Blog Archives
ელვარე და ცეცხლოვანი
ჟღურტულებს, მაგრამ ჩიტი არ არის.
მელაა, მაგრამ მელა არ არის.
მტაცებელია, მაგრამ მცენარეებით იკვებება.
მრავალი ათასი წლისაა, მაგრამ სულ 200 წელია, რაც გამოჩნდა.
ვინ არის?
არ იცით? არც დიზაინერმა სთივენ დეროშმა იცოდა,
ამიტომ, როდესაც კორპორაცია Mozilla-ს ინტერნეტ-ბრაუზერის ლოგოს შექმნა დაავალეს, ადგა და ცეცხლოვანი (Fire) მელაკუდა (Fox) დახატა. ლოგო კარგი გამოვიდა და შემკვეთმაც მოიწონა, არადა ის, ვისაც ბუნებაში Firefox ჰქვია, სულაც არ არის მელა. 1821 წელს აღმოაჩინა, აღწერა და უბის წიგნაკშიც ჩახატა ინგლისელმა მოგზაურმა, გენერალმა და მეცნიერმა თომას ჰარდვიგმა, როდესაც ბრიტანული კოლონიების ბუნებას იკვლევდა. ერთობ უცნაური ცხოველია, მაგრამ ძალიან საყვარელი ვინმეა. ვითომ მტაცებელია, მაგრამ, პანდის მსგავსად, ბამბუკის ღეროებით იკვებება. ზომით პატარაა – კატაზე ოდნავ დიდი. იოლად შინაურდება და უმეგობრდება ადამიანს, თუმცა, მისი შინ ყოლა პრაქტიკულად შეუძლებელია – კვების რაციონის შენარჩუნება ჭირს, სხვა საკვებზე გადაყვანა კი კუჭისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებს იწვევს და იღუპება. ამერიკელები თუ ცეცხლოვან მელას უძახიან, ლათინურად ელვარე კატა ჰქვია, ჩინელებმა კი (ბამბუკის სიყვარულის გამო) პატარა პანდა შეარქვეს. პატარა ან წითური პანდა ხეძრომიაა, საიდანაც არემარეს აკვირდება, საკვებს ეძებს და საფრთხეებს აფარებს თავს… ჩიტივით ჟღურტული ისწავლა და ბუნებრივ მტერს, მთის ლეოპარდს იოლად აცუცურაკებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანს ვერ მოუძებნა ჯერ გასაღები – ძვირფასი ბეწვის მოყვარულების, ბრკონიერებისა და ტყეჩეხია ფერმერების “წყალობით” პატარა პანდის პოპულაცია კატასტროფულად შემცირდა და ბუნებაში სულ 2’500 ცალი დარჩა… გენერალ ჰარდვიგს მაგათი ცოდვა, ამათ ჩახატვას “იგნორი” დაერტყა და სადმე გვერდზე გაეხედა, არ ერჩივნა?
პატარა დიდი ქალაქი ანუ ერთი დღე ბრიუსელში by თამარა
მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ
ბრიუსელამდე
ჩემი თერთმეტთვიანი ჰოლანდიური ცხოვრების მეთერთმეტე თვეს (დანარჩენი ათის უმეტესი ნაწილი ოთახში ჩაკეტილმა გავატარე) თავს უფლება მივეცი, ცოტა ირგვლივაც მიმომეხედა. სად უნდა წავსულიყავი უკეთეს ადგილას, ვიდრე მოსაზღვრე ბელგიაში. ავტობუსის ერთდღიანი ტური გამოვჩხრიკე და ჩემს მეგობარ ოლიასთან ერთად დავადექი გზას.
კომპაქტურ ჰოლანდიას მიჩვეულს მეგონა, ბრიუსელსაც რამდენიმე საათში შემოვირბენდი. ორი რამ ვერ გავთვალე: 1. ბრიუსელი არცთუ პატარაა; 2. ხალმხრავალ და ხმაურიან ცენტრში ველოსიპედით გადაადგილება მთლად კომფორტული არაა; 3. რომც მომენდომებინა, ოლია ველოსიპედს არ მართავს. თუმცა, რამდენიმე საათის პირობაზე ცოტა რამ ნამდვილად არ მინახავს.
ავტობუსის თავაზიანი მძღოლი მთელი გზა საგანგებოდ ჩვენთვის ლაპარაკობდა ორ ენაზე – ჰოლანდიურად და ინგლისურად. ბრიუსელის ცენტრალური მოედნის მახლობლად რომ ჩამოგვსვა, ყურადღებით გამოიკითხა ჩვენი ვინაობა, წარმომავლობა, ბოდიში მომიხადა, რომ საქართველოზე მაინცდამაინც ნათელი წარმოდგენა არ ჰქონდა, ოლიას ესტონეთის საფეხბურთო გუნდი შეუქო, რითაც ძალიან გააკვირვა. არ დაინანა ქალაქის რუკა (ჩვენი გაცილებით დიდი და მოუხერხებელი იყო) და თავისი ტელეფონის ნომერი (გაფრთხილება: only for emergency situations!!!) იმ შემთხვევისთვის, თუ დავიკარგებოდით; გვირჩია, ძალიან მოვფრთხილებოდით ჩანთებს და ჯიბეებს და რამდენიმე საინტერესო ობიექტი მოგვინიშნა რუკაზე.
გაითვალისწინეთ, რომ ამინდი დღის განმავლობაში საკმაოდ ხშირად იცვლება და ქურთუკი და ქოლგა მუდმივად იქონიეთ თან. ივნისი იყო, მაგრამ ლამის გავითოშე. Read the rest of this entry
კატების ქალაქი, რომელიც ძაღლებმა გადაარჩინეს
მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ
***ნაწილი 7 და ბოლო***
მოჰამედის კატები და დაჩიპული ძაღლები
სტამბოლი კატების ქალაქია. ამბობენ, რომ მოჰამედს უყვარდა კატები, აქედანაა, ალბათ, თურქების მათადმი სიყვარულიც. თბილისელი ქუჩის კატები თუ მშიშრები არიან და ადამიანს უფრთხიან, სტამბოლში – სხვა საქმეა. ეს ქალაქი მათია. ოთხთათები მუდამ ორფეხებს შორიახლო დაცუნცულებენ და ხელებში შეჰყურებენ სასუსნავის მოლოდინში.
სტამბოლის მიწაზე დავდგი ფეხი თუ არა, სირქეჯის სადგურში ერთი კატა ამედევნა ძაღლივით და სანამ იქაურობას ვათვალიერებდი, გიდობას მიწევდა. ჩემი ბაბუის ბაბუა და კიდევ იმისი ბაბუა სადგურში მუშაობდა თაგვების რისხვად და თავისი ორი თვალით დაინახა, როგორ ადიოდა ერკიულ პუარო “აღმოსავლეთის ექსპრესშიო”, – ასე მითხრა.
კატებს ნახავთ ყველგან – სასტუმროებსა და კაფეებში, მუზეუმებსა თუ მეჩეთებში. მიდიხარ და რომელიღაც პატივსაცემი იმამის აკლდამაში კატების მთელს ოჯახს გადაეყრები ერთი დუჟინი კნუტებით… არც არვინ ყრის იქედან, პირიქით – პატრონობენ. ჩვენში, მახსოვს, ვინმემ ფოტო ატვირთა ფეისბუქზე – ხატთან ჩამომჯდარი კატა და მახსოვს კომენტარები და ალიაქოთი.
სტამბოლი: მეტი კომფორტი ტურისტს
მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ
***ნაწილი 6***
ქალაქი, სადაც სიფრთხილეს არ სტკივა თავი
სტამბოლური ციკლის დასრულებას თურქეთის ტურიზმის პოლიციის რჩევებით ვგეგმავდი, მაგრამ ახლა, როცა ამდენი კარგი ვთქვი ამ ქალაქზე, არ მინდა, ვინმე შევაშინო, თან თურქეთში მეექვსედ ვიყავი (სტამბოლში – მეოთხედ) და ჩემი შთაბეჭდილებით, მშვიდი ქვეყანა, უაღრესად კეთილგანწყობილი და სტუმართმოყვარე ხალხია, ყოველთვის უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს (ხეზე ვაკაკუნებ) და არც პრობლემა შემქმნია რამე ამ მხრივ (ისევ ვაკაკუნებ
), ამიტომ, მარტივად გეტყვით – ისერინეთ, თუ გესეირნებათ, იმღერეთ, თუ გემღერებათ, ჩაიცვით რაც გნებავთ, მხოლოდ, მოუხმეთ ელემენტარულ გონიერებასა და სიფრთხილეს, რაც არსადაა ზედმეტი და სავსებით საკმარისია, რომ სტამბოლში შარში არ გაეხვიოთ:
- ცენტრალური ქუჩები, ტურისტული ადგილები ღამით კარგადაა განათებული, ბევრგანაა კამერები, პოლიციაც პატრულირებს, მაღაზიის ვიტრინებიც გაჩახჩახებულია, ხშირად, პატრონიც იქვეა. აქ სეირნობა უსაფრთხოა, მაინცადამაინც რომელსამე ჩებნელებულ ჩიხში ან უცნობ ეზოში ნუ დურთავთ თავს – ესაა და ეს;
- ქუჩაში ძარცვა იშვიათობაა, მაგრამ ჯიბის ქურდბაცაცები კი ბევრია, ამიტომ საფულე, კამერა, მობილური, ტაბლეტ-კომპიუტერი… უყურადღებოდ არ დატოვოთ. დიდი რაოდენობის ფულის ტარება თან სრულიად ზედმეტია – АТМ ყველა ფეხის ნაბიჯზეა და პლასტიკურ ბარათებსაც (განსაკუთრებით Master Card-სა და VISA-ს) ყველგან იღებენ;
- ერიდეთ უცნობი ადამიანებისგან “მაცდურ” შემოთავაზებებს – წავიდეთ, კარგი რესტორანი ვიცი და მეგობრობის სადღეგრძელო დავლიოთ, მაგარი ნაშები ვიცი იაფად, წამო ვიგრიალოთ და ა.შ. – თუ ღამის გართობა გსურთ, სტამბოლში ბევრი კარგი კლუბია, სადაც დრეს-კოდია, დაცვაა, კარგი პუბლიკაა, მათ ჩამონათვალს ტურისტულ გაიდში ბევრს ნახავთ;
- სადმე ბარში, შესაძლოა, გაიცნოთ კარგად ჩაცმული, მომხიბლავი მანდილოსანი, რომელსაც, თითქოს, თქვენსავით დროის გატარება და გართობა სურს და უარზე არაა, საღამო საინტერესოდ გაგრძელდეს,
ყველაფერი კი (შესაძლოა) დამთავრდეს იმით, რომ ბარში/კლუბში არანორმალურად ძვირი ჩეკის გადახდა მოგიწიოთ და მეტს ვერც ვერაფერს გამორჩეთ… ისე, მამაკაცი-კლიენტების გაწეწვის ეს მეთოდი – სატყუარით, ჩვენთან რაღაც ვერაა მთლად კარგად ათვისებული.
;
სტამბოლი გასტონომიული
მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ
***ნაწილი 5***
არაფერია ისე იოლი სტამბოლში, როგორც ზედმეტი წონის აკრეფა, ამიტომ ბევრი იარეთ ფეხით და მცირეკალორიული რამეები ჭამეთ.
მაგრამ ეს მეორე ოჰ, რა ძნელი შესასრულებელია! თურქებს ძალიან უყვართ სალათები – თქვენც გირჩევთ. არ დაგამძიმებთ და არ მიგაძინებთ. ტრადიციული სეზონური მევსიმ სალათასი (Mevsim salatası) მართალია თურქული ბოსტნეულით კეთდება და ჭოპორტის პომიდორს ვერ მოგართმევენ, მაგრამ მაინც საღი და გემრიელია.
თუ ადრე ადგებით, შეგიძლიათ ბოსფორიდან მზის ამოცურვით დატკბეთ და თან ბალიქ-ექმექით (Balık Ekmek – “თევზი და პური” – თევზის სენდვიჩია) წაიხემსისაუზმოთ. სანაპიროზე (და არამარტო) ყოველ ფეხის ნაბიჯზე ამზადებენ მიდიებს. ცხარეა და გემრიელი.
თუკი თევზი გიყვართ, ეწვიეთ ქუმქაფის (Kumkapi) უბანს მარმარილოს ზღვის სანაპიროზე. ეს ადგილი ცნობილია არცთუ ურიგო და არცთუ ძვირი თევზის რესტორნებით; თევზის კერძებს მოგართმევენ გალათას ხიდის ქვეშ განლაგებულ კაფე-რესტორნებშიც და თევზის მშვენიერი რესტორნები არის ხიდს გაღმა, ბეიოღლუს რაიონში, მაგრამ, წინა ნაწილშიც ვწერდი – ეს ბოლო “პეროიანი” რაიონია და ფასებიც, ცხადია, უფრო მაღალია. ზოგადად (ისევე როგორც თბილისში) “პრესტიჟულ”, ტურისტულ, გაპიარებულ უბნებში, ქუჩებსა და ადგილებში ფასები 2-3-ჯერ და კიდევ მეტჯერ მაღალია იმ ადგილებთან შედარებით, სადაც, მეტწილად, ადგილობრივები დადიან, თან სულაც არ იგულისხმება, რომ ძვირიან დაწესებულებებში მომსახურება უკეთესია – როგორც წესი, მომსახურება სტამბოლის ყველა წესიერ და სინდისიერ ობიექტში ძალიან კარგია. ეგ კი არა, ქუჩის მზარეულ-გამყიდველი ისე მოგიმზადებთ დონერ-ქებაბს (ჩვენებურად – შაურმას) ან ქეშთანეს (წაბლს) ისე შეგიწვავთ, რომ ფამუქის მოწონებული.
ნიშანთაშიში უამრავი კარგი რესტორანია. ყველა – საგრძნობლლად ძვირი.
თაქსიმიც – იგივე.
სტამბოლი შოფინგური
მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ
***ნაწილი 4***
ბაზრობები
ვხედავ, რომ ჩემს სტამბოლულ პოსტებს ბევრი ადამიანი კითხულობს, იმასაც ვხედავ, რომ ბევრი კითხვას შუიდან იწყებს
– მე-3 ნაწილის მკითხველთა რაოდენობა ლამის ორჯერ სჭარბობს პირველისას, ჰოდა საგანგებოდ მათთვის და ვინც კითხვას აქედან იწყებს, მათთვისაც, უნდა გავიმეორო, რაც უკვე დავწერე: ეს პოსტები ძალიან სუბიექტურია და თუკი ჩემი გემოვნება, ჰოი საკვირველებავ და არ ემთხვევა თქვენსას, გული ნუ მოგივათ. ახლა კი, გავიდეთ საშოფინგოდ.
სტამბოლის დიდი ბაზრის (Kapalıçarşı/Grand Bazaar) ნახვა ერთხელ მაინც ღირს, მითუფრო, რომ “ძველი ქალაქის” ბეიაზითის უბანშია და შორს წასვლა საჭირო არაა – თუნდაც ქუჩაში სეირნობისას გადააწყდები… ნახვა კი ღირს, მაგრამ რამდენად ღირს ვაჭრობა – ეს უკვე მეორე ამბავია. ინტერნეტ-ვაჭრობისა და ამერიკული მაღაზიების მიერ შემოთავაზებული 70%-იანი ფასდაკლებების ფონზე, სტამბოლის ბაზარში ტანსაცმლის ყიდვა სისულელე მგონია. რაც კარგია – იაფი არ იქნება და რაც იაფია – ან არ ვარგა ან, უბრალოდ, ფეიქია…
ვისაც საკუთარი თავის მოტყუება სურს, გრანდ ბაზარზე კიდევ უკეთესი ადგილიც მეგულება – ლალელისა და აქსარაის უბნები. “ჩელნოკები” ყოფილი სუსურუკუდან სწორედ ამ ადგილებს ეტანებიან. აქ სიიაფეა (სასტუმროების მხრივაც), ბევრი რუსულად მოლაპარაკე თურქი და არათუქრია და, საერთოდაც, ძალიან კარგად ნაცნობი “სავოკური” სიტუაციაა.
და ქუჩებია თავად ბაზრობა. სხვათა შორის, მოვაჭრეთა დიდი ნაწილი აფრიკიდანაა შემოხიზნული. რას არ ნახავთ აქ, რაგინდასულოდაგულო იმ “ბრენდს”, მაგრამ 15 ლარიანი “ლაკოსტი” და “არმანი” ლილოშიც ბევრია.
თუმცა, თურქეთში მომსახურებაა უკეთესი და ძალიან სწრაფი (მაქდონალდსაც შეშურდება) – მაგალითად, ტიპი გთავაზობს პოლო-რალფ ლორენის პერანგს. შენ ცხვირს იბზუებ – ეგ ბრენდი არ მევასებაო… იქვე, შენს თვალწინ ააცლის ცხენზე შემომხტარი კაცის ლოგოს და არწივს მიაკრავს და – უკვე არმანია.
- დოლმაბაჩეს მუზეუმის ბილეთის რიგში ოთხი დაქალი იდგა, მგონი – რუმინელები. ერთს LV-ის ჩანთა ეჭირა, მეორეს – CK-სა, მესამეს MK-ის და მეოთხეს კი – CD-ის… ეტყობოდათ, რომ წინა საღამოს სარფიანად ევაჭრათ აქსარაიში.
(ყურბან-ბაირამის დღეები იყო და გრანდ ბაზარი – დაკეტილი).
ფოტოობიექტივში დანახული სტამბოლი
მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ
***ნაწილი 3***
სტამბოლის ტურისტული ადგილების (ღირშესანიშნაობებს რომ ვეძახით) ჩამონათვალს ნებისმიერ ონლაინ სითიგაიდში ნახავთ (თუნდაც, აგერ ამ გვერდზე) შემდეგ კი, გემოვნებისა და ინტერსების ამბავია – ჩემთვის, რომის იმპერიის დიდი მოყვარულისთვის, შეიძლება, იმდროიდნდელი კენჭიც კარგი სანახავი იყოს, სხვამ კი არად ჩააგდოს, ამიტომ, მხოლოდ რამდენიმე პრაქტიკული რჩევა მაქვს:
მუზეუმები და მეჩეთები
- წინა დღით დაგეგმეთ მომდევნო დღე: სად წახვალთ, როგორ წახვალთ, როდის წახვალთ და რას ნახვთ – სტამბოლი უზარმაზარი ქალაქია და სანახავი – ძალიან ბევრი, ცოტა მეტი ორგანიზებულობა გაგიადვილებთ საქმეს. ტრანსპორტის სქემა ნახეთ. მისამართები ამოიწერეთ (ადრეც დავწერე და კიდევ გავიმეორებ – GPS-ოფლაინ რუკა მობილურში ან ტაბლეტში – მეტი რომ არ შეიძლება, ისე დაგეხმარებათ!).
- ისეთი მუზეუმები, როგორიცაა არქეოლოგიური ან თოფქაფეს სასახლე – უმდიდრესია. პირველს 4 საათის განმავლობაში ვათვალიერებდი, მეორეს – დაახლოებით 3 საათი. დღეს რომ დაგეგმავთ, ესეც გაითვალისწინეთ.
- სტამბოლის მუზეუმების დიდი ნაწილი ორშაბათობით დაკეტილია, ზოგიერთი – სხვა დღეებში, ზოგი 4 საათამდე მუშაობს, ზოგიც – უფრო გვიანობამდე – სანამ სასტუმროდან დაიძრებით, გადაამოწმეთ.
ტრამვაის ფანჯრიდან დანახული სტამბოლი
მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ
***ნაწილი 2***
რომელუბნელი ხარ, ეფენდი?
ძველი ქალაქი სულთანაჰმეთი (Sultanahmet) – ჩვენებური რიყეა, აქაა აია სოფია (Hagia Sophia), სულთან აჰმედის ე.წ. ლურჯი მეჩეთი (Sultanahmet Camii – ჯამიი) და სულთან მეჰმედის თოფქაფეს სასახლე (Topkapı Sarayı). აქვეა კონსტანტინოპოლის მტკნარი წყლის საცავი – ბაზილიკა ცისტერნა (Yerebatan Sarnici/Basilica Cistern) და არქეოლოგიური მუზეუმი. სულ პირველად რომ ჩავედი სტამბოლში ძველი ქალაქი ადმინისტრაციულად ემინონიუს (Eminönü) რაიონს ეკუთვნოდა, მეორედ ჩასვლისას კი აღმოვაჩინე, რომ ემინონიუ ფაათის (Fatih) რაიონს “გადაუსანსლავს”. ახლა ფაათი სტამბოლის ისტორიული გულია – სწორედ აქაა განლაგებული რომისა და ოთომანის იმპერიის დროინდელ შენობათა დიდი ნაწილი. “ძველი ქალაქი” უბნებით: სულთანაჰმეთი, ემინონიუ, ბეიაზითი (Beyazit)… – ტურისტული მექაა. მე-18 საუკუნეში ეს კვარტალი მიწისძვრამ დააზარალა და მის ხელახლა ასაშენებლად ფრანგი არქიტექტორები მოიწვიეს. საერთოდ, პარიზის გავლენა სტამბოლზე დიდია, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის მიმგვანებაც კი სცადეს.
ბეიოღლუ (Beyoğlu),იგივე – პერა ძველი ქალაქის შემდეგ, ალბათ, ყველაზე ცნობილი უბანია. აქაა ბოსფორის ყურე “ოქროს რქა” (Altın Boynuz/Golden Horn) სრუტეზე გადებული გალათას ხიდით (Galata Köprüsü/Galata Bridge). ქრისტეს (იგივე გალათას) კოშკიდან (Galata Kulesi) არაჩვეულებრივი ხედები იშლება ქალაქსა და ბოსფორის სრუტეზე. გალათას ხიდის სიახლოვეს მდებარეობს სირქეჯის (Sirkeci) სადგური, სადაც აღმოსავლეთის ექსპრესი ჩამოდგებოდა ხოლმე (კი, ზუსტად “ის” აღმოსავლეთის ექსპრესი). აქაა პერა პალასი – სასტუმრო, სადაც აღმოსავლეთის ექსპრესის მგზავრები ჩერდებოდნენ, სადაც აგათა ქრისთიმ თავისი ცნობილი რომანი დაწერა და სადაც, სხვათა გვერდით, ალფრედ ჰიჩქოქსაც უცხოვრია. პერას მუზეუმი, რომელიც ქოჩების ოჯახის მფლობელობაშია (შენობა ძალიან ლამაზია, მაგრამ თავად მუზეუმში არ ვყოფილვარ). ბეიოღლუს ნაწილია მოდური თაქსიმი მაღაზიებით, კაფეებით, ღამის კლუბებით. თუ გალათასარაის სკოლამდე მიხვალთ და პატარა ქუჩა ჯეზაირზე (Cezayir Sokak) თავქვე დაეშვებით, ფრანგულ უბანში აღმოჩნდებით. სხვათა შორის, შარდენ-ერეკლეს ქუჩის ალი-კვალია. მაგრამ – უფრო პაწია.
აქვეა ორჰან ფამუქის მუზეუმიც. ვისაც მისი “უმანკოების მუზეუმი” გაქვთ, “უმანკოების მუზეუმის” ბილეთიც გქონიათ და ისღა დაგრჩენიათ – ეწვიოთ. თუ წიგნი არ გაქვთ და ბილეთის აღება გიწევთ – მთელი 25 ლირა უნდა გაიღოთ. თაქსიმში მდებარეობს ისთიქლალი (İstiklâl Caddesi) – სტამბოლის რუსთაველის პროსპექტი, ევროპული არქიტექტურით, კაფეებითა და ბუტიკებით.
სტამბოლი და სტამბოლს მიღმა
მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ
გაფრთხილება
ეს ძალიან ვრცელი (და ძალიან სუბიექტური) სითიგაიდი იქნება (რმდენიმე ნაწილად) და მათთვის დავწერე, ვინც სტამბოლში გამგზავრებას აპირებს, სხვები ამსიგრძე პოსტის კითხვით თავს ნუ შეიწუხებთ. შევეცადე, პოსტი უფრო ინფორმატიული და პრაქტიკულად გამოყენებადი ყოფილიყო, ამიტომ, თუკი ცუდად შეკმაზული გეჩვენა, შენთვის არ დამიწერია.
***ნაწილი 1***
ყველა გზა კონსტანტინოპოლში მიდის…
…წლის ნებისმიერ დროს, თუმცა, საუკეთესო პერიოდი, იმჰო, სექტემბერ-ოქტომბერი და აპრილ-ივნისია. არც აუტანელი სიცხეებია და ამინდიც კარგია. გაზაფხულზე ყვავილები ყვავის და ქალაქში ტიტების ფესტივალი იმართება.
ყველაზე იაფი (40-50 დოლარი) თბილისიდან სტამბოლში მიმავალი ავტობუსის ბილეთია, რომელსაც ისე უნდა ერიდოთ, როგორც ერთაოზი – ფაეტონს, თუ რატომ, აგერ ლიტერატორის მონათხრობიდან გაიგებთ.
უფრო ძვირი დაგიჯდებათ, თუ მატარებლით ჩახვალთ ბათუმში, იქედან ეწვევით სარფს, ფეხით გადახვალთ საზღვარზე და გაყვებით ტაქსს ჰოფამდე (4 ადამიანი თუ მოგროვდებით ძვირი არ დაჯდება – 10 დოლარზე ნაკლები კაცზე), იქედან კი – სტამბოლის ავტობუსს (ეგეც კიდევ 50 დოლარი). ასე აცდებით “გურჯულ” სიტუაციებს ავტობუსში და რიგს საზღვარზე.
შეგიძლიათ ბათუმიდან გადახვიდეთ ტრაბზონში, საიდანაც იაფი რეისების ცვენაა სტამბოლამდე (60 დოლარადაც კი შეიძლება ორი გზის შეკვეთა, ოღონდ, თუ თადარიგს დაიჭერთ და ადრიანად აიღებთ ბილეთს).
მაგრამ რატომ უნდა იწვალოთ, როცა არსებობს პეგასუსის ავიახაზები?
არც პეგასუსის თანამშრომელი ვარ, არც რეკლამაში მიხდიან ფულს, მაგრამ ამ ავიაკომპანიას მშვენიერი მომსახურება აქვს (ახლა უკვე ბათუმიდანაც დაფრინავს, თუმცა ეს “ბათუმიდან” პირობითია – ტრანსფერია ჰოფამდე ავტობუსით და იქედან უკვე – თვითმფრინავით) და მხოლოდ ერთი მინუსი – ჯანდაბაში ჯდება: თუ თურქიშის ათათურქის აეროპორტი ლამის ქალაქშია, პეგასუსის საბიჰა გიოქჩენის (Sabiha Gökçen) აეროპორტი ოფიციალურ უკანალშია, საიდანაც სტამბოლამდე საათზე მეტია საჭირო (საცობების გათვალისწინებით) და ტაქსი ძალიან ძვირი ჯდება (50 დოლარი), მაგრამ ეს ავიაკომპანია ნამდვილად კარგი სერვისითა და დაბალი (სხვებთან შედარებით) ფასებით გამოირჩევა, რაც ამ მცირე უსიამოვნებას სრულად ფარავს. ამასთან, აეროპორტიდან ქალაქში მიდის ე.წ. შატლი ჰავათაშ ბას (Havataş Bus), რომელიც სულ რაღაც 12 ლირა ღირს და თვითმფრინავის დაჯდომიდან 30 წუთში გადის. ერთს თუ ვერ მიასწარით, ნუ აღელდებით, სულ მალე მეორე გავა და ასე მთელი დღე-ღამის განმავლობაში. ის პირდაპირ თაქსიმამდე მიგიყვანთ – სტამბოლის რუსთაველამდე. IAS შატლი უფრო ძვირი დაგიჯდებათ (15 ევრო), სამაგიეროდ გაცილებით სწრაფია, სულთანაჰმეთამდეც მიდის, და, თუ სურვილი გაქვთ – სასტუმრომდეც. თან მძღოლი დაგხვდებათ აეროპორტის გამოსასვლელთან.
2011 წლის 60 წამი
2011 წელს ყოველ 1 წუთში:
- 925 ადამიანი ყიდულობდა iPhone 4S-ს
- 18 ადამიანი ყიდულობდა Kindle Fire-ს
- 800 ადამიანი ყიდულობდა კომპიუტერს
- 450 ადამიანი ყიდულობდა Windows 7 CD-ს
- 103 ადამიანი ყიდულობდა BlackBerry-ს
- 950 ნივთი იყიდებოდა e-bay-დან
- 1’100 აკრი (0,405 ჰექტარი) მიწა იხვნებოდა და ითესებოდა FarmVille-ში
- 11 მილიონი ადამიანი აგზავნიდა მესიჯს-ს
- 2’100 ადამიანი შედიოდა foursquare-ში
- 2 მილიონი ადამიანი კი ასთრიმინგებდა პორნოს
იპოვნე შენი თავი 2011 წლის მსოფლიო რუკაზე!
ჩემი. შენი. ალენის. პარიზი
ოუენ უილსონი – ვუდი ალენის როლში.
პარიზი – ნიუ იორქის როლში.
ვან გოგი – მონეს როლში.
ვუდი ალენს გადღებული აქვს “მანჰეთენი” – გენიალური ფილმი ნიუ იორქზე. “ვიქი, ქრისთინა, ბარსელონა” – გაუდის ქალაქზე. “შუაღამე პარიზში” კი იმ ქვეყნის დედაქალაქზეა, სადაც ალენი განსაკუთრებთ უყვართ. სადაც მას ბევრი პრიზი აქვს მიღებული. სადაც მისი ფილმებს განსაკუთრებით ელიან. სადაც ის ცხოვრობდა და რომელიც მუდამ მასთანაა.
მოხდა ისე, რომ ფილმის მთავარი გმირი, ამერიკელი კინოსცენარისტი და მწერალი გილ ფენდერი თავის საცოლესა და სასიმამრო-სასიდედროსთან ერთად პარიზში აღმოჩნდება. მართალია, ამ ოთხეულიდან პარიზში გამგზავრების იდეა მხოლოდ მას ხიბლავს, მაგრამ… გიოცნებიათ თუ არა, გალაკტიონთან ერთად “ლეჩკომბინატის” მე-4 სართულიდან გადმოხტომაზე? ლადო ასათიანთან ერთად აბასთუმნის ტუბ-დისპანსერის პალატაში მოხვედრაზე? მაშინ, თქვენ იოლად გაუგებთ გილს, რომელიც ასევე ოცნებობს მის კერპებთან შეხვედრაზე – ფრენსის სქოთ ფიცჯერალდთან, ერნესთ ჰემინგუეისთან, გერთრუდ სთაინთან… თუმცა, გერთრუდ სთაინი რა საოცნებოა – სიიდან ამოვშალეთ. ვინც სიაში დარჩა – იმათზე ოცნებობს და ამიტომ თავისი გააქვს და პარიზში ჩადის. ჰო, უილსონი 21-ე საუკუნის პარიზში ჩადის, ფიცჯერალდი და ჰემინგუეი კი მე-20 საუკუნის 20 წლებში ცხოვრობდნენ იქ და ქალბატონ სთაინის სულელურ ნოტაციებს უსმენდნენ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ეს ხომ ალენია. და ეს პარიზია. აქ ყველაფერია შესაძლებელი.























