Blog Archives

ჭამა რომ სექსი

9 1/2 კვირა ბევრს გექნებათ ნანახი. ბევრს კიარადა, ალბათ – ყველას. და რაკი ნანახი გაქვთ, ჭამის სცენაც გემახსოვრებათ. საკულტო სცენა, მრავალგზის პაროდირებული და კოპირებული. კოპირებული არამხოლოდ ეკრანზე. :)

მართლაც მშვენივრადაა გადაღებული – მიქი რურქის ხელში და ქიმ ბეისინჯერის სხეულზე საკვები მართლაც დიდ ეროტიკულ იარაღად იქცა, გამორჩეულად ხომ მაინც – ხენდრო, მაგრამ ხენდრო, არამხოლოდ ვიზუალურადაა ასეთი მიმზიდველი. ფილმები იქეთ იყოს და ექიმები ამბობენ, რომ ეს კენკრა C ვიტამინითაა მდიდარი და არაჩვეულებრივი ანტიოქსიდანტია, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, რაც პოტენციისთვისაა კარგი, ხოლო შოკოლადთან შეწყვილებული ხენდრო სექსუალურ ლტოლვასა და ვნებებსაც აძლიერებს.

Read the rest of this entry

გოიმი და ღმერთი

შაბათის პოსტი

Rabbi Nachtnerმისი ცხოვრების ძნელბედობის ჟამს ლარი გოპნიკი რაბინ ნაჰნერთან მივიდა უფლის რაობა რომ შეემეცნა.

- როგორ გვესაუბრება ღმერთი? რა ხერხებით მოაქვს სათქმელი ჩვენამდე? კარგი კითხვაა… – რაბინმა ფაიფურის ფინჯნიდან ჩაი მოსვა, – ლი სასმანს ხომ იცნობ?

- დოქტორ სასმანს? ვფიქრობ… კი, ვიცნობ.
- გოიმის* კბილების ამბავი არ მოუყოლია შენთვის?

  • *goy – გოიმი ებრაულში უცხოს, არა-ებრაელს აღნიშნავს.

- არა… ვინ გოიმის?

- მაშ ასე, მომისმინე… ერთ მშვენიერ დღეს ლი სამსახურში იყო… ხომ იცი, სტომატოლოგიური კლინიკა აქვს… ჰოდა, სამსახურში იყო და ერთი მისი პაციენტის, ვინმე რასელ ქრაუსის კბილების ყალიბი აეღო – ხიდის დასამზადებლად სჭირდებოდა. თაბაშირი გაშრა, ლიმ ყალიბი დაათვალიერა და უცნაური რამ შენიშნა – ქვედა ყბაზე საკბეჩი კბილები რომ გვაქვს, მის პაციენტს ზედ რაღაც ნიშნები ჰქონდა ამოტვიფრული. შიდა მხარეს. სასისკენ. კარგად დააკვირდა და რას ხედავს – ასეოებია: He, Vav, Shin, Yud, Ayin, Nun, Yud. რა გამოვიდა? – “Hwshy ‘ny” – “მიხსენი”, “გადამარჩინე”. ეს გოიმის პირია, ლარი, ხომ არ დაგავიწყდა?

Read the rest of this entry

შფოთიანი 90-იანები

90-იანები ყველას კარგად კიარადა ცუდად გვახსოვს. თავიდან, თითქოს, ყველაფერი მშვენივრად დაიწყო – “პერესტროიკა”, ცენზურის გაუქმება, პოლიტპატიმრების ციხეებიდან გამოშვება… იყო 9 აპრილის ტრაგედია, მაგრამ იყო სსრკ-ს დაშლაც… მერე კი – შინაომი, გადატრიალება-გადმოტრიალება, დამწვარი და ჩაბნელებული თბილისი…

სანამ ჩვენ ასეთ ამბებში ვიყავით, ხალხი ფილმებს იღებდა.

Goodfellas90-იანების კინოდასაწყისი განგსტერული იყო - 1990 წელს მართინ სქორსეზემ გადაიღო “კარგი ბიჭები” (Goodfellas) – რობერთ დე ნირო, ჯო ფეში და რეი ლიოთა.

ამავე წელს უორენ ბეითიმ ეკრანზე გადაიტანა კომიქსი “დიქ თრეისი” (Dick Tracy) – და ჰოლივუდის უდიდეს ვარსკვლავებს მოუყარა თავი – ალ ფაჩინოს, დასთინ ჰოფმანს, ქეითი ბეითსს. ფილმში, ცხადია, თავადაც თამაშობს და ამ ყველას ფონზე სრულიადაც არ იკარგება მადონა, მაგრამ განსაკუთრებულ აღფრთოვანებას მაინც მხატვრის ნამუშევარი იწვევს. რეჟისორმა ქრის ქალამბუსმა კი საუკეთესო საშობაო კომედია გადაიღო -  “მარტო სახლში” (Home Alone) დარჩენილი მაქალეი ქალქინი ჯო ფეშისა და დენიელ სთერნის წინააღმდეგ.

Read the rest of this entry

ჩაქ ნორისის აპოკრიფული ბიოგრაფია

norris-coverგთავაზობთ ნაწყვეტებს ჩაქ ნორისის აპოკრიფული ბიოგრაფიიდან. ვინაიდან ბიოგრაფია აპოკრიფულია, ჩაქ ნორისი ამ ფაქტებს არც ადასტურებს და არც უარყოფს.

ერთხელ ოზი ოსბორნი და ჩაქ ნორისი დანიძლავდნენ – ოზი ოსბორნმა ღამურას მოაჭამა თავი. ჩაქ ნორისმა თავი მოაჭამა ბეთმენს.

ჩაქ ნორისი ერთი კურდღლით ორ მონადირეს კლავს.

თუკი თქვენ 5 დოლარი გაქვთ და ჩაქ ნორისსაც 5 დოლარი აქვს – ჩაქ ნორისის 5 დოლარი თქვენსაზე მეტია.

ჩაქ ნორისს საკუთარი სახლი არ აქვს. ჩაქ ნორისი უბრალოდ შედის პირველსავე სახლში და ვინც იქ დახვდება, ყველას ფანჯრებიდან ყრის.

თეთრი დათვიც ბურა იყო, სანამ ჩაქ ნორისს გადაეყრებოდა.

ყველამ იცის, რომ ნეილ არმსთრონგმა პირველმა დადგა ფეხი მთვარეზე, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ის იქ ჩაქ ნორისმა ააგდო.

როდესაც აფთიაქში პრეზერვატივები თავდება, ჩაქ ნორისი პრეზერვატივის ნაცვლად ჩხრიალა გველს წამოიცვამს ხოლმე.

Read the rest of this entry

ვერჩარეცხილები

ერთხელ ერთი კაცი ერთ ებრაელ თერძთან მივიდა და კოსტიუმის შეკერვა სთხოვა.
თერძმა ზომები აუღო და სამ კვირაში გამოიარეო – უთხრა.
კლიენტი აღშფოთდა – სამი კვირა რა ამბავია, უფალმა ეს სამყარო სულ ექვს დღეში შექმნაო.
მერედა, მოგწონთ განა მისი ნახელავიო? – ჰკითხა თერძმა.

Expendables-2იყო მარტოხელა მგელი მაქქუეიდი. იყო რემბო. იყო კომანდოსი მეთრიქსი. იყო პოლიციელი მაქლეინი. მერე ეს ხალხი დაგვიბერდა. დამბაჩები ლურსმნებზე ჩამოკიდეს, თბილი წინდები და ფლოსტები ამოიცვეს, მიუსხდნენ ბუხარს და სამყაროს გადარჩენა-გაწმენდის მისია ახალგაზრდებს მიანდეს, მაგრამ ბებერი ხარის რქაც ხნავს და ახალგაზრდა ხარს კი გუთნის გაწევაც უჭირსო. მოგწონთ განა ის “ბოევიკები” ახალგაზრდები რომ თამაშობენ? მე, იმ ებრაელი თერძისა არ იყოს, არც – მაინცადამაინც. იმ ძველებთან შედარებაც არაა. კიდევ კარგი, რომ მაგარი ბიჭები ბერდებიან, მაგრამ არ კვდებიან. და უბრუნდებიან ეკრანს.

რაკი “საზარბაზნე ხორცის” (The Expendables) პირველი ნაწილი კარგი გამოვიდა (და ყოველი დახარჯული დოლარი 80-მილიონიანი ბიუჯეტიდან ოთხმაგად ამოიღო), მეორე ნაწილს კინოგაქირავებისკენ არაფერი ედგა წინ.

Read the rest of this entry

ბონდიანის შვიდი გაელვება

1. იტალიელ მოდელს, მსახიობს, პროდიუსერსა და სცენარისტს, მარია კუჩინოტას (Maria Grazia Cucinotta) სულ პატარა როლი აქვს ფილმში “მთელი სამყაროც საკმარისი არაა” (The World Is Not Enough, 1999) მისი პერსონაჟი დაქირავებული მკვლელია, დიდი მხატვრის გვარს, და ვინჩის (Giulietta da Vinci) ატარებს, თუმცა ყველას “სიგარიან გოგოდ” (Cigar Girl) დაამახსოვრდა.001 Maria Grazia Cucinotta

2. ვალენკა (Valenka) ლე შიფრის აგენტი და საყვარელია ფილმში “კაზინო როიალი” (Casino Royale, 2006), რომელიც ბონდის მოწამლვას ცდილობს. მის როლს ხორვატული წარმოშობის ამერიკელი მსახიობი ივანა მილიჩევიცი (Ivana Miličević) ასრულებს. ვისაც კომპიუტერული Command & Conquer: Red Alert 3 უთამაშია, უთუოდ გაიხსენებს მომხიბლველ რუს აგენტს დაშა ფედეროვიჩს, რომელსაც ასევე ივანა განასახიერებდა.

Read the rest of this entry

შვიდნი 007-ის წინააღმდეგ

წინა ჯერზე აგენტ 007-ის 7 ქალზე დავწერე. ეს პოსტი კი ჯემს ბონდის მოწინააღმდეგე ქალებზე იქნება.

1. ნავთობის მაგნატის ქალიშვილი ელექთრა ქინგი (Elektra King) ჯეიმს ბონდის მოკვლას ფილმში “მთელი სამყაროც კი საკმარისი არაა” (The World Is Not Enough, 1999) ცდილობს. ამ როლს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ნიჭიერი ფრანგი მსახიობი სოფი მარსო (Sophie Marceau) ასრულებს. ქინგი აზერბაიჯანული წარმოშობისაა და ამ ფილმში საქართველო და ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენიც ჩანს (რუკაზე). ელექთრას მიზანი ბოსფორის სრუტეში თერმობირთული აფეთქების მოწყობაა, რომ ნავთობზე ფასი გაიზარდოს და ამ ბიზნესის მონოპოლისტი გახდეს.001 Sophie Marceau as Elektra King

2. საქართველოს, ასევე, ახსენებენ ფილმში “ოქროს თვალი” (GoldenEye, 1995). კსენია სერგეევნა ონატოპი (Ксения Сергеевна Онатопп), რომელსაც ჰოლანდიელი ფამკე იანსენი (Famke Janssen) ასახიერებს, საქართველოში დაბადებული რუსი სამხედრო მფრინავი და დანაშაულებრივი სინდიკატის, “იანუსის” წევრია. მისი ჰობი მამაკაცების ცდუნება, შეპყრობა და სადომაზო სექსუალური აქტის შემდეგ მოკვლაა. ბონდსაც იგივეს უპირებს, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ გამოუვა (სექსი – კი, მოკვლა – ვერა).

Read the rest of this entry

აგენტი და მისი ქალები

მსოფლიოს ნომერ პირველი საიდუმლო აგენტი 007… თუმცა, რაღა საიდუმლოა, თუკი ქუჩაში მათხოვარი ბავშვებიც ცნობენ და როგორც კი თვალს მოკრავენ, აედევნებიან ხოლმე “ფული მაიტა, შენი ლამაზი თვალების ჭირიმე ბონდო ბიძიაო… თორემ კაგებეში ჩაგიშვებთო…”

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი აგენტი  წარმოუდგენელია მისი ქალების გარეშე. ბონდიანის პროდიუსერები მორიგი “ბონდის გოგოს” შერჩევის საქმეს ნაკლები მოკრძალებითა და შიშით როდი უდგებიან, ვიდრე თავად აგენტის როლის შემსრულებლისას, კარგად შერჩეული “ბონდის გოგო” ხომ ბონდიანის სერიის წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელია… თუკი ფიქრობთ, რომ ვაჭარბებ, გაიხსენეთ:

1. შვეიცარელი ურსულა ანდრესი (Ursula Andress), ჰანი რაიდერი ბონდიანის პირველი (და ერთ-ერთი საუკეთესო) ფილმიდან “დოქტორი ნო” (Dr. No, 1962). როდესაც ურსულა ოკეანის ტალღებიდან ამოდის აფროდიტესავით, თეთრი ფერის ბიკინიში, ნიჟარებით ხელში და წელზე ჩამოკონწიალებული დანით, მამაკაცებს კინოდარბაზში გულები უჩერდებათ…  ეს ერთ-ერთი ყველაზე საკულტო კადრია, არამხოლოდ ბონდიანის, არამედ მთლიანად სინემატოგრაფის ისტორიაში. ურსულა ანდრესს ამ როლისთვის ოქროს გლობუსი მიანიჭეს.001 Honey Ryder

Read the rest of this entry

შორეული 60-იანები

60-იანებს ვერ მოვესწარი და არც ამ პოსტის დაწერას ვაპირებდი, მაგრამ წინა “კინოშნიკურ” პოსტებს რომ გადავხედე, ძალიან ბევრი ძალიან კარგი ფილმი ვერ აღმოვაჩინე – თურმე, ისინი 60-იანებში გადაუღიათ, ამიტომ 60-იანების კინოეპოქაზეც უნდა დავწერო. მითუფრო რომ (“მადლობა” საბჭოთა ცენზურას) ამ ფილმთაგან ბევრმა ჩვენს კინო(ტელე)ეკრანებამდე კარგა გვიან მოაღწია.

კარიბის კრიზისი და სამყარო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე, მერილინ მონროს, პრეზიდენტ ქენედისა და მართინ ლიუთერ ქინგის დაღუპვა, ფერადი ტელევიზორები, სექსუალური რევოლუცია – რაქელ უელჩი ბიკინიში და მინიკაბების გამოჩენა ქუჩებში, ტვისტი, ვუდსთოქის როკ-ფესტივალი, “ბიტლები” და “როლინგები”, გულის გადანერგვის ოპერაცია და ადამიანი მთვარეზე – ეს შორეული და მაინც ძალიან ახლობელი 60-იანებია. გენიალური 60-იანები გენიალური ფილმებით.

Spartakus1960 წელს ეკრანებზე გამოვიდა “სპარტაკი” (Spartacus). მას ენთონი მენი იღებდა, თუმცა მთავარი როლის შემსრულებელს, ქირქ დაგლასს წაეკიდა და ის სთენლი ქუბრიქით შეცვალეს. არ ვიცი, მენის ვერსია როგორი იქნებოდა, მაგრამ ქუბრიქს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიული ფილმი გამოუვიდა, შთამბეჭდავი ბატალური სცენებითა და  მსახიობთა დიდი თანავარსკვლავედით – უკვე ნახსენები ქირქ დაგლასი, ასევე ლოურენს ოლივიე, ფეთერ უსთინოვი, ჩარლზ ლოუთონი, თონი ქერთისი. მოგვიანებით ეს ფილმი საბჭოთა კინოგაქირავებაშიც გამოჩნდა და ნამდვილი ჰიტი გახდა – სსრკ-ში შემოღწეულ ყველა უცხოურ ფილმს შორის მე-5 ადგილზეა მყურებელთა დასწრებით. 80-იანებში ის საბჭოთა ეკრანებზე ხელახლა გამოვიდა (უიშვიათესი შემთხვევაა) და კვლავ – დიდი წარმატებით. მეც დიდ ეკრანზე მაქვს ნანახი და ბავშვობის აღფრთოვანება დღემდე გამომყვა, ამიტომ ჩემთვის სწორედ ეს ფილმია 1960 წლის სიმბოლო, არადა, ამ წელსაა გადაღებული “ფსიქო” (Psycho) – ალფრედ ჰიჩქოქის ყველაზე ცნობილი შედევრი, რომლის სიუჟეტს ამა თუ იმ ფორმით კიდევ არაერთგზის გადაამღერებენ, წარმატებით თუ წარუმატებლად, მაგრამ ოსტატის ნამუშევარი მაინც სულ სხვაა. მთავარ როლში ენთონი ფერქინსია. და “შესანიშნავი შვიდეული” (The Magnificent Seven) კუროსავას “შვიდი სამურაის” ჯონ სთარჯესისეული რიმეიქი, ყველა დროის ყველაზე ცნობილი ვესტერნი.

Read the rest of this entry

სადღესასწაულო ფილმების 10-ეული

მარტო სახლში? ბედის ირონია ანუ გაამოთ? რაც ყველაზე ძალიან გიყვარს?

ნურას უკაცრავად!

შავი შობა (Black Christmas, 1974)

1974-black-christmas Read the rest of this entry

ჩემი. შენი. ალენის. პარიზი

ოუენ უილსონი – ვუდი ალენის როლში.
პარიზი – ნიუ იორქის როლში.
ვან გოგი – მონეს როლში.

Midnight-in-Parisვუდი ალენს გადღებული აქვს “მანჰეთენი” – გენიალური ფილმი ნიუ იორქზე. “ვიქი, ქრისთინა, ბარსელონა” – გაუდის ქალაქზე. “შუაღამე პარიზში” კი იმ ქვეყნის დედაქალაქზეა, სადაც ალენი განსაკუთრებთ უყვართ. სადაც მას ბევრი პრიზი აქვს მიღებული. სადაც მისი ფილმებს განსაკუთრებით ელიან. სადაც ის ცხოვრობდა და რომელიც მუდამ მასთანაა.

მოხდა ისე, რომ ფილმის მთავარი გმირი, ამერიკელი კინოსცენარისტი და მწერალი გილ ფენდერი თავის საცოლესა და სასიმამრო-სასიდედროსთან ერთად პარიზში აღმოჩნდება. მართალია, ამ ოთხეულიდან პარიზში გამგზავრების იდეა მხოლოდ მას ხიბლავს, მაგრამ… გიოცნებიათ თუ არა, გალაკტიონთან ერთად “ლეჩკომბინატის” მე-4 სართულიდან გადმოხტომაზე? ლადო ასათიანთან ერთად აბასთუმნის ტუბ-დისპანსერის პალატაში მოხვედრაზე? მაშინ, თქვენ იოლად გაუგებთ გილს, რომელიც ასევე ოცნებობს მის კერპებთან შეხვედრაზე – ფრენსის სქოთ ფიცჯერალდთან, ერნესთ ჰემინგუეისთან, გერთრუდ სთაინთან… თუმცა, გერთრუდ სთაინი რა საოცნებოა – სიიდან ამოვშალეთ. ვინც სიაში დარჩა – იმათზე ოცნებობს და ამიტომ თავისი გააქვს და პარიზში ჩადის. ჰო, უილსონი 21-ე საუკუნის პარიზში ჩადის, ფიცჯერალდი და ჰემინგუეი კი მე-20 საუკუნის 20 წლებში ცხოვრობდნენ იქ და ქალბატონ სთაინის სულელურ ნოტაციებს უსმენდნენ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ეს ხომ ალენია. და ეს პარიზია. აქ ყველაფერია შესაძლებელი.

Read the rest of this entry

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 210 other followers

%d bloggers like this: