Blog Archives
ესპადრილები კასტანიეთა მხარიდან
- ასეთი ფეხსაცმელი თუ გაქვთ, ოღონდ – ქუსლიანი?
- ამ ფეხსაცმელს ქუსლი არ სჭირდება.
- მე კი მჭირდება! გაუკეთეთ ქუსლი და მთელ პარტიას შევიძენ.
ქალი განცვიფრებული მისჩერებოდა. ის. მისი მამა. მისი ბაბუა ყველანი ესპადრილების წარმოებით იყვნენ დაკავებულნი და ასეთი ახირებული კლიენტი ჯერ არ ენახათ. მაგრამ ერთ დროს წარმატებული ბიზნესი სულს ღაფავდა, კომპანია გაკოტრების პირას იყო, სტუმარი კი მთელი პარტიის ყიდვას ჰპირდებოდა და არც ფულს უჭერდა ხელს, ჰოდა, რა გაეწყობოდა – ბაბუის სულს პატიება სთხოვა და ქუსლიანი ესპადრილების კერვა დაიწყო. ეს ამბავი გასული საუკუნის 60-იანების მიწურულს მოხდა. ქალს იზაბელ კასტანიე ერქვა, ახირებული კლიენტის სახელი კი ივ სენ ლორანი იყო.
შემდეგ რა მოხდა, იოლად მიხვდებით – ივ სენ ლორანმა ისევე გააპოდიუმა ესპადრილები, როგორც ქელვინ ქლაინმა – ჯინსები და მაღალი მოდის ნაწილად აქცია.
ჯორჯ ჰარისონის ფეხსაცმელი
პოსტი ეძღვნებათ ნინკასა და ნინოს,
რომელთაც უყვართ “ბითლზი” და ზამშის ჩექმები.
ახლახანს იყო “ები როუდზე” რომ დავწერე – ფოტოზე, ამ ალბომის გარეკანს რომ ამშვენებს.
ჯორჯი, ფოლი, რინგო და ჯონი, რომლებიც ქუჩაზე გადადიან. მშვიდად, გადასასვლელზე და შუქნიშნის მწვანე შუქზე, როგორც ეს კანონმორჩილ მოქალაქეებს ეკადრებათ.

ბიტლების ფეხსაცმელი
ესაა “ბითლზის” ალბომებს შორის ყველაზე ცნობილი ყდა. Abbey Road. ფოტოს ბიტლომანთა შორის დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა – რატომ არის მაქართნი ფეხშიშველი? მამულის შეგრძნობა სურს, თუ მკვდარია და მის ნაცვლად ჯგუფში ორეული უკრავს? ამ ყველაფერზე მინდოდა, დამეწერა, მაგრამ რა აზრი აქვს? მოლი ბლუმზე უკეთესად მაინც ვერ დავწერ (მეოცე საუკუნის ოცი წამი. 1969. Abbey Road).
ამიტომ, ეს ურბანული ლეგენდები იქეთ იყოს – სჯობს, ჯორჯ ჰარისონს დააკვირდეთ – მას აცვია ფეხსაცმელი, არანაკლებ საკულტო და ლეგენდარული, ვიდრე თვით “ბითლზი” – Clarks Desert Boots (“ქლარქსის უდაბნოს წაღა”).
დააბალანსე!
Demonstrating responsible leadership, we build global brands that athletes are proud to wear, associates are proud to create and communities are proud to host.
New Balance corporate mission
იყო და არა იყო რა, იყო ერთი კაცი სახელად უილიამ რაილი (William J. Riley), რომელსაც უყვარდა გოგლი-მოგლი, ამიტომ ყავდა ერთი შავი დედალი, რომელიც ეზოში დაკრიახობდა, საკენკს კენკავდა და საგოგლი-მოგლო თეთრ კვერცხებს დებდა.
ულიამ რაილის ასევე ძალიან უყვარდა ყვავილები, ამიტომ ყავდა მებაღე საიმონი, რომელიც ყოველ დღე ბარავდა და რწყავდა მიწას. მებაღე და ქათამი ერთმანეთთან მწყრალად იყვნენ – ქათამს ყვავილების ძიძგნა უყვარდა, საიმონი კი მას ცოცხით იგერიებდა.
ერთ მშვენიერ დილით, როდესაც უილიამ რაილი თავის გოგლი-მოგლს მიირთმევდა და თან ეზოში გამართულ ბატალიებს ადევნებდა თვალს, იმაზე დაფიქრდა, თუ როგორ ახერხებდა მსუქანი შავი დედალი მებაღე საიმონისგან დასხლტომას და ასე სწრაფად სირბილს… რაილი გამომგონებელი იყო, ორთოპედულ ფეხსაცმელებს აწარმოებდა და გადაწყვიტა ქათმის გამოცდილება თავის საქმეში გამოეყენებინა – მან შექმნა ფეხსაცმლის საფენი (სუპინატორი), რომელიც ადამიანის ტერფს საშუალებას აძლევს სამ საყრდენ წერტილზე დადგეს, ზუსტად ისე, როგორც ამას ქათამი აკეთებს – ანუ იდეალური ბალანსი მონახოს. ამ მიგნებამ რაილის აღიარება მოუტანა და 1906 წელს 33 წლის ემიგრანტმა
ინგლისიდან ქალაქ ბოსთონში დააფუძნა New Balance Arch Support Company.
რა გვაჩუქა ამერიკამ?
საუბარი, რა თქმა უნდა, მსოფლიო მოდაში ამერიკის შენაწირზეა და, პირველ რიგში, ეჭვგარეშეა, ჯინსის შარვალი უნდა დავასახელოთ.
1. ლურჯი ფერის ხუთჯიბიანი ჯინსის შარვალი მეტალის მოქლონებით – ამერიკული კლასიკა, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო.
დღეს ჯინსის შარვალი დედამიწის ზურგზე, უდავოდ, ყველაზე პოპულარული casual სტილის ტანსაცმელია, რომელსაც მსოფლიოს ყველა წერტილში შეხვდებით. ის ნებისმიერი ასაკის, სქესის, რასის, პოლიტიკური გემოვნებისა თუ რელიგიური აღმსარებლობის ადამიანს აერთიანებს. მეტიც, ყოველდღიური ცხოვრებიდან მან უკვე პოდიუმებზეც ააბიჯა (ამ საქმეშიც, გასაკვირი არაა, ამერიკელი დიზაინერები იყვნენ პირველები –კერძოდ კი ქელვინ ქლაინი, რომელმაც 1978 წელს შექმნა ჯინსის შარვლების საავტორო კოლექცია).
“ბოტასი” და ბოტასი
რას ეძახიან ასლის გადამღებ აპარატს? ქსეროქსს. ფოტოაპარატს, რომელიც თავადვე ამჟღავნებს და ბეჭდავს სურათებს? პოლაროიდს. რა ქვია სპორტულ ფეხსაცმელს? კითხვაც არ უნდა, რა თქმა უნდა – ბოტასი.
დღეს ეს სიტყვა, შეიძლება, ბევრს აღარც ახსოვდეს, არადა არც ისე შორეულ 70-ებში ვინ იყო იმ ბავშვზე ბედნიერი, რომელიც ”სპეკულიანტებთან” ნაყიდ ბოტასებში გამოეწყობოდა?
სინამდვილეში ”ბოტასი”, ისევე როგორც ”ქსეროქსი” ან ”პოლაროიდი” ფირმის სახელწოდებაა. მას შემდეგ, რაც ცნობილი ჩეხი ფეხსაცმლის მწარმოებლის, ბატიას ოჯახი აშშ-ში გაიქცა (იხილე წერილი ”ბატა” და ტომაშ ბატია” ), რამდენიმე მეწარმემ, რომლებიც ”ბატია”-სთან თანამშრომლობდა, გადაწყვიტა საკუთარი ფირმის ჩამოყალიბება და 1949 წელს ოფიციალურად დააფუძნა ფირმა ”ბოტასი”.
ქენეთ ქოლი – ნიუ იორქელთა საყვარელი დიზაინერი
What you stand for is more important than what you stand in
Kenneth Cole
ამერიკელმა დიზაინერმა ქენეთ ქოლმა (Kenneth Cole) თავისი ბიზნესი ნიუ-იორქში 1982 წელს ფეხსაცმელების პირდაპირ თრეილერიდან გაყიდვით დაიწყო და დღეისათვის საკუთარი მოდის იმპერია შექმნა, რომლის ღირებულებაც 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
ქოლი 1954 წელს ბრუქლინში დაიბადა, გარკვეული პერიოდი ათლანთაში სწავლობდა, ცხოვრობდა და იურისტობისთვის ემზადებოდა, საბოლოოდ კი მაინც გენებმა და ტრადიციებმა გადაძალა (მამამისი ჩარლი ქოლი ფეხსაცმლის მწარმოებელი კომანიის “El Greco”-ს პრეზიდენტი იყო) და ფეხსაცმლის ინდუსტრიას დაუბრუნდა. მაგრამ 1982 წელს, როდესაც მან მშობლიურ ქალაქში საკუთარი ბიზნესის დაფუძნება გადაწყვიტა, ბაზარი გადაჯერებული იყო უამრავი ადგილობრივი თუ უცხოელი მოთამაშით, ხოლო ბიზნეს-ქრონიკა – არშემდგარ მეწარმეთა წარუმატებელი ისტორიებით.
უქნარა, მეუდაბნოე, ზღვაოსანი და სხვები
ფეხსაცმელი მეტისმეტად მნიშვნელოვანია.
თავად განსაჯეთ – პიჯაკს გაიხდით და სკამის საზურგეზე გადაკიდებთ, ჰალსტუხს – მოადუნებთ, პერანგის ღილს – შეიხსნით… ერთადერთი, რასაც ვერაფერს უზამთ – ფეხსაცმელია, სწორედ ამიტომ, ფეხსაცმელი ისე უნდა შეარჩიოთ, რომ მან მთელი დღე არ ჩაგაშხამოთ და მხოლოდ იმაზე არ იფიქროთ – როდის იქნება, სახლამდე მივაღწიო და ეს წყეულები გავიძროო…
ამისთვის ფეხსაცმელი შეკერილი უნდა იყოს ბუნებრივი და მაღალი ხარისხის მასალისგან (რბილი ტყავი ან მატერია), უნდა “სუნთქავდეს”, იყოს მოხერხებული – და ეს ყველა უმთავრესია. მხოლოდ ამის შემდეგ ფასობს სხვა დანარჩენი (მოდელი, ფერი…).
Loafers (ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც უქნარა, უსაქმური) – ჩვეულებრივ, ტყავისაა, მთლიანი ზედაპირით და თასმების გარეშე. რეზინის ან ტყავის ძირზე.
ეს უნივერსალური ფეხსაცმელია – მშვენივრად “მიდის” ჯინსის, ხაკის, ტილოს, შალის და სხვ. შარვალზე. პიკნიკზეც გამოგადგებათ, ბარშიც, რესტორანშიც, ოფისშიც და, პრაქტიკულად, ყველგან.
























