Blog Archives
სამი მუჭა ექსტაზისთვის
სამყარო ჩემს გაკიცხვას არ ლამობდა. სამყაროს არაფრად ვანაღვლებდი.
ირვინ უელში. “ექსტაზი”
NB!: პოსტი შეიცავს სფოილერს და არ შეიცავს არანორმატიულ ლექსიკას.
როდესაც ჰალგიმურ ჰელგასონზე დავწერე, იმ დროიდან შემომენახა პოსტის იდეა ირვინ უელშზეც (Irvine Welsh). უელში შოტლანდიელი მწერალია და, როგორც მიიჩნევენ, სწორედ მისმა შემოქმედებამ მოახდინა გავლენა ჰალგიმურის “101, რეიკიავიკზე”. ჩემი გემოვნებით, ჰალგიმური სჯობს, თუმცა, უელშის დიდებამდე ჯერ ბევრი უკლია. ირვინ უელში საკულტო ფიგურად იქცა და ნამდვილი თრენდსეთერია, გზის გამკვალავი არაერთი კონტრკულტურული პოსტმოდერნისტისთვის.
ფეხბურთის, ალკოჰოლური სასმელისა და ნარკოტიკის ფანები – ესენი არიან უელშის ნაწარმოების გმირები. ასეთი იყო თავად უელშიც. ახლა, როგორც თავად ამბობს, ნარკოტიკებს აღარ ეკარება, თუმცა, თემა რომ იცის, კი ჩანს.
სტილისტურად განსხვავებული წიგნები აქვს. მოდი, ოთხს მიმოვიხილავ მოკლედ და თავად გადაწყვეტთ, სათქვენოა თუ – არა.
წერა მისტიკური პროცესია. ყოველი წიგნი, რაც დავწერე, განსხვავებულადაა დაწერილი. ჩემთვის არ არსებობს განსაზღვრული დრო, წესი… ვერ ვიტყოდი, რომ ყოველ ჯერზე ახლიდან ვიგონებ წერის პროცესს, მაგრამ თითქმის ასეა. მიყვარს ის თავისუფლება, ცარიელი ფურცელი რომ მანიჭებს.
ირვინ უელში. საუბარი ალან ბლექთან, 3AM Magazine, თებერვალი, 2004
სამი პაწია, კუდფუმფულა კნუტი
შაბათის პოსტი
ხშირად გამიგია, ქართული ზღაპრები ძალიან ბრუტალურია და ბავშვებს დატკბილულ-დამურაბებულად უნდა მოვუყვეთ, თორემ დიდ სულიერ ტკივილს მივაყენებთო. ერთი პატარა, ოქროსფერკულულებიანი ბიჭუნას ამბავიც ვიცი, მგელმა რომ პატარა ბეკეკა შეახრამუნა ის ზღაპარი იმდენჯერ მოასმენინეს, რომ, როცა გაიზარდა, კულულები დაცვივდა და წვერი ამოუვიდა, მიდგა და ასეულ ათასობით ადამიანი გაჟუჟა, ბეკეკას რატომ არ დაეხმარეთო… არ ვიცი, მართლა ზღაპრის ბრალი იყო თუ არა. ახლა ის კაცი წითელ მოედანზე აკლდამაში წევს მძნარე მზეთუნახავივით. მიდით და დაეკითხეთ.
მე კი მანამ კეთილ გერმანულ ზღაპარს მოგიყვებით, სამ პაწია, კუდბათქუნა და თათფუმფულა კნუტზე. ![]()
სამნი ვიყავით.
ჩაჯიბული დეტექტივები
აბეზარა სიტყვები ხომ არის – ტკიპასავით მოგეკვრებიან და ვერ იშორებ. აბეზარა ადამიანებიც არიან – აგეკიდებიან და – მტრისას, მაგრამ აბეზარა ფილმებიც არის, რამდენჯერაც არ უნდა ნახო, რომ არ გბეზრდება და აბეზარა წიგნებიც არის – რამდენჯერაც წაიკითხავ, ყოველთვის სიამოვნებით აგემოვნებ. ეგ ხომ უკვე წაკითხული გაქვს, ახალი წაიკითხე რამეო, – იტყვის ვინმე, მაგრამ განა ერთსა და იმავე სიმღერას რამდენჯერ ვატრიალებთ – ასეა წიგნიც. და მეორე წაკითხვაზე – როცა შინაარსი უკვე იცი და აბა, რით დამთავრდებაო, ინტერესი არ გკლავს, ახალ-ახალ რამეებს აღმოაჩენ ხოლმე და სულ სხვაგვარად გეგემრიელება. მესამედ რომ წაიკითხავ – კიდევ მეტად. და, რა ვიცი, რამდენჯერ კიდევ, სანამ არ მოგბეზრდება. კარელ ჩაპეკის (Karel Čapek) “ჯიბეებში ჩაკუჭული” მოთხრობები პირადად მე არა და არ მბეზრდება, აგერ, რამდენჯერა მაქვს წაკითხული. ახლა უკვე ქინდლშიც.
ბორდელების როლი თანამედროვე ლიტერატურულ პროცესში
წამო, ბილ, ბოზებში!
შერვუდ ანდერსონი – უილიამ ფოლქნერს
ნიუ ორლეანი, 1925 წელი
ვირჯინიის უნივერსიტეტის არქივში დაცულია უილიამ ფოლქნერის (William Cuthbert Faulkne) ლექციების, მკითხველებთან შეხვედრების და ზეპირი მოგონებების ჩანაწერები, მათ შორის ამბავი, თუ როგორ ანება თავი სარფიან ბუთლეგერობას და მწერლობას მიჰყო ხელი. 20-იანების შუაწელს, როცა ფოლქნერი ნიუ ორლეანერ ბუთლეგერთა მარაქაში იყო, კარიბის რეგიონიდან კონტრაბანდული შაქრის ლერწმის სპირტი შემოჰქონდა, სამზარეულოში “ხიმიკობდა” და მისგან ბურბონს, შოტლანდიურ ვისკისა თუ ჯინს ხდიდა, ის უკვე სახელმოხვეჭილ მწერალს, შერვუდ ანდერსონს გადაეყარა.
ამ დროს იყო, შერვუდ ანდერსონი რომ გავიცანი. იქვე, ნიუ ორლეანში ცხოვრობდა. ძალიან მომეწონა. აი, ისე, ადამიანს რომ შეხედავ და გრძნობ, ერთმანეთს კარგად შეეწყობით. თუ შუადღისას შევხვდებოდით ერთმანეთს, ჩამოვჯდებოდით სადმე პარკში სკამზე, ის ამბებს მიყვებოდა, მე კი ვუსმენდი. საღამო ჟამს ისევ შევიყრებოდით ხოლმე ერთ კარგად ცნობილ, ელეგანტურ ბორდელში, რომლის მადამი ((თბილისურად – მამაშა)) ლიტერატურის დიდი მოყვარული გახლდათ. ჩამოვჯდებოდით ჩვენ სამნი ეზოში, ვსვამდით ვისკის, შერვუდი გვიყვებოდა და მე ვუსმენდი, მერე მადამი გვიყვებოდა და ახლა მის ისტორიებს ვისმენდი. როცაკი მეორე დილით შევუვლიდი შერვუდს, იჯდა და თავაუღებლივ მუშაობდა. დღე მისდევდა დღეს და გრძელდებოდა ასე. შერვუდი, ჭიქა ვისკი და შერვუდის ისტორიები. და მე ვიფიქრე – თუ ასეთია მწერლის ცხოვრება, საჩემო ყოფილა. ეს რომ ვიფიქრე, დავჯექი ერთ დღეს, დავწერე ჩემი პირველი წიგნი და შერვუდ ანდერსონს მივაკითხე, მან კი ასე მითხრა: მოდი, გარიგებას შემოგთავაზებ – არ მთხოვო, წავიკითხო შენი ნაცოდვილარი, მაგიერ, მე ჩემს გამომცემელს ვეტყვი, რომ ხელი მოჰკიდოს… იყოს ეგრე – ვუთხარი. ხელი ხელს დავკარით და მან მართლაც სთხოვა გამომცემელს, რომ ჩემი წიგნი გამოეცა.
უილიამ ფოლქნერი, ზეპირი ამბები (ვირჯინიის უნივერსიტეტის აუდიო-არქივი)
101, რეიკიავიკი
ცხოვრება – სიკვდილებს შორის შესვენებაა მხოლოდ.
ჰალგიმურ ჰელგასონი, “101, რეიკიავიკი”
NB!: პოსტი შეიცავს სფოილერს და არანორმატიულ ლექსიკას.
რა უნდა აკეთო ქვეყანაში, სადაც მზე არ ანათებს, ზაფხული არაა, მთელი წელი ცივა და უდნობი ყინულია. დღე არაა – უბრალოდ არის ღამე, როცა ბნელა და ღამე, როცა სინათლეა. ქვეყანაში, რომელსაც არ ჰყავს მტრები და არც არმია ჰყავს, არც ქურდები ჰყავს და არც – პოლიცია. ქვეყანაში, სადაც სულ 300’000 კაცი ცხოვრობს და აქედან 200’000-ს მუსიკალური განათლება აქვს. სადაც უმუშევრობის შემწეობა იმდენივეა, რამდენიც საშუალო ხელფასი. რა უნდა აკეთო სხვა, თუ არა: გეძინოს 2 საათამდე, სვა უგონოდ, მოწიო პლანი დასირებამდე, უყურო პორნოს, ანძრიო, ყველა ქალი შეაფასო თანხით, რომელსაც დაუნანებლად გადაუხდი ერთ ღამეში, იტყნაურო მარჯვნივ და მარცხნივ უპრაკუნოდ და იოცნებო უნგრელ გოგოზე, რომელიც ინტერნეტით შეგიყვარდა, გაიცნო მერე ის გოგო რეალში და აღმოაჩინო, რომ ბოიფრენდი ჰყავს. უფრო ხშირად აგიდგეს, იშვიათად – არა, რამდენიმე გამოყენებული პრეზერვატივი გქონდეს და კიდევ რამდენიმე გამოუყენებელი. ვიღაცები დააორსულო, ვიღაცები – არა. ვიღაცას მუცელი მოწყდეს. ვიღაცამ აბორტი გაიკეთოს. ბოლოს დედის გერლფრენდს შენგან შვილი შეეძინოს. თუმცა, შეიძლება შენგან არც შეძენია. რა მნიშნელობა აქვს?
მკვლელობა სკანდინავიური არომატით
ვისაც ჩემი პოსტი “ყველაზე გამჭრიახი გამოგონილი დეტექტივები” წაკითხული აქვს, ამ პოსტით თავს ნუ შეიწუხებს.
მომწონს სკანდინავია. რატომ, როგორ, ამაზეც დავწერო, ეგებ,
ერთხელაც იქნება, მაგრამ ახლა უბრალოდ ვიტყვი, რომ – მომწონს. როდესაც ქინდლი ჩამომივიდა, პირველი წიგნი, რაც ჩავტვირთე და წავიკითხე, სტიგ ლარსონის “მილენიუმის” ტრილოგია იყო. ერთი რომ პირველი ავტორია, რომელმაც მილიონიან ტირაჟს გადააბიჯა ქინდლის ფორმატში გაყიდული წიგნებით, მეორე რომ – შვედია. ლარსონი რომ მომეწონა, სხვა სკანდინავიელ ავტორებს დავუწყე ძებნა და ასე მივადექი მის თანამემამულე ჰენინგ მანკელს (Henning Mankell).
მანკელი თეატრალური რეჟისორია, ინგმარ ბერგმანის სიძე. რომელიღაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელიც კი იყო… არ ვიცი, რომლის და არც მაინტერესებს – თეატრმა ხომ ძვირფასი დრო წაართვა და რეჟისორად მუშაობისას არაფერი დაუწერია, არადა წერა ნამდვილად ეხერხება. ერთ-ერთი ყველაზე კარგი დეტექტივისტია, რაც წამიკითხავს… რად გინდა მეორეხარისხოვანი ბერგმანობა, თუკი პირველხარისხოვანი მანკელი ხარო, – ასე ვეტყოდი შვედური რომ ვიცოდე.
ზარმაცი ბლოგერის ამბავი
შაბათის პოსტი
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, ცხოვრობდა ერთი ზარმაცი ბლოგერი. ძალიან უქნარა ვინმე იყო. პოსტების წერა ეზარებოდა, იჯდა, ეკრანს მისჩერებოდა, ქიშმიშიან ფუნთუშას ჭამდა და ყავას აყოლებდა, კლავიატურაზე კაკუნი კი ემკვლელებოდა. ამად მეტად ღარიბი ბლოგი ჰქონდა. თვეში ერთ პოსტს თუ დადებდა ხოლმე.
ერთ გაზაფხულზე ზარმაცი ბლოგერის მკითხველებმა სხვა ბლოგერებს სთხოვეს, თითო-თითო პოსტი აუგროვეთ მადლად, ეგებ, ბლოგი გამოცოცხლდესო. სთხოვეს და შეასრულეს. მაგრამ ზარმაცი ბლოგერი იმდენად უქნარა იყო, რომ წაკითხვაც დაეზარა. ასე თქვა – ვნახე გესთ-პოსტები, მაგრამ ვერ გამოვაქვეყნე, შრიფტებია არეული და არაფერი გამოვიდაო. მიხვდნენ მკითხველები, რომ ტყუოდა, გაბრაზდნენ და უთხრეს, საღამომდინ თუ არ დაგიდია პოსტი, დაგსპამავთ და დაგტროლავთო. ზარმაცმა ბლოგერმა იფიქრა, ესენი აღარ ხუმრობენო და თავი შეაცოდა – როგორ დავდო პოსტი, როცა უკვე მოვკვდიო.
დაწვა ტახტზე, დახუჭა თვალები, განაბა სული და თავი მოიმკვდარუნა.
მას ჰქვია ორჰანი
თუ ერთი საათის ციფერბლატი ცხრა საათსა და ორმოცდახუთ წუთს აჩვენებს, გამოხდება ხანი და ახლა სხვა საათზე შეიქნება ცხრა საათი და ორმოცდახუთი წუთი, იმიტომ, განა, რომ მეორე საათი ჰბაძავს პირველს.
ორჰან ფამუქი. “შავი წიგნი”
მას ჰქვია ორჰანი და კაეშანი შემოსწოლია.
სევდას ატარებს გულით. აზიას მოწყვეტილი და ევროპის მიერ ვერმიღებული ქალაქის სევდას. ეს სევდა ჩვენთვისაც ნაცნობია. ბევრისთვის – ახლობელიც. გვსურს, ევროპამ თავის ნაწილად გვაღიაროს, მაგრამ არც აზია გვთმობს. და არც აზია გვეთმობა. ვშიშობთ, რომ ევროპეიზაციის გზაზე რაღაც მნიშვნელოვანს, ძალიან ძვირფასს ვკარგავთ და ვიღაცის უფერული ასლი ვხდებით.
თავად მწერალიც გახლეჩილია. თითქოს, ორჰანი ორია. ერთი ორჰანი ახალ სტამბოლშია, მეორე კი – ძველში. მეორე ორჰანი ძველ სტამბოლში დარჩა და ახალს შეჰნატრის. პირველი ორჰანი კი ახალ სტამბოლში ცხოვრობს და ძველი ქალაქის დარდი დააქვს. მაგრამ ყველაზე მეტად, ასე მეჩვენება, ფარისევლობა ადარდებს – მიუხედავად იმისა, რომ თურქებს ევროპული სამოსი აცვიათ (მას შემდეგ, რაც ქემალ ათათურქმა ტრადიციული თურქული სამოსის ტარება აუკრძალათ), კარგად რომ გადაფხიკო, სიცარიელეს აღმოჩენ, რაკი, ვერც ახალი მოირგეს და იმ ძველსაც უკვე გაუუცხოვდნენ. “სულის სიღრმეში ასე გვსურს, რაც შეიძლება სწრაფად მოვსპოთ იმ დიდი კულტურის ნიშნები, რომელიც ჩვენ, უღირს მემკვიდრეთ ჩაგვივარდა ხელთ და მის ნანგრევებზე ავაგოთ მეორადი, მქრქალი ასლი დასავლური ცივილიზაციისა”, – წერს ფამუქი რომანში “სტამბოლი – მოგონებები და ქალაქი”.
გოგოლი და ტოლსტოი
შაბათის პოსტი
ერთხელ გოგოლი და ტოლსტოი მორიგდნენ, მოდი წიგნები დავწეროთ, ერთმანეთს წავაკითხოთ და, თუ არ მოგვეწონება, დავწვათო.
გოგოლმა დაწერა “მკვდარი სულები”, ტოლსტოიმ დაწერა “ომი და მშვიდობა”. წააკითხეს ერთმანეთს. დაუწუნეს.
აიღო გოგოლმა “მკვდარი სულების” მეორე ტომი და შეაგდო ბუხარში. ტოლსტოიმ კი დასტაცა ხელი “ომი და მშვიდობის” ორთავე ტომს და გავარდა კარში.
ბევრი უძახა გოგოლმა: “სად გაქუსლე, ლევ ნიკალაიჩ, პირობა შეასრულეო”, მაგრამ, შენც არ მომიკვდე, ისე გარბოდა ტოლსტოი, რომ პიპინიას ცხენს კი არა, თავად პიპინიასაც გადაასწრებდა.
რაღას იზამდა გოგოლი. გადაშალა “მკვდარი სულების” პირველი წიგნი, თავფურცელზე წააწერა “ტოლსტოი – დურაკ”-ო და შემოდო თაროზე.
გავიდა მერე სამზარეულოში და გოგლი-მოგლის კეთებას შეუდგა.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
გადაიკითხეთ დანიილ ხარმსი.
ხანდისხან.
ხოლმე.
აზრთმპყრობელი
ოდინდელ თბილისს ერთი ტრადიცია ჰქონდა – ადამიანები გასართობი წარმოდგენის სანახავად მიდიოდნენ ცირკში და არა იაფფასიანი მეძავებისთვის. მახსოვს ეგ დრო. ვინც ჩემზე უმცროსია, შეიძლება, არც ახსოვდეს.
ცირკში ბავშვებს, როგორც წესი, განსაკუთრებით კლოუნები მოსწონდათ ხოლმე, თუმცა მე “ფოკუსნიკების” გამოსვლა მიტაცებდა… კლოუნების რეპრიზებიც, რა თქმა უნდა, მითუფრო რომ მოსკოვის ცირკის ორი უდიდესი კლოუნის შოუ მაქვს ნანახი ლაივში, მაგრამ ილუზიონისტები მაინც განსაკუთრებული ხალხი იყო. მათ ჩემი განცვიფრება შეეძლოთ.
ასეთია მელერიქი – უდიდესი მაგი. ილუზიონისტი. მანიპულატორი. ვინც გასაოცარ წარმოდგენას გვთავაზობს. ვინც რეალობას ცვლის. არ ენდოთ საკუთარ თვალებს. არ ენდოთ საკუთარ ყურებს. არ ენდოთ საკუთარ ხელებს. ყველაფერი, რასაც ხედავთ, გესმით ან ეხებით – მელერიქის მიერ შექმნილი მისტიფიკაციაა. მაგრამ ნუ იჩქარებთ, შემოჰკრათ ტაში და შესძახოთ “ბრავო!” – მელერიქი სადისტი და მკვლელია. მისი ყოველი წარმოდგენა მსხვერპლით სრულდება, რის შემდეგაც ილუზიონისტი სცენიდან ქრება. ქრება, რომ სულ ცოტა ხანში სხვაგან გამოჩნდეს და ახლა იქ გამართოს თავისი განსაცვიფრებელი, მაგრამ სისხლიანი შოუ.
უელსელი სპეციალისტი
ნორმან ლიუისი (Norman Lewis) სამ ვნებას ჰყავდა შეპყრობილი – მოგზაურობას, ქალებსა და დაკვირვებას. სწორედ ამიტომ აირჩია, ალბათ, მზვერავის პროფესია (სადაც მისი ერთ-ერთი კურატორი “ჯეიმს ბონდის” მამა იენ ფლემინგიც იყო). არაბული და სხვა რამდენიმე ენის ცოდნა და სპეციფიკური, არაევროპული გარეგნობა მას თითქმის შეუმჩნეველს ხდიდა იემენში, ინდო-ჩინეთში, ბირმაში. მისი უდიდებულესობის სამსახურში მყოფი, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საგარეო დაზვერვის თანამშრომელი, მოგვიანებით კი მწერალი და ჟურნალისტი ნორმან ლიუისი მთელი თავისი ცხოვრება მოგზაურობდა. აფრიკა, ლათინური ამერიკა, ინდოეთი, ინდონეზია, ლაოსი, ტაილანდი, ესპანეთი, იტალია. თითოეული ასეთი მოგზაურობის დროს, თავად უჩინარი ლიუისი ყველაფერს აკვირდებოდა, ინიშნავდა, წიგნებად კრავდა და გამოსცემდა. მათგან მცირე ნაწილი მხატვრული პროზაა, დიდი ნაწილი კი – დოკუმენტალურ-პუბლიცისტური და სამოგზაურო. ცოტაც არაა – სულ 40-მდე იქნება, მაგრამ ამათგან ერთი სრულიად გამორჩეულია – “სიცილიელი სპეციალისტი” (The Sicialian Specialist).























