუარესდა და ვერ შენიშნეო, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ზუსტად ისე, ერთბაშად მოხდა, როგორც ახლა მოვყევი).
ბებიაჩემმა თქვა, რატომ არ დამეფსა თვალები, სადილობის დროს რომ კითხულობ აი, სულ მაგის ბრალიაო (მაგის ბრალი ის იქნებოდა, კუჭი რომ ამშლოდა, თვალი რა შუაშია?), არადა, შესაცხადებელი რა ჰქონდა – რაც თავი მახოვს, სწორედ მის სახლში, მის საწერ მაგიდაზე ვათვალიერებდი ატელიეში გადაღებულ ერთ ძველ ფოტოს. ფოტოზე კოხტად, ევროპულ მოდაზე გამოწყობილი წყვილი იყო – ჩემი დიდი ბებია და ბაბუა – მამაკაცი კოსტიუმში, ბაფთითა და პენსნეთი.
ნიანგები ბრაზილიიდან
გასული წლის მიწურულს კომპანია Lacoste-მა წარმოადგინა პოლოების საკოლექციო ნიმუშები, რომლებიც თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრაზილიელი დიზაინერების ფერნანდო და უმბერტო კამპანასთან (Fernando & Humberto Campana) თანამშრომლობის შედეგია.
კოლექცია ექსკლუზიურია. სულ 125-125 ცალი პოლო ქალისა და მამაკაცისთვის, პლუს განსაკუთრებულად შეზღუდული რაოდენობის 12-12 ცალი პოლო ქალისა და მამაკაცისთვის, რომლის ფასიც დაახლოებით 20’000 აშშ დოლარია. ამონაგები მთლიანად საქველმოქმედო მოზნებისთვისაა განკუთვნილი და ნიანგების დაცვას მოხმარდება (Lacoste მონაწილეობს კამპანიაში “იხსენი შენი ლოგო”, რომელიც ბუნების დამცველი ორგანიზაციის Noah World-ის ინიციატივით დაიწყო), სწორედ ამიტომ, კოლექციის პირველ გამოფენას პარიზში გარემოს დაცვის სამინისტრო მასპინძლობდა.
Fashion Bazaar
მომეცით საკმარისი ფული, ნუ შემიშლით ხელს და მთავარ სანიტარულ ექიმსაც კი დავარწმუნებ, მკვდარი კატების პარტია შეიძინოს.
“მეექსვე კოლონა”, რობერთ ჰაინლაინი
თანამედროვე მოდა დიზაინერთა და მარკეტოლოგთა ერთობლივი შემოქმედების პროდუქტია და ცალკეულ შემთხვევაში, ნამდვილად არაა იოლი, იმის თქმა, ვისი წილია ერთმნიშვნელოვნად მეტი…
ანგლო-საქსური, ბუნებით დემოკრატიული და საყოველთაო მოდის გაბატონებამ მსოფლიოში, ერთის მხრივ და ამასთან დაკავშირებულმა მოდის ინდუსტრიის გლობალიზაციამ და უნივერსიალიზაციამ, მეორეს მხრივ, სწორი მარკეტინგური სტრატეგიის, ბაზრის ზუსტი სეგმენტირების, მიზნობრივი მომხმარებლების გამოკვეთისა და მათზე სწორი ფოკუსირების როლი იმდენად გაზარდა, რომ ძლიერ მარკეტოლოგთა გუნდის ყოლა ნებისმიერი მოდის სახლისთვის, ლამის, საუკეთესო დიზაინერის ყოლის ტოლფასია.
მოდას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, მაგრამ ფეშენ-ბრენდების მარკეტინგული მართვის გამოცდილება დაახლოებით 100 წელს მოიცავს. ზოგადად, თანამედროვე მოდის ბაზარს რამდენიმე სექტორად ყოფენ – სხვადასხვა სექტორში მოთამაშე კომპანიები რეალიზაციისა და წარმოების განსხვავებულ სტრატეგიას იყენებენ.
Lacoste: ყველაზე ცნობილი ნიანგი მსოფლიოში
უნდა გამოგიტყდეთ, ნიანგების დიდი მოყვარული არასდროს ვყოფილვარ და რეპტილიებისადმი დამოკიდებულება, ჩემს ბავშვობაში მეტად პოპულარულმა ნიანგმა გენამაც კი ვერ შეცვალა… მაგრამ რაც გენამ ვერ შეძლო, ის რენე ლაკოსტმა მოახერხა.
რენე ლაკოსტი (Jean René Lacoste) გასული საუკუნის დასაწყისის დიდი ფრანგი ჩოგბურთელი იყო. პარიზელი დენდი, დახვეწილი მანერებითა და ელეგანტური სამოსის სიყვარულით, კორტზე და კორტს გარეთ ერთნაირად ბრწყინავდა – ასე რომ, გასაკვირი არაა ლაკოსტის სურვილი, ჩოგბურთის მოთამაშეთა მაისური უფრო მოხერხებული და იმავდროულად მოხდენილი ყოფილიყო.
1927 წლიდან მოყოლებული, ის კორტზე საკუთარი დიზაინით შექმნილ სპორტულ ტანსაცმელში გამოდიოდა, ჩოგბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ კი, 1933 წელს რენე ლაკოსტმა La Société Chemise Lacoste („ლაკოსტის პერანგების კომპანია“) დააფუძნა და, საფეიქრო ფაბრიკის მფლობელ ანდრე ჟილესთან ერთად, სპორტული პერანგების წარმოება დაიწყო. ამავე დროს, რენე ლაკოსტი არა მხოლოდ კარგი დიზაინერი აღმოჩნდა, არამედ მოდის დიდი ნოვატორიც – მანამდე ფირმის ლოგოტიპის ან დასახელების სამოსის ზედაპირზე გამოტანა არ ხდებოდა. პირველად ეს სწორედ ლაკოსტმა გააკეთა.
Be Genuine: “ლაკოსტის” პერანგი-პოლო
„ლაკოსტის“ (Lacoste) პოლო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერანგია მსოფლიოში და ერთ-ერთი ყველაზე გაყალბებადიც. ყალბისმქმნელებთან საბრძოლველად კომპანია ყოველწლიურად 4 მილიონ ევრომდე ხარჯავს, მაგრამ თუ ამ თანხას ჩინეთის მილიარდზე მეტ ზრდასრულ მოსახლეზე გავყოფთ – ეს სულ არაფერია, ამიტომ, ურიგო არ იქნება, „ლაკოსტის“ პოლოს (და, ცხადია, სხვა პროდუქციის) ყიდვისას თუ სიფრთხილეს და დაკვირვებას გამოვიჩენთ და რამდენიმე რჩევასაც გავითვალისწინებთ.
„ლაკოსტის“ კლასიკური პოლო (polo) – ესაა მაღალი ხარისხის ფაფუკი ბამბის პერანგი, საყელოთი და ორი ან სამი ღილით. კლასიკური პოლო შეკერილია საგანგებო მეთოდით, რომელსაც პიკე (Piqué) ეწოდება – ამ დროს ბამბის ნართი პერანგის ზედაპირზე ექვსფერდა მოზაიკას ქმნის, რომელიც ფიჭას მოგვაგონებს. თითს თუ გაუსვამთ, ასეთი ზედაპირი „ხორკლიანია“. ამდენად, თუ პერანგი უხეშია, შეიცავს სინთეტიკას, იოლად ელექტრიზდება, გლუვი „არაფიჭისებრი“ ზედაპირი აქვს – საქმე იაფფასიან იმიტაციასთანა გვაქვს.























