Category Archives: MixBox
სავარდო და სამაისო
© Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
Tony Clifton-ის გესთ-პოსტი. ქვეყნდება უმნიშვნელო შემოკლებით.
სტეიკჰაუსი
- რესტორანში ბიფშტექსის შეკვეთა მინდოდა და კინაღამ ენა მოვიტეხე.
- მერედა, რას წვალობდი? ვერ შეუკვეთე ლობიო?
ხალხური სიბრძნე
კარელ ჩაპეკს თუ დავუჯერებთ, მსოფლიოში პირველი სტეიკი (Steak) პრომეთემ მოამზადა და სწორედ ამ მიზნით გამოსცინცლა ცეცხლი ღმერთებს. ალბათ, ასეც იყო, ტყუილად ხომ არ მიიჩნევდნენ რომაელები სტეიკს ღმერთების საკვებად – ქურუმები ტაძრებში შესაწირ ხორცს გრილზე წვავდნენ.
ჩვეულებრივმა მოკვდავებმა სტეიკის ჭამა შუა საუკუნეებში დაიწყეს, მაგრამ თავდაპირველად მას მხოლოდ ღარიბები მიირთმევდნენ – სტეიკისთვის ხორცს ხომ მხოლოდ დაჩაჩანაკებული, დაავადებული და სული ძლივს რომ ეჭირა ისეთი საქონლის დაკვლისას თუ გამოიმეტებდნენ. არისტოკრატები ახალგაზრდა ხბოს ხორცს ეტანებოდნენ, ასეთი ხორცისგან კი, როგორც ამბობენ, ღვთაებრივი სტეიკი არ გამოდის.
ღმერთი ფოტოაპარატით ხელში
1914 წელს ახალგაზრდა მხატვარმა იმანუილ რადნიცკიმ ფოტოაპარატი შეიძინა, სურდა თავისი ნახატებისთვის ფოტოები გადაეღო. გადაუღო და ნახატებზე მეტად ფოტოები მოეწონა. ასე დაიბადა მენ რეი. ღმერთი ფოტოაპარატით ხელში.
მენ რეი (Man Ray / Emmanuel Radnitzky) ლიტველი ემიგრანტების შვილი იყო. ფილადელფიაში დაიბადა, ცხოვრების დიდი ნაწილი საფრანგეთში გაატარა, პარიზში გარდაიცვალა და მსოფლიო ფოტოგრაფიის ისტორია შეცვალა. სწორედ მენ რეიმ აქცია ფოტოგრაფია ფოტოხელოვნებად. რეის ფოტოები არამხოლოდ მის თანამედროვეებს ანცვიფრებდნენ, უსაზღვრო ფანტაზია და პარადოქსალური ხედვა დღესაც კი შოკისმომგვრელია.
ამერიკა, მიუხედავად სტერეოტიპებისა, ძალიან ტრადიციული, კონსერვატორი და სიახლეებისადმი სკეპტიკურად განწყობილი ქვეყანაა. მოდერნისტი მხატვრებით გატაცებულმა მენ რეიმ 1921 წელს პარიზს მიაშურა. დაუმეგობრდა კოქტოს, ელუარს, ბრეტონს, ჯოისს, მიროს, პიკასოს, დალის. აგრძელებდა ხატვას, გამოფენებშიც მონაწილეობდა, მაგრამ სულ უფრო და უფრო მეტ ფოტოს იღებდა. იღებდა იმას, რასაც სხვები ვერ ხედავდნენ. ფოტოობიექტივი მისი მესამე თვალი იყო.
სამი მუჭა ექსტაზისთვის
სამყარო ჩემს გაკიცხვას არ ლამობდა. სამყაროს არაფრად ვანაღვლებდი.
ირვინ უელში. “ექსტაზი”
NB!: პოსტი შეიცავს სფოილერს და არ შეიცავს არანორმატიულ ლექსიკას.
როდესაც ჰალგიმურ ჰელგასონზე დავწერე, იმ დროიდან შემომენახა პოსტის იდეა ირვინ უელშზეც (Irvine Welsh). უელში შოტლანდიელი მწერალია და, როგორც მიიჩნევენ, სწორედ მისმა შემოქმედებამ მოახდინა გავლენა ჰალგიმურის “101, რეიკიავიკზე”. ჩემი გემოვნებით, ჰალგიმური სჯობს, თუმცა, უელშის დიდებამდე ჯერ ბევრი უკლია. ირვინ უელში საკულტო ფიგურად იქცა და ნამდვილი თრენდსეთერია, გზის გამკვალავი არაერთი კონტრკულტურული პოსტმოდერნისტისთვის.
ფეხბურთის, ალკოჰოლური სასმელისა და ნარკოტიკის ფანები – ესენი არიან უელშის ნაწარმოების გმირები. ასეთი იყო თავად უელშიც. ახლა, როგორც თავად ამბობს, ნარკოტიკებს აღარ ეკარება, თუმცა, თემა რომ იცის, კი ჩანს.
სტილისტურად განსხვავებული წიგნები აქვს. მოდი, ოთხს მიმოვიხილავ მოკლედ და თავად გადაწყვეტთ, სათქვენოა თუ – არა.
წერა მისტიკური პროცესია. ყოველი წიგნი, რაც დავწერე, განსხვავებულადაა დაწერილი. ჩემთვის არ არსებობს განსაზღვრული დრო, წესი… ვერ ვიტყოდი, რომ ყოველ ჯერზე ახლიდან ვიგონებ წერის პროცესს, მაგრამ თითქმის ასეა. მიყვარს ის თავისუფლება, ცარიელი ფურცელი რომ მანიჭებს.
ირვინ უელში. საუბარი ალან ბლექთან, 3AM Magazine, თებერვალი, 2004
ელვარე და ცეცხლოვანი
ჟღურტულებს, მაგრამ ჩიტი არ არის.
მელაა, მაგრამ მელა არ არის.
მტაცებელია, მაგრამ მცენარეებით იკვებება.
მრავალი ათასი წლისაა, მაგრამ სულ 200 წელია, რაც გამოჩნდა.
ვინ არის?
არ იცით? არც დიზაინერმა სთივენ დეროშმა იცოდა,
ამიტომ, როდესაც კორპორაცია Mozilla-ს ინტერნეტ-ბრაუზერის ლოგოს შექმნა დაავალეს, ადგა და ცეცხლოვანი (Fire) მელაკუდა (Fox) დახატა. ლოგო კარგი გამოვიდა და შემკვეთმაც მოიწონა, არადა ის, ვისაც ბუნებაში Firefox ჰქვია, სულაც არ არის მელა. 1821 წელს აღმოაჩინა, აღწერა და უბის წიგნაკშიც ჩახატა ინგლისელმა მოგზაურმა, გენერალმა და მეცნიერმა თომას ჰარდვიგმა, როდესაც ბრიტანული კოლონიების ბუნებას იკვლევდა. ერთობ უცნაური ცხოველია, მაგრამ ძალიან საყვარელი ვინმეა. ვითომ მტაცებელია, მაგრამ, პანდის მსგავსად, ბამბუკის ღეროებით იკვებება. ზომით პატარაა – კატაზე ოდნავ დიდი. იოლად შინაურდება და უმეგობრდება ადამიანს, თუმცა, მისი შინ ყოლა პრაქტიკულად შეუძლებელია – კვების რაციონის შენარჩუნება ჭირს, სხვა საკვებზე გადაყვანა კი კუჭისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებს იწვევს და იღუპება. ამერიკელები თუ ცეცხლოვან მელას უძახიან, ლათინურად ელვარე კატა ჰქვია, ჩინელებმა კი (ბამბუკის სიყვარულის გამო) პატარა პანდა შეარქვეს. პატარა ან წითური პანდა ხეძრომიაა, საიდანაც არემარეს აკვირდება, საკვებს ეძებს და საფრთხეებს აფარებს თავს… ჩიტივით ჟღურტული ისწავლა და ბუნებრივ მტერს, მთის ლეოპარდს იოლად აცუცურაკებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანს ვერ მოუძებნა ჯერ გასაღები – ძვირფასი ბეწვის მოყვარულების, ბრკონიერებისა და ტყეჩეხია ფერმერების “წყალობით” პატარა პანდის პოპულაცია კატასტროფულად შემცირდა და ბუნებაში სულ 2’500 ცალი დარჩა… გენერალ ჰარდვიგს მაგათი ცოდვა, ამათ ჩახატვას “იგნორი” დაერტყა და სადმე გვერდზე გაეხედა, არ ერჩივნა?
ჭამა რომ სექსი
9 1/2 კვირა ბევრს გექნებათ ნანახი. ბევრს კიარადა, ალბათ – ყველას. და რაკი ნანახი გაქვთ, ჭამის სცენაც გემახსოვრებათ. საკულტო სცენა, მრავალგზის პაროდირებული და კოპირებული. კოპირებული არამხოლოდ ეკრანზე.
მართლაც მშვენივრადაა გადაღებული – მიქი რურქის ხელში და ქიმ ბეისინჯერის სხეულზე საკვები მართლაც დიდ ეროტიკულ იარაღად იქცა, გამორჩეულად ხომ მაინც – ხენდრო, მაგრამ ხენდრო, არამხოლოდ ვიზუალურადაა ასეთი მიმზიდველი. ფილმები იქეთ იყოს და ექიმები ამბობენ, რომ ეს კენკრა C ვიტამინითაა მდიდარი და არაჩვეულებრივი ანტიოქსიდანტია, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, რაც პოტენციისთვისაა კარგი, ხოლო შოკოლადთან შეწყვილებული ხენდრო სექსუალურ ლტოლვასა და ვნებებსაც აძლიერებს.
სამი პაწია, კუდფუმფულა კნუტი
შაბათის პოსტი
ხშირად გამიგია, ქართული ზღაპრები ძალიან ბრუტალურია და ბავშვებს დატკბილულ-დამურაბებულად უნდა მოვუყვეთ, თორემ დიდ სულიერ ტკივილს მივაყენებთო. ერთი პატარა, ოქროსფერკულულებიანი ბიჭუნას ამბავიც ვიცი, მგელმა რომ პატარა ბეკეკა შეახრამუნა ის ზღაპარი იმდენჯერ მოასმენინეს, რომ, როცა გაიზარდა, კულულები დაცვივდა და წვერი ამოუვიდა, მიდგა და ასეულ ათასობით ადამიანი გაჟუჟა, ბეკეკას რატომ არ დაეხმარეთო… არ ვიცი, მართლა ზღაპრის ბრალი იყო თუ არა. ახლა ის კაცი წითელ მოედანზე აკლდამაში წევს მძნარე მზეთუნახავივით. მიდით და დაეკითხეთ.
მე კი მანამ კეთილ გერმანულ ზღაპარს მოგიყვებით, სამ პაწია, კუდბათქუნა და თათფუმფულა კნუტზე. ![]()
სამნი ვიყავით.
ჩაჯიბული დეტექტივები
აბეზარა სიტყვები ხომ არის – ტკიპასავით მოგეკვრებიან და ვერ იშორებ. აბეზარა ადამიანებიც არიან – აგეკიდებიან და – მტრისას, მაგრამ აბეზარა ფილმებიც არის, რამდენჯერაც არ უნდა ნახო, რომ არ გბეზრდება და აბეზარა წიგნებიც არის – რამდენჯერაც წაიკითხავ, ყოველთვის სიამოვნებით აგემოვნებ. ეგ ხომ უკვე წაკითხული გაქვს, ახალი წაიკითხე რამეო, – იტყვის ვინმე, მაგრამ განა ერთსა და იმავე სიმღერას რამდენჯერ ვატრიალებთ – ასეა წიგნიც. და მეორე წაკითხვაზე – როცა შინაარსი უკვე იცი და აბა, რით დამთავრდებაო, ინტერესი არ გკლავს, ახალ-ახალ რამეებს აღმოაჩენ ხოლმე და სულ სხვაგვარად გეგემრიელება. მესამედ რომ წაიკითხავ – კიდევ მეტად. და, რა ვიცი, რამდენჯერ კიდევ, სანამ არ მოგბეზრდება. კარელ ჩაპეკის (Karel Čapek) “ჯიბეებში ჩაკუჭული” მოთხრობები პირადად მე არა და არ მბეზრდება, აგერ, რამდენჯერა მაქვს წაკითხული. ახლა უკვე ქინდლშიც.
გოიმი და ღმერთი
შაბათის პოსტი
მისი ცხოვრების ძნელბედობის ჟამს ლარი გოპნიკი რაბინ ნაჰნერთან მივიდა უფლის რაობა რომ შეემეცნა.
- როგორ გვესაუბრება ღმერთი? რა ხერხებით მოაქვს სათქმელი ჩვენამდე? კარგი კითხვაა… – რაბინმა ფაიფურის ფინჯნიდან ჩაი მოსვა, – ლი სასმანს ხომ იცნობ?
- დოქტორ სასმანს? ვფიქრობ… კი, ვიცნობ.
- გოიმის* კბილების ამბავი არ მოუყოლია შენთვის?
-
*goy – გოიმი ებრაულში უცხოს, არა-ებრაელს აღნიშნავს.
- არა… ვინ გოიმის?
- მაშ ასე, მომისმინე… ერთ მშვენიერ დღეს ლი სამსახურში იყო… ხომ იცი, სტომატოლოგიური კლინიკა აქვს… ჰოდა, სამსახურში იყო და ერთი მისი პაციენტის, ვინმე რასელ ქრაუსის კბილების ყალიბი აეღო – ხიდის დასამზადებლად სჭირდებოდა. თაბაშირი გაშრა, ლიმ ყალიბი დაათვალიერა და უცნაური რამ შენიშნა – ქვედა ყბაზე საკბეჩი კბილები რომ გვაქვს, მის პაციენტს ზედ რაღაც ნიშნები ჰქონდა ამოტვიფრული. შიდა მხარეს. სასისკენ. კარგად დააკვირდა და რას ხედავს – ასეოებია: He, Vav, Shin, Yud, Ayin, Nun, Yud. რა გამოვიდა? – “Hwshy ‘ny” – “მიხსენი”, “გადამარჩინე”. ეს გოიმის პირია, ლარი, ხომ არ დაგავიწყდა?
























