Category Archives: FoodBox
სტეიკჰაუსი
- რესტორანში ბიფშტექსის შეკვეთა მინდოდა და კინაღამ ენა მოვიტეხე.
- მერედა, რას წვალობდი? ვერ შეუკვეთე ლობიო?
ხალხური სიბრძნე
კარელ ჩაპეკს თუ დავუჯერებთ, მსოფლიოში პირველი სტეიკი (Steak) პრომეთემ მოამზადა და სწორედ ამ მიზნით გამოსცინცლა ცეცხლი ღმერთებს. ალბათ, ასეც იყო, ტყუილად ხომ არ მიიჩნევდნენ რომაელები სტეიკს ღმერთების საკვებად – ქურუმები ტაძრებში შესაწირ ხორცს გრილზე წვავდნენ.
ჩვეულებრივმა მოკვდავებმა სტეიკის ჭამა შუა საუკუნეებში დაიწყეს, მაგრამ თავდაპირველად მას მხოლოდ ღარიბები მიირთმევდნენ – სტეიკისთვის ხორცს ხომ მხოლოდ დაჩაჩანაკებული, დაავადებული და სული ძლივს რომ ეჭირა ისეთი საქონლის დაკვლისას თუ გამოიმეტებდნენ. არისტოკრატები ახალგაზრდა ხბოს ხორცს ეტანებოდნენ, ასეთი ხორცისგან კი, როგორც ამბობენ, ღვთაებრივი სტეიკი არ გამოდის.
ჭამა რომ სექსი
9 1/2 კვირა ბევრს გექნებათ ნანახი. ბევრს კიარადა, ალბათ – ყველას. და რაკი ნანახი გაქვთ, ჭამის სცენაც გემახსოვრებათ. საკულტო სცენა, მრავალგზის პაროდირებული და კოპირებული. კოპირებული არამხოლოდ ეკრანზე.
მართლაც მშვენივრადაა გადაღებული – მიქი რურქის ხელში და ქიმ ბეისინჯერის სხეულზე საკვები მართლაც დიდ ეროტიკულ იარაღად იქცა, გამორჩეულად ხომ მაინც – ხენდრო, მაგრამ ხენდრო, არამხოლოდ ვიზუალურადაა ასეთი მიმზიდველი. ფილმები იქეთ იყოს და ექიმები ამბობენ, რომ ეს კენკრა C ვიტამინითაა მდიდარი და არაჩვეულებრივი ანტიოქსიდანტია, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, რაც პოტენციისთვისაა კარგი, ხოლო შოკოლადთან შეწყვილებული ხენდრო სექსუალურ ლტოლვასა და ვნებებსაც აძლიერებს.
სუსნია მარშლის კოკლოზინი
იყო და არა იყო რა, მზის უკეთესი ვინ იქნებოდა, ლუდოვიკოთა კარზე მსახურობდა დიპლომატი და მარშალი სეზარ დუ პლესი-პრალანი (César, duc de Choiseul, comte du Plessis-Praslin). ამ პლესი-პრალანს ყველანი დაუდგრომელ და თავგადასავლების მოყვარულ კაცად იცნობდნენ – ეგ ის არაა, სადაც ორი ვინმე შეიკრიბება და დაშნებს გააშიშვლებს, მესამედ დაუდგებაო? – ამბობდნენ პარიზში. მართლაც, პირველი ფრონდა იყო და ფრონდიორი გახდა, პარიზს ალყა შემოარტყა და კარდინალ მაზარინის გადადგომას ითხოვდა, მეორე ფრონდა იყო და ახლა მაზარინის მხარე დაიჭირა, ინგლისელები იყო და ლა როშელთან კუდით ქვა ასროლინა, ესპანელები იყო და ტურინის ბრძოლაში დაამარცხა… მაგრამ ბევრმა როდი იცოდა, რომ მარშლის ნამდვილი ვნება ომი კი არა კულინარია იყო, მეტადრე – ტკბილეული. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ 1671 წელს სწორედ პლესი-პრალანის კულინარული ექსპერიმენტების შედეგად იშვა დამდნარ და შემწვარ შაქრის მინანქარში (კარამელში) ამოვლებული ნუშის გული. სამეფო ნადიმზე, სხვები რომ ტახის კანჭსა და ბატის ღვიძლს ეძალებოდნენ, ეს კარამელიანი ნუშით იტკბარუნებდა პირს. მეთოთხმეტე ლუდოვიკოც, თავი რომ სახელმწიფო ეგონა, თვალს ჩაუპაჭუნებდა ხოლმე და ჩუმად ჰკითხავდა, მარშალო, ზედმეტი პრალანი ხომ არ მოგრჩათო. ერთ კარამელიან ნუშის გულში ვცვლი ნახევარ სამეფოსო! ზედმეტი, აბა, საიდან ექნებოდა, მაგრამ მეფეს ხომ არ დაუმალავდა. გადგებოდნენ მეფე და მარშალი განზე, გაშლიდნენ სხვათა დასანახად რუკებს – აქაოდა, სახელმწიფო საქმეებზე ვთათბირობთო და ნუგბარს შეექცეოდნენ. რაცხა ამ ბოლო დროს ოსმალო-თათარის პოლიტიკა არ მომწონს, მუსიე მარშალოო – ეუბნებოდა ლუდოვიკო და თან პრალანს ახრამუნებდა. რაც ლუდოვიკოს პრალანი ეჭამა, ნახევარი სამეფოსი კი არა – ბარე ნახევარი ევროპის ფასი, ან რა მადა ჰქონდა იმ მუცელას, მაგრამ პლესი-პრალანი თავაზიანი კაცი იყო და ისე გარდაიცვალა, მონარქისთვის დანაპირები არ მოუთხოვია. მის გამონაგონს მეფემ პრალანი (პრალინი – Pralin) დაარქვა და ამაზე მეტი პატივი და დიდება არც უსურვია.
ბელგიური თეთრი სპილო
გინახავთ თეთრი სპილო? ბელგიური? თუ ჯერ არ გინახავთ, წინ დიდი ამბები გელით. დღე, როცა ბელგიურ თეთრ სპილოს გადაეყრებით, ერთ-ერთი დაუვიწყარი იქნება თქვენს ცხოვრებაში. ბელგიური თეთრი სპილო ხომ ბელგიური შოკოლადის ბრენდის, Côte d’Or-ის სავჭრო ნიშანია. შარლ ნუოუსის (ნოიჰაუსის) (Charles Neuhaus) მიერ დაარსებული კომპანია კი აგერ უკვე საუკუნეზე მეტია, მსოფლიოში უგემრიელეს შოკოლადს აწარმოებს…
ნუოუსები წარმოშობით შვეიცარელი გერმანელები არიან, აფთიაქრები (ამ გვარის წარმომადგენლებმა შოკოლადის მწარმოებელი ორი კომპანია დააფუძნეს, მაგრამ მეორეზე – სხვა დროს), შარლმა 1870 წელს დაიწყო თავისი შოკოლადის წარმოება, 1883 წელს კი კომპანია Côte d’Or ოფიციალურად დაარეგისტრირა… მგონი, კარლსონიც ამ აფთიაქრების ჩამომავალია, აბა, საიდან იცოდა განა, რომ შოკოლადი საუკეთესო წამალია?
კულინარული ტექნიკუმი
შაბათის პოსტი
მაჩვენე შენი ტორტი და გეტყვი, ვინა ხარ შენ
ტორტილიური ანდაზა
ამბობენ, ურია რომ ომში წავიდა, ბერსაბემ მეფე დავითს ასეთი ტორტი გამოუცხოო
რუდოლფ II – იმპერატორი, რომელსაც ლუდი ძლიერ უყვარდა
რუდოლფ მეორე ჰაბსბურგი „საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორი, ბოჰემიის, გერმანიის, უნგრეთის მეფე და ავსტრიის ერცჰერცოგი ხელოვნების, ალქიმიისა და ლუდის დიდი მოყვარული გახლდათ. ის 1552 წელს ვენაში დაიბადა, მადრიდში, ბიძამისის, ესპანეთის მეფე ფილიპე მეორის კარზე აღიზარდა და ცხოვრების დიდი ნაწილი პრაღაში გაატარა. რომის საღვთო იმპერიის სამეფო ტახტზე ასვლის შემდეგ, რუდოლფ მეორემ სამეფო რეზიდენციად პრაღა აირჩია და 1583 წლიდან „პრაჟსკი ჰრადში“ დასახლდა. მისი მმართველობის დროს პრაღა ევროპის კულტურულ და სამეცნიერო ცენტრად იქცა. მხატვრები, მწერლები, მუსიკოსები მთელი მსოფლიოდან მიაწყდნენ პრაღას, სადაც მათ სრული შემოქმედებითი თავისუფლება და იმპერატორის მფარველობა ელოდათ. პრაღას აგრეთვე მიაშურეს ასტრონომებმა, ფილოსოფოსებმა, ქიმიკოსებმა და ალქიმიკოსებმა. Read the rest of this entry
დაივიწყეთ ფობიები და იცხოვრეთ მშვიდად
იცით თუ არა, რომ თქვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია დღეში 9 ჭიქა წყალი დალიოთ? აშშ სურსათისა და კვების საბჭომ ასეთი რჩევით ამერიკელებს1945 წელს მიმართა.
დაივიწყეთ! მიუხედავად იმისა, რომ წყალი ჩვენი სიცოცხლისთვის მართლაც აუცილებელია, დღის განმავლობაში არაექსტრემალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ისედაც საკმარისი რაოდენობით იღებს მას (ჩაის, ყავის, წვენების, გაზიანი სასმელების და, რა თქმა უნდა, წყლის სახით) და დამატებით ჭიქების თვლა საჭირო არაა.
იცით თუ არა, რომ სტრესი თმებს ათეთრებს?
მყრალი, მწარე, მლაშე და გემრიელი
დესერტი ყველის გარეშე იგივეა, რაც სექსი ორგაზმის გარეშე.
ძველი ფრანგული ანდაზა
ერთდროულად იყოს მყრალი, მწარე, მლაშე და მაინც ძალიან გემრიელი – ეს ყველის პრივილეგიაა.
ასეთია, მაგალითად, ცნობილი როკფორი (Roquefort), რომელსაც ცხვრის რძისგან სამხრეთ საფრანგეთის ამავე დასახელების რეგიონში ამზადებენ. პოპულარული ლეგენდის თანახმად, როკფორის მთიან საძოვრებზე ახალგაზრდა მწყემსი ფარას ედგა, როდესაც ლამაზი გოგო შენიშნა… ისეთი ლამაზი, რომ ცხვარი გადაავიწყდა და აედევნა. რამდენიმე დღის შემდეგ უკან მობრუნებულმა ცხვარს თავი მოუყარა და საგზალი, რომელსაც მღვიმის გრილობში ინახავდა, მოიკითხა – ყველი ამასობაში ობით დაფარულიყო, მაგრამ გაფუჭებულს არა ჰგავდა. მწყემსმა გასინჯა და მოეწონა (მამა უცხონდა, არ მოეწონებოდა) – ასე დაიბადა მსოფლიოში (ალბათ) ყველაზე სახელგანთქმული და გემრიელი ყველი. ფრანგები წელიწადში 3-3,5 მილიონ თავ როკფორს ამზადებენ. როკფორი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უძველესი ყველია, მისი ისტორია ჯერ კიდევ მე-11 საუკუნიდან იწყება.
დიეტა ფრანგულად
გსმენიათ თუ არა რამე “ფრანგული პარადოქსის” შესახებ?
მიირთვი, რაც გსურს, მიირთვი, რამდენიც გსურს, არ გასუქდე და არ იავადმყოფო – ესაა სწორედ ის ფენომენი, რომელიც დოქტორ სერჟ რენოს (Serge Renaud) ხელდასხმით, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან “ფრანგულ პარადქოსადაა” ცნობილი.
- თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ პარადოქსმა ექიმების ყურადღება ბევრად ადრე მიიპყრო – ჯერ კიდევ 1819 წელს ირლანდიელმა კარდიოლოგმა სემიუელ ბლექმა გამოაქვეყნა წერილი, სადაც აღნიშნავდა, რომ ირლანდიელებთან შედარებით, ფრანგებში გულის შეტევები საგრძნობლად იშვიათიაო.
სერჟ რენო ბორდოს უნივერსიტეტის პროფესორია. მან და მისმა კოლეგებმა სხვადასხვა ქვეყნიდან შეისწავლეს მსოფლიოს ხალხთა კვების კულტურა და შეადარეს ის ფრანგულს. შენიშნეს კი რამე საინტერესო? ის, მაგალითად, რომ ამერიკელები, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე ჭარბწონიანი ნაციაა დედამიწაზე, დღეში მხოლოდ 72 გრამ ცხიმს მოიხმარენ, დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ტანწერწეტა ნაციის, ფრანგების მიერ მირთმეული 108 გრამი ცხიმის საპირისპიროდ. ამავე დროს ფრანგები, რომელთა სამზარეულოც ერთ-ერთი ყველაზე ქოლესტერინგაჯერებულია (თეთრი პური და ცომეული, კარაქი, ყველი, ბეკონი…) გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით ბევრად ნაკლებად ავადდებიან, ვიდრე სხვა ხალხები. ამას ისიც დაუმეტეთ, რომ ფრანგული ვახშამი ერთობ გვიანია – 9 საათზე იწყება და დაღამებამდე გრძელდება – არადა, ძილის წინ ჭამა მავნებელიაო, განა ასე არ ამბობენ ექიმები?
მკვლევარნი ამ პარადოქსს რამდენიმე მიზეზით ხსნიან.
როგორ ფცქვნით და ჭამთ ბანანს?
ბანანს წინიდან ფცქვნით თუ უკნიდან? – პასუხი ამ კითხვაზე, ალბათ, უკვე ნახეთ როდრიგო სანტოროს ბლოგზე.
იქ, ტექსტური ვერსიაა, მაგრამ ბევრს ხომ კითხვა ეზარება? ჰოდა, გაუნათლებელნი რომ არ დარჩნენ – ვიდეო-ტუტორიალს ვთავაზობ:
1.
Fast Food, Fast Women
ვინც რა უნდა თქვას.
ხანდახან ძალიან მომენატრება, შევალ, ბიგ-მაქ მენიუს შევუკვეთავ ხოლმე და ძალიანაც მიხარია, რომ თბილისშია
, ისევე როგორც მსოფლიოს ალბათ ყველა დიდ ქალაქში. და ზოგ საშუალოშიც. და კიდე ზოგ პატარაშიც.
119 ქვეყანა. 32’000 რესტორანი. 47 მილიონი (!) კლიენტი დღეში. 500 მილიონ (!!!) მირთმეულ ბიგმაქზე მეტი წელიწადში.
ასე რომ ლეგონ არს სახელი ჩემი, რამეთუ მრავალ ვართ.
























