Category Archives: StyleBox

ესპადრილები კასტანიეთა მხარიდან

- ასეთი ფეხსაცმელი თუ გაქვთ, ოღონდ – ქუსლიანი?

- ამ ფეხსაცმელს ქუსლი არ სჭირდება.

- მე კი მჭირდება! გაუკეთეთ ქუსლი და მთელ პარტიას შევიძენ.

ქალი განცვიფრებული მისჩერებოდა. ის. მისი მამა. მისი ბაბუა ყველანი ესპადრილების წარმოებით იყვნენ დაკავებულნი და ასეთი ახირებული კლიენტი ჯერ არ ენახათ. მაგრამ ერთ დროს წარმატებული ბიზნესი სულს ღაფავდა, კომპანია გაკოტრების პირას იყო, სტუმარი კი მთელი პარტიის ყიდვას ჰპირდებოდა და არც ფულს უჭერდა ხელს, ჰოდა, რა გაეწყობოდა – ბაბუის სულს პატიება სთხოვა და ქუსლიანი ესპადრილების კერვა დაიწყო. ეს ამბავი გასული საუკუნის 60-იანების მიწურულს მოხდა. ქალს იზაბელ კასტანიე ერქვა, ახირებული კლიენტის სახელი კი ივ სენ ლორანი იყო.

შემდეგ რა მოხდა, იოლად მიხვდებით – ივ სენ ლორანმა ისევე გააპოდიუმა ესპადრილები, როგორც ქელვინ ქლაინმა – ჯინსები და მაღალი მოდის ნაწილად აქცია.

Read the rest of this entry

უნარ-ჩვევები.კომ

როგორ მოხვდი მანდა? უპასუხე უფროსსა!
ბავშვობიდან აქა ვზივარ!
ბავშვობიდან აქა ვზივარო…
ჰმ! ხუმრობს?
ირაკლი კვირიკაძე, “ქვევრი”

ვხუმრობ. ბავშვობიდან ნამდვილად არა, მაგრამ მე-4 წელი კი იქნება, რაც ონლაინ შოფინის ძირგავარდნილ ქვევრში ჩავძვერი და მას მერე კი ვზივარ იქ. 122+1 ამანათი მაქვს მიღებ-ჩაბარებული. 4 წელიწადი არაა ბევრიო, ეგებ, იფიქროთ. ვისთვის ბევრია, ვისთვის – ცოტა. ადრე ნაყიდ ნივთებს აშშ-ში ჩემს საფოსტო ყუთში ვაგროვებდი და ერთ ამანათად მიგზავნიდნენ ხოლმე. მაშინ 1’500 ლარამდე ღირებულების გზავნილები განბაჟებისგან თავისუფალი იყო, შემდეგ ეს ზღვარი 300 ლარამდე დაწიეს. ცოტაა. მაგრამ ეს იქეთ იყოს. მოკლედ, 4 წელია ონლაინვშოფინგობ და ადრე პოსტიც დავწერე ამ ამბავზე. რამდენიმე რჩევის უფლებაც მივეცი თავს. ახლა კი იმ ონლაინ მაღაზიაზე მოგიყვებით, რომელსაც ჩემი უნარ-ჩვევები. კომ ჰქვია იგივე MyHabit.com. თუმცა, ვინც ეს საიტი იცით (უმრავლესობამ, ალბათ, იცით) ჩემს პოსტში ახალს ვერაფერს გაიგებთ და დროს ნუ დაკარგავთ – სხვა ბლოგზე გადადით.

0

Read the rest of this entry

თვალ-კენარი

მახსოვს, ზაფხული იყო. ივლისი. ბორჯომში ვისვენებდი. იქ ერთი ბიჭი იყო. მე ძალიან დიდი მეგონა, თუმცა, პატარა რომ ხარ, ყველა უფროსი ძალიან დიდი გგონია, მერეა რომ ასაკში ზღვარი იშლება ხოლმე. ჰოდა, ის ბიჭი, ალბათ, ჯერ ისევ თინეიჯერი იყო, მაგრამ მე, სკოლის მოწაფეს ძალიან დიდი მეჩვენებოდა. სათვალეს ატარებდა და თან ძალიან უცნაურ სათვალეს – მზეში სათვალის შუშები ფერადი იყო და ჩრდილში კი თეთრდებოდა. შურიანი ბავშვი არასდროს ვყოფილვარ, ღმერთმანი (მხოლოდ – ზომიერად :) ), მაგრამ იმ ბიჭისა ძალიან მშურდა – მეც მინდოდა ეგეთი ჯადოსნური სათვალე. მახსოვს, ხმამაღლა ვთქვი, ნეტა ასეთი სათვალე მეც მქონდეს-მეთქი და მამაჩემმა მითხრა – მაგას ეგ სათვალე იმიტომ აქვს, რომ თვალს აკლიაო, შენ კიდე ჭკუას, მაგას რომ შეჰნატრიო. :) ჰოდა, გავიდა დრო და იმ ბიჭის ასაკისა გავხდი და ამიხდა კიდეც ის ნატვრა… ვინ იცის, რამდენი რამე მინატრია ბავშვობაში და მარტო ორი ამიხდა – ერთი თვალს დამაკლდა და მეორე დისნეილენდში მოვხვდი. თან ჯერ ცუდი ამიხდა და მერე კარგი. :) ჯერ მწარე ჭამე კვლავ ტკბილიო – დავითის მცნების თანახმად.

Read the rest of this entry

ომის ქარ-ცეცხლში წრთობილი…

Burberry-trenchსათაური ვინც წაიკითხეთ, ალბათ ელით, რომ პოსტი ჯარის რომელსამე შენაერთზე იქნება ან რამე გამანადგურებელ იარაღზე ან ბრძოლის წარმოების ტაქტიკა-სტრატეგიაზე… ვერ მოგართვით! ეს პოსტი ერთ სამხედრო პლაშჩზეა – ტრენჩზე, რომელმაც გაერთიანებული სამეფოს არმიის ფეხოსანთა ნაწილები წვიმასა და თოვლში გამოატარა.

ტრენჩი (trench coat – თრენჩქოუთ – სასანგრე პალტო) 1901 წელს მისი უდიდებულესობის სამხედრო უწყების შეკვეთით შექმნა ინგლისელმა ტანსაცმლის მეწარმემ თომას ბარბერიმ (Thomas Burberry). გაბარდინის ორბორტიანმა, გრძელმა და მოხერხებულობისთვის უკან კალთაჩაჭრილმა სამოსმა, ფართო საყელოებითა და მანჟეტებით, პაგონებით და ქამრით სრულად დააკმაყოფილა თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის მიერ წამოყენებული მოთხოვნები – თბილი, წყალგაუმტარი, გამძლე, მჩატე და მოხერხებული. ბარბერის პლაშჩს არ ეშინოდა არც წვიმისა და არც ქარის, არც ტალახისა და არც თოვლის, ერთი ეგ იყო, მტრის ტყვიას ვერ აჩერებდა, თორემ სხვამხრივ იდეალური სამხედრო სამოსი იყო. თავდაპირველად სამხედრო უწყება მათ მხოლოდ რიგითი ფეხოსანი მეომრებისთვის იძენდა, მაგრამ სულ მალე ოფიცრებმა თქვეს – ღმერთი არა გწამთ? ჩვენც ხომ ისევე გვაწვიმს და ქარიც იმავ ძალით გვიბერავს, რაც რიგითებსო. შეუძინეს მათაც. მაშინ სხვა სამხედროები განაწყენდნენ – კავალერისტები, მფრინავები, მეზღვაურები…  როდემდე უნდა ვიაროთ ამ დედოფალვიქტორიასდროინდელ ძველმანებშიო? ან შეგვიკერეთ ტრენჩები, ან ჩვენ-ჩვენ ბატალიონებს მივატოვებთ და Thomas-Burberryყველანი ფეხოსნებად ჩავეწერებითო. თომას ბარბერის საქმეც “გორაში” წავიდა – სამხედრო შეკვეთებმა ის ბრიტანეთის ერთ-ერთ უმდიდრეს მეწარმედ აქცია.

Read the rest of this entry

მყრალი პოსტი

ეძღვნება “უან მენ შოუ”-ს უსახელოდ შეწირულ თაობებს.

პოსტს გრძელი და უაზრო შესავალი აქვს, გირჩევთ, გადაახვიოთ და კითხვა პირდაპირ არმანიდან დაიწყოთ.

ამბობენ, იმ შავ და უხსენებელ დროს, საბჭოთა რომ ერქვა, თბილისი იყო ქალაქი, სადაც მთელს სუსურუკუში ყველაზე მოხდენილად ეცვათ. თბილისი იყო ქალაქი, სადაც “ვოგი” და “ელი” თუარა, რომელიმე პოლონური მოდის ჟურნალის უახლესი ნომერი ყველა ოჯახში ინახებოდა. თბილისი იყო ქალაქი, სადაც საუკეთესო თერძები (მაშინ სიტყვა კუტურიე რა იყო არვინ იცოდა და მათ, უბრალოდ, მკერავებსა და “პარტნიხებს” უძახდნენ) ებრძოდნენ კიროვის სახელობისა და ლენინის ორდენოსანი ტრიკოტაჟის ფაბრიკის სიმახინჯეებს. თბილისი იყო ქალაქი, სადაც “კრასნაია მასკვას” ტუალეტის ჩასარეცხადაც არ ხმარობდნენ და ჯექი ქენედი რომ იპკურებდა საღამოს რაღაც სუნამოს, იმის სახელი ნახევარმა თბილისმა იცოდა უკვე დილით. და ზოგს უკვე ტრილიაჟზეც ჰქოდა ამაყად შემოდებული.

Read the rest of this entry

ბანანის (საქართველოს) რესპუბლიკა

ბანანის რესპუბლიკას უწოდებენ ქვეყანას, რომლის ეკონომიკა დიდწილად დამოკიდებულია ერთ რომელიმე საექსპორტო პროდუქტზე (სოფლის მეურნეობის პროდუქცია იქნება თუ წიაღისეული). ტერმინი პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც 1904 წელს ის ო. ჰენრიმ გამოიყენა რომანში “კომბოსტო და მეფეები”.

სწავლულ კაცთა განმარტებიდან

BR logoთუ ახლა გაგკრათ, რომ ბლოგი შეგეშალათ – არ შეგშლიათ. ნამდვილად StylishBlog-ს კითხულობთ, ამიტომ ბანანის რესპუბლიკები თავიანთ თავს მიხედავენ როგორმე და მე კი Banana Republic-ზე დავწერ.

Banana Republic ამერიკული მოდის მოდური ბრენდია, რომელმაც განსაცვიფრებელი ტრანსფორმაცია განიცადა არსებობის 30 წლის მანძილზე – 1978 წელს კომპანია ბაზარზე აფრიკულ-ტროპიკული ქვეყნების ბუნებით, ფერებითა და არომატებით შთაგონებული ადგილ-ადგილ ფერადი, ადგილ-ადგილ პრაქტიკული, ერთობ ეკზოტიკური და ცოტა გიჟური სამოგზაურო ტანსაცმლით შემოვიდა (საფარი-პერანგებით, მრავალჯიბიანი ქურთუკებით, შორტებით, სანდლებით, ჩალის შლაპებითა და რაღაც ასე), დღეს კი კლასიკური, კონსერვატიული, საოფისე და უიქ-ენდური ტანსაცმლის მწარმოებელია. სიგიჟეები და ეკზოტიკა უკან მორჩა. Banana Republic-ის პერანგითა და კოსტიუმით წახვალთ ბანკში, შესვენებაზე დალევთ ყავას და წაეფლირტავებით გვერდითა კაბინეტში მომუშავე კოლეგა-გოგონას, ხოლო კოლეგა-მამაკაცს დაელაპარაკებით ევროსა და დოლარის კურსზე, Banana Republic-ის მაისურით ან პულოვერით წახვალთ პაბში, ითამაშებთ ბილიარდს და ისაუბრებთ ფეხბურთსა და პოლიტიკაზე. 

Read the rest of this entry

შავი ყუთის რაინდები

თამაშთა თეორია

ChGKამ ოთხი ათეული წლის წინ საბჭოთა ტელევიზიაზე მოსაწყენი და უღიმღამო რამ დედამიწის ზურგზე თუ არსებობდა, არ მგონია. ორი ცენტრალური არხი იყო სულ – ერთზე კირილოვი გამოდიოდა, მეორეზე კი – ბრეჟნევი. მონაცვლეობით. და ვინ იცის, ვის დანახვას უფრო მეტი გულფანცქლით ელოდნენ. მგონი მაინც – კირილოვის.

მერე კი გამოჩნდა კაცი, ვისაც ამ ორთავეზე მეტი ადამიანი უყურებდა… უფრო სწორად, კი არ უყურებდა – უსმენდა. გამოჩნდაო დავწერე, მაგრამ ის კაცი ეკრანზე არ ჩანდა. ხმა ისმოდა მხოლოდ. თავად კი სადღაც იმალებოდა ზურმუხტქალაქის ჯადოქარივით. მართლა ჯადოქარი იყო. ქვეყანაში, სადაც პრეფერანსის თამაშისთვის იჭერდნენ ხალხს, ცენტრალური ტელევიზიის პირველ საკავშირო არხზე კირილოვისა და ბრეჟნევის გამოსვლებს შორის კაზინო გამართა… მართალია, ამ კაზინოში ფულზე არ თამაშობდნენ, მაგრამ “რულეტკა” ტრიალებდა, პრიზებს იგებდნენ, იყო ბურჟუაზიული აზარტი და სრულიად არასაბჭოური სანახაობა. ეს გასაოცარი ადამიანი საბჭოთა მარშლის მოგვარე ვლადიმირ ვოროშილოვი იყო, მის მიერ მოგონილი თამაში კი მსოფლიოში პირველი ინტელექტუალური ტელესამორინე – “რა, სად, როდის”. ბზრიალა 1975 წლის 4 სექტემბერს დაატრიალეს პირველად და მას მერე არ გაჩერებულა. დღეს საქართველოშიც თამაშობენ, უფრო მეტი – უყურებს. წლების განმავლობაში ამ თამაშმა ერთგვარად კი იცვალა სახე, მაგრამ დიდწილად მაინც ისაა, რაც თავდაპირველად იყო.

Read the rest of this entry

საგრაფო ჟაკეტი

თბილა თუ არა, გვინდა თუ არა, ორ დღეში მაინც დაგვაზამთრდება.

Cardigan-Craigმე არ მინდა, მაგრამ ვინ მკითხავს – აცივდება, ალბათ და ყინვებიც იქნება. ჰოდა, გადავქექე ჩემი გარდერობი. საშემოდგომო რამეები იქეთ გადავკიდე, საზამთრო რამეები – აქეთ გადმოვკიდე. კარდიგანებიც.

კარდიგანი ისაა, ჟაკეტსაც რომ უძახიან ჩვენში. შეცდომით. სინამდვილეში კარდიგანი ჰქვია, უფრო ზუსტად თუ გამოვთქვამ – ქარდიგანი. ასე ეწოდება უელსის ქალაქ-საგრაფოს, რომლის რიგით მე-7 გრაფს, სერ ჯეიმს ბრადენელს (James Thomas Brudenell) უნდა უმადლოდეს ეს მშვენიერი, თბილი, მოხერხებული და ელეგანტური სამოსი თავის პოპულარობას. ამ ამბებს კი მთელი ორი საუკუნე გვაშორებს.

სად გენერალი და სად დიზაინერობაო, იფიქრებთ, მაგრამ სერ ჯეიმსი ერთი ახირებული, თავისნათქვამა და უცნაური კაცი იყო. დაუდგრომელი. ყველაფერი ეინტერესებოდა. ახალგაზრდობაში მრავალი ქვეყანა შემოევლო. რუსი ქალებით მოიხიბლა. შემდეგ – შვედი ქალებით. გემოვნებას – ვერ დავუწუნებ. :) სხვათა შორის, მოგვიანებით ისიც კი მოახერხა, რომ ცოლი და საყვარელი ერთმანეთს დაუმეგობრა და ცხოვრობდნენ სამივენი ასე ტკბილად. ორგზის პარლამენტის დეპუტატი იყო და ორთავეჯერ გამოაგდეს იქედან, რაკი ხმას ისე აძლევდა, როგორც მოეპრიანებოდა და არა როგორც მისი პარტია, ტორები მოითხოვდა. მესამედ რომ იყრიდა კენჭს, ერთ-ერთ უბანში ოპონენტი კანდიდატის მომხრეებმა ისე სცემეს, ძლივს გამოასწრო (კი, მაშინაც ხდებოდა ეგეთი რამეები)… ჰოდა, არ იკითხავთ, რა ქნა? მიბრუნდა უკან და 20’000 მაშინდელი ფუნტი (დღევანდელი კურსით მილიონზე მეტი) დახარჯა ამომრჩევლების მოსასყიდად და თავისი გაიტანა – არჩევნები მოიგო.

Read the rest of this entry

სტილიაგები

ამბოხის თეორია

“საბჭოთა ქალიშვილებო, გახსოვდეთ, ვინც დღეს ჯაზის მოსმენას გთავაზობთ,
ის ხვალ ორალურ სექსს მოგთხოვთ!”
გაზეთი “კომსომოლსკაია პრავდა”, 1956 წელი

Stilyagi-posterაი, ისიც – მწვანესახელოებიან ნარინჯისფერ კურტაკში, ზურმუხტისფერ ფართო შარვალსა და წითელ-შავ ფერებში გაწყობილ ფეხსაცმელებში. რაფაზე შემოჯდა და ფეხი-ფეხზე გადაიდო – მისი წინდების ფერმა ყველას თვალი მოსჭრა… – ასე გამოიყურებოდნენ ახალგაზრდები, რომელთაც 1949 წელს ჟურნალმა “კროკოდილმა” დაცინვით “სტილიაგები” უწოდა. ეგ სადაური დაცინვააო, გაიფიქრებთ. სადაური და საბჭოური, სადაც “სტილი”, დასაცინს ვინ ჩივის, კოდექსში გაწერილი სტატია იყო. თუმცა, თუ ზემოთმოყვანილ აღწერილობას ვენდობით, იმდროინდელი სტილიაგები მაინცადამაინც სტილიაგურად ვერ გამოიყურებოდნენ – უფრო ეკლექტიკურად და ეპატაჟურად, მაგრამ ეს ხომ ჯერმხოლოდ 40-იანი წლების ბოლოა – ომი ახლადდამთავრებულია, გაჭირვებაა, ახალი ოკეანესგაღმური “შმოტკები” სანთლით საძებარია, ცოცხალი უცხოელის ნახვის შანსი ქუჩაში იგივეა, რაც მფრინავი თეფშისა – ცაში. არც საზღვარგარეთული მოდის ჟურნალებია და არც ტელეგადაცემები, სამაგიეროდ არის ე.წ. “ტროფეინი” ფილმები – ეს ფილმები წითელმა არმიამ როგორც სამხედრო ალაფი ისე ჩაიგდო ხელთ, როდესაც გერმანიის უდიდესი კინოსტუდია “უფა” დაიკავა. მათი ნაწილი გერმანული იყო, თუმცა ბევრი იყო ევროპული და ჰოლივუდური ნაწარმიც. საბჭოელმა კინონომენკლატურამ ეს ფილმები გამოხშირა, იდეოლოგიურად “ნაკლებმავნეები” გადაარჩია და 40-იანების ბოლოს საბჭოურ ეკრანებზე გაუშვა.

Read the rest of this entry

სამამულო Beach style by თაკო გვაზავა

პოსტის ავტორია თაკო გვაზავა

ჩვენ, ქართველები, რომ სუპერ-გასაოცარი ხალხი ვართ, ეს უკვე არ-ახალია. საოცარი ტრადიციებით, საოცარი გეო-პოლიტიკით, კიდევ უფრო საოცარი დამოკიდებულებებითა და კულტურით. მე ამ უკანასკნელის კონკრეტულ განშტოებაზე – საკურორტო კულტურაზე, კერძოდ, კი ჩვენებულ სამამულო საზღვაო სტილზე მინდა გესაუბროთ, რომელიც შოკს იწვევს ჩემში ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ზოგადად სტილის შეგრძნებამ გაიღვიძა პატარა „მე“-ში და დღემდე წარმატებულად ახორციელებს ჩემს დაშოკვას, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი დრო გავიდა, მოდაც ბევრჯერ შეიცვალა, ჩვენი მსოფლხედვა და „სტილხედვაც“ მნიშვნელოვნად დაიხვეწა, ჩვენ თვალსა და ხელს შუა განვვითარდით და თვით დიდი ევროპის ნაწილიც კი გავხდით.

Shauna_Sand_on_beachთუმცა, როგორც ჩანს, არ შეცვლილა ის დაჟინებული და ხაზგასმული სტილის აღქმის უუნარობა, რომელიც, სიმართლე ვთქვათ, და ზოგადად კავკასიელებს ასე გამოარჩევს ევროპელებისგან. აბა სხვას რას მივაწერო ის, რომ ყოველ ჯერზე, ყოველ წელს ქართულ პლაჟზე გასვლისთანავე თვალში გვხვდება მაღალ შპილკა-ქუსლებზე ამხედრებული და სახეზე საღამოს მაკიაჟით მორონინე ახალგაზრდა გოგონები. პირველ რიგში, აუცილებლად ვეჭვდებით, რომ შემთხვევით მის საქართველოს კასტინგზე ხომ არ მოვხვდით, დასასვენებლად და ზღვაში საჭყუმპალაოდ მომართული კამპანიის ნაცვლად. იგივე გოგონებს საღამოს რესტორანში უკვე ბენსიმონებში ან კეტებში და მოკლე შორტებში გამოწყობილებს ვხვდებით. რა პრობლემაა…

Read the rest of this entry

როგორ მიაჩმორა დიდმა მაკმა კრიტიკოსები

ექიმები: “მაქდონალდსი” ნელი სიკვდილია!
“მაქდონალდსის“ კლიენტები: არც არსად მიგვეჩქარება!

McDonalds-art-of-selling2004 წელს კინოდოკუმენტალისტმა მორგან სფარლოქმა გადაიღო ფილმი “გიგანტური მე” (Super Size Me) – ამბავი ადამიანისა, რომელიც 30 დღე იკვებებოდა მხოლოდ МcDonalds-ის საკვებით და  ჰადაჰა და მოკვდა… ფილმს ოსკარზე ნომინირების პატივიც ხვდა წილად. წარმატებით გულგახარებულმა სფარლოქმა განაცხადა, რომ მან ვამპირს მკერდში პალო ჩაასო…

ვერ მოგართვით!

მაშინ, როცა МcD-ს კონკურენტები Burger King, Wendy’s ბაზარს კარგავენ, “მაქდონალდსი” პოზიციებს იმყარებს… დღეს მისი წილი ბაზარზე თითქმის უტოლდება სხვა ოთხეულის (Subway, Starbucks, Burger King და Wendy’s) ერთობლივ წილს. მიუხედავად კრიზისისა, МcD ლამის ერთადერთი იყო, რომლის შემოსავალი გასულ წელს 2008 წელთან შედარებით 13%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ “მაქდონალდსი” თვალ-ყურს ადევნებს მოდის ტენდენციებს და ცდილობს, მენიუ გაამრავალფეროვნოს ნაკლებკალორიული საკვებით – მისი ტოპ-ჰიტი კვლავ Big Mac-ია, რომელიც რჩება ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად გაყიდვად პროდუქტად მსოფლიოში (2,5 მილიონი ცალი დღეში).

Read the rest of this entry

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 210 other followers

%d bloggers like this: