Blog Archives
დააბალანსე!
Demonstrating responsible leadership, we build global brands that athletes are proud to wear, associates are proud to create and communities are proud to host.
New Balance corporate mission
იყო და არა იყო რა, იყო ერთი კაცი სახელად უილიამ რაილი (William J. Riley), რომელსაც უყვარდა გოგლი-მოგლი, ამიტომ ყავდა ერთი შავი დედალი, რომელიც ეზოში დაკრიახობდა, საკენკს კენკავდა და საგოგლი-მოგლო თეთრ კვერცხებს დებდა.
ულიამ რაილის ასევე ძალიან უყვარდა ყვავილები, ამიტომ ყავდა მებაღე საიმონი, რომელიც ყოველ დღე ბარავდა და რწყავდა მიწას. მებაღე და ქათამი ერთმანეთთან მწყრალად იყვნენ – ქათამს ყვავილების ძიძგნა უყვარდა, საიმონი კი მას ცოცხით იგერიებდა.
ერთ მშვენიერ დილით, როდესაც უილიამ რაილი თავის გოგლი-მოგლს მიირთმევდა და თან ეზოში გამართულ ბატალიებს ადევნებდა თვალს, იმაზე დაფიქრდა, თუ როგორ ახერხებდა მსუქანი შავი დედალი მებაღე საიმონისგან დასხლტომას და ასე სწრაფად სირბილს… რაილი გამომგონებელი იყო, ორთოპედულ ფეხსაცმელებს აწარმოებდა და გადაწყვიტა ქათმის გამოცდილება თავის საქმეში გამოეყენებინა – მან შექმნა ფეხსაცმლის საფენი (სუპინატორი), რომელიც ადამიანის ტერფს საშუალებას აძლევს სამ საყრდენ წერტილზე დადგეს, ზუსტად ისე, როგორც ამას ქათამი აკეთებს – ანუ იდეალური ბალანსი მონახოს. ამ მიგნებამ რაილის აღიარება მოუტანა და 1906 წელს 33 წლის ემიგრანტმა
ინგლისიდან ქალაქ ბოსთონში დააფუძნა New Balance Arch Support Company.
რა გვაჩუქა ამერიკამ?
საუბარი, რა თქმა უნდა, მსოფლიო მოდაში ამერიკის შენაწირზეა და, პირველ რიგში, ეჭვგარეშეა, ჯინსის შარვალი უნდა დავასახელოთ.
1. ლურჯი ფერის ხუთჯიბიანი ჯინსის შარვალი მეტალის მოქლონებით – ამერიკული კლასიკა, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო.
დღეს ჯინსის შარვალი დედამიწის ზურგზე, უდავოდ, ყველაზე პოპულარული casual სტილის ტანსაცმელია, რომელსაც მსოფლიოს ყველა წერტილში შეხვდებით. ის ნებისმიერი ასაკის, სქესის, რასის, პოლიტიკური გემოვნებისა თუ რელიგიური აღმსარებლობის ადამიანს აერთიანებს. მეტიც, ყოველდღიური ცხოვრებიდან მან უკვე პოდიუმებზეც ააბიჯა (ამ საქმეშიც, გასაკვირი არაა, ამერიკელი დიზაინერები იყვნენ პირველები –კერძოდ კი ქელვინ ქლაინი, რომელმაც 1978 წელს შექმნა ჯინსის შარვლების საავტორო კოლექცია).
“ბოტასი” და ბოტასი
რას ეძახიან ასლის გადამღებ აპარატს? ქსეროქსს. ფოტოაპარატს, რომელიც თავადვე ამჟღავნებს და ბეჭდავს სურათებს? პოლაროიდს. რა ქვია სპორტულ ფეხსაცმელს? კითხვაც არ უნდა, რა თქმა უნდა – ბოტასი.
დღეს ეს სიტყვა, შეიძლება, ბევრს აღარც ახსოვდეს, არადა არც ისე შორეულ 70-ებში ვინ იყო იმ ბავშვზე ბედნიერი, რომელიც ”სპეკულიანტებთან” ნაყიდ ბოტასებში გამოეწყობოდა?
სინამდვილეში ”ბოტასი”, ისევე როგორც ”ქსეროქსი” ან ”პოლაროიდი” ფირმის სახელწოდებაა. მას შემდეგ, რაც ცნობილი ჩეხი ფეხსაცმლის მწარმოებლის, ბატიას ოჯახი აშშ-ში გაიქცა (იხილე წერილი ”ბატა” და ტომაშ ბატია” ), რამდენიმე მეწარმემ, რომლებიც ”ბატია”-სთან თანამშრომლობდა, გადაწყვიტა საკუთარი ფირმის ჩამოყალიბება და 1949 წელს ოფიციალურად დააფუძნა ფირმა ”ბოტასი”.























