წინასწარმეტყველი

Hanussenავსტრიიდან გააძევეს. ჩეხეთში დაპატიმრეს და ყალთაბანდობის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარსდგა. უნგრეთში ეკლესია აუმხედრდა და ჯადოქრობა დასწამა. ლიტვაში პოლიციამ ჰიპნოზის სეანსების ჩატარება აუკრძალა. მაგრამ ბევრი მისი წინასწარმეტყველება, რომელსაც საჯაროდ აკეთებდა, ახდა და რაც მეტს დევნიდნენ, მეტად იზრდებოდა მისი პოპულარობა.

მან იწინასწარმეტყველა ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლა და სტალინის სიკვდილი. მეორე მსოფლიო ომის დაწყება და მესამე რაიხის კრახი. მაგრამ ვერ განჭვრიტა საკუთარი ბედ-იღბალი. ერიკ იან ჰანუსენმა (Erik Jan Hanussen), რომელიც თავს არტისტსა და ფაკირს უწოდებდა, თანამედროვენი კი უდიდეს წინასწარმეტყველად მიიჩნევდნენ.

ამბობენ რომ ერთხელ, პატარაობისას შუაღამისას გაეღვიძა, გააღვიძა სახლის მეპატრონის პატარა შვილი, მოჰკიდა ხელი და ეზოში გაიყვანა. ამ დროს სახლში გაზი აფეთქდა და ყველაფერი ცეცხლში გაეხვია.

ამ ამბიდან ბევრი წლის შემდეგ ის და მისი მეგობარი ტერეზა ლუკაში (ლიზა ლუქსი) კაფეში ისხდნენ. უცებ ჰანუსენი წამოდგა, ქალს ხელი მოჰკიდა და აიძულა მაგიდა გამოეცვალათ.  ამ დროს კაფეში ჩოჩქოლი ატყდა, სამზარეულოდან გამოვარდა ახალგაზრდა ქალი, რომელსაც დამბაჩამომარჯვებული მეუღლე მოსდევდა. სამი გასროლიდან ერთმა ტყვიამ სწორედ იქ ჩაიზუზუნა, სადაც წუთის წინ ტერეზა იჯდა.

30-იანებში ჰანუსენმა ბერლინში დაიდო ბინა. მართავდა თეატრალურ-ოკულტურ წარმოდგენებს, კითხულობდა აზრებს, ცნობდა ჩაფიქრებულ ბანქოს ქაღალდს, პოულობდა დამალულ ნივთებს… მას ასისტენტთა მთელი დასი ჰყავდა, რომლებიც მაყურებლებს შეერეოდნენ ხოლმე და ფარული მინიშნებით ეხმარებოდნენ წინასწარმეტყველს… ამიტომ უწოდებდა ჰანუსენი თავს არტისტსა და ფაკირს. საცირკო ხელოვნებას ყმაწვილობაშივე დაეუფლა – მისი მშობლებიც მსახიობები იყვნენ. მაგრამ ერთი იყო საცირკო წარმოდგენა და მეორე მომავლის წინასწარ ჭვრეტის უნარი. ეს უცაბედად ხდებოდა. ჰანუსენის გონებაში ანაზდად წამოიშლებოდნენ სურათები. იმ ამბავთა სურათები, რაც არ მომხდარიყო ჯერ. წინასწარმეტყველურ განცხადებებს ღიად და საჯაროდ აკეთებდა. ბეჭდავდა პრესაში, მათ შორის Hanussen Magazin-სა და Berliner Wochenschau-ში. ასე სცდიდა ბედს. და მისი არაერთი წინასწარმეტყველება მართლაც ახდა.

1932 წლის მაისში ერიკ ჰანუსენი ბერლინურ Roxy Bar-ში იმყოფებოდა. ცნობილმა ავტომრბოლელმა, ალფრედ ნოიბაუერმა მომავალი რბოლის შედეგის გამოცნობა სთხოვა. ჰანუსენმა რაღაც დაწერა ფურცელზე და განაცხადა – აქ იმყოფება შეჯიბრის გამარჯვებულიც და მსხვერპლიც. ფურცელი კონვერტში მოათავსა და ბარმენს გადასცა. მეორე დღეს პრინცი ლობკვიცი რბოლის დროს დაიღუპა, ბრაუხიჩი კი ფინიშთან პირველი იყო – წინა დღით ორთავე Roxy Bar-ში ვახშმობდა. სწორედ მათი გვარები დაწერა ჰანუსენმა ფურცელზე. ამას გარდა, რამდენიმე დღით ადრე მან წერილი მისწერა პრინც ლობკვიცს და გააფრთხილა, რომ რბოლაში მონაწილეობა სარისკო იყო, თუმცა სპორტსმენმა გაფრთხილება არად აგდო.

Hanussen BWმაგრამ, ჰანუსენის წინასწარმეტყველებისა ირწმუნა ჰიტლერმა, როდესაც სასტუმრო Kaiserhof-ის ფოიეში Berliner Wochenschau-ს 1932 წლის 25 მარტის ნომერს მოჰკრა თვალი. ჰანუსენი ჰიტლერის პოლიტიკურ აღმასვლას წინასწარმეტყველებდა. სტატიაში საუბარი იყო, რომ პრეზიდენტი ჰინდენბურგი სწორედ ჰიტლერზე შეაჩერებდა არჩევანს და მთავრობის ფორმირებას მას დაავალებდა. ჰიტლერი ემოციური ადამიანი იყო და ბედისწერისა სწამდა. ამ წინასწარმეტყველებაში მან ზეციური ნიშანი დაინახა. ნაცისტურმა გაზეთმა “შავი ფრონტი” ჰანუსენის წინასწარმეტყველება გადაბეჭდა. 1933 წლის 30 იანვარს ჰინდენბურგმა ჰიტლერს დაავალა მთავრობის ფორმირება.

1932 წლის ივლისში ჰანუსენმა ასევე ღიად და საჯაროდ, გაზეთის საშუალებით იწინასწარმეტყველა ე.წ. “ალტონას წითელი კვირის” დადგომა. ჰამბურგის მდინარე სისხლისფრად შეიღებება, – წერდა ჰანუსენი, – გავარდება ტყვია და ამას ვერ შევაჩერებთ. 17 ივლისს ჰამბურგის უბან ალტონაში ნაცისტების დემონსტრაციას კომუნისტებმა ცეცხლი გაუხსენს, რაც ორი პარტიის მომხრეებსა და გასამხედროებულ რაზმებს შორის სისხლიან შეტაკებაში გადაიზარდა.

ჰანუსენი თავს აპოლიტიკურ ადამიანად აცხადებდა, თუმცა თანდათანობით დაუახლოვდა ნაცისტებს. მის წარმოდგენებს ხშირად ესწრებოდა ჰაინრიხ ფონ ჰელდორფი, ნაცისტური პარტიის წევრი. ფონ ჰელდორფმა ჰანუსენი საკუთარ აგარაკზე მიიპატიჟა და ნაციონალ-სოციალიზმის მიმართ მისი დამოკიდებულებით დაინტერესდა. ჰანუსენმა განუცხადა, რომ აპოლიტიკური ადამიანია, მაგრამ ვარსკვლავები ახლა ნაციონალ-სოციალისტების გამარჯვებაზე მეტყველებენ. 1933 წლის არჩევნების შედეგად ფონ ჰელდორფი რაიხსტაგის დეპუტატი გახდა, ჰიტლერმა მას ბერლინის პოლიციის ხელმძღვანელობა ანდო. ჰანუსენის თაყვანისმცემელთა შორის იყვნენ ჰიტლერის პირადი ფოტოგრაფი ჰაინრიხ ჰოფმანი და ნაცისტების სამხედრო ფორმირების, SA-ს (შემტევი რაზმების) რაიხსფიურერი კარლ ერნსტი.

შესაძლოა სწორედ ფონ ჰელდორფის ხელშეწყობით შედგა ფიურერისა და წინასწარმეტყველის შეხვედრა სასტუმრო Kaiserhof-ში. თუმცა, სხვა ცნობებით ეს შეხვედრა ჰოფმანის ფოტოსტუდიაში მოხდა… დღეს ამის თქმა დანამდვილებით ძნელია, ვინაიდან ჰანუსენის დაცემა ისევე სწრაფად მოხდა, როგორც აღზევება და ნაცისტები შეეცადნენ მისი სახელი მესამე რაიხის ისტორიიდან უბრალოდ ამოეშალათ. ბევრი დოკუმენტი, რაც ჰიტლერისა და ჰანუსენის ურთიერთობას ეხებოდა, გაასაიდუმლოეს და მოგვიანებით – მოსპეს. ამიტომ ძნელია, დაადასტურო ან უარყო სხვადასხვა ისტორიკოსის მოსაზრება, რომელთა ერთი ნაწილიც ჰანუსენის როლს უმნიშვნელოდ მიიჩნევს, მეორენი კი მას ლამის ჰიტლერის მასწავლებლად აცხადებს (ჰიპნოზისა და მასებთან ურთიერთობის კუთხით).    

20-იანი წლების ბოლოს ერთ-ერთმა მემარცხენე ჟურნალისტმა ჰანუსენს მისი ნიჭის დადასტურება მოსთხოვა, ჰანუსენმა, პასუხად, განუცხადა, რომ სტალინი 53 წლის აგვისტოში მოკვდება. სულ 5 თვით შეცდა.

Erik Hanussenკომუნისტებს ჰანუსენი და მისი წინასწარმეტყველებანი არ მოსწონდათ, 1932 წელს მათმა პარტიულმა გაზეთმა Berlin am Morgen ჰანუსენის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო და სხვა “კომპრომატებთან” ერთად ჰანუსენის ებრაული წარმომავლობაც გამოიტანა სააშკარაოზე – მისი ნამდვილი სახელი და გვარი ჰერმან შტაინშნაიდერი გამოჩხრიკა. მეტიც, მოხდა, თითქოსდა, საოცარი რამ, კომუნისტებმა ჰანუსენის ებრაელობა გერმანელ ნაცისტებთან დააბეზღეს –  Berlin am Morgen–ის რედაქტორმა ბრუნო ფრეიმ პირადად იოზეფ გებელსს გაუგზავნა წერილი, სადაც აფრთხილებდა, ეგ ადამიანი, თქვენ რომ არიელი გგონიათ და ენდობით, სინამდვილეში ჩეხი ებრაელიაო.

არც ჰანუსენს მოსწონდა კომუნისტები. 1933 წლის 24 თებერვალს მან მორიგი წინასწარმეტყველება გამოაქვეყნა, სადაც რაიხსტაგზე მომავალ შეტევას აღწერდა. წერდა, რომ კომუნისტები შეეცდებიან რაიხსტაგის დაწვას, მაგრამ ვარსკვლავები ჰიტლერის მხარესაა და გამარჯვება მას დარჩება. გერმანიაში საგანგებო მდგომარეობას შემოიღებენ და მთელი ხელისუფლება ნაცისტების ხელში აღმოჩნდება.

27 თებერვალს ეს წინასწარმეტყველებაც ახდა – რაიხსტაგი იწვოდა. ცეცხლი მარინუს ვან დერ ლიუბემ, ჰოლანდიელმა კომუნისტმა გააჩაღა. 28 თებერვალს პრეზიდენტმა ჰინდერბურგმა საგანგებო დეკრეტით ქვეყანაში, ფაქტობრივად, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და კანცლერი ჰიტლერი საგანგებო უფლებებით აღჭურვა. რა თქმა უნდა, თუკი რაიხსტაგი თავად ნაცისტებმა დაწვეს, როგორც ამას საბჭოთა ისტორიოგრაფია ამტკიცებდა, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ჰანუსენმა ეს ყველაფერი მათგან შეიტყო წინდაწინ და მისი “წინასწარმეტყველება” ნაცისტების მიერ დაგეგმილი თამაში იყო… მაგრამ დღეს, როდესაც საზღვრები ღიაა და ისტორიკოსებს საშუალება მიეცათ იმდროინდელი პოლიციის არქივები შეესწავლათ, დადასტურებულია – ტერაქტი მართლაც ვან დერ ლიუბემ განახორციელა. მეტიც, ამ ტერაქტის გამოძიება ობიექტურად ჩატარდა, კერძოდ, ვან დერ ლიუბესთან ერთად დაპატიმრებულ გერმანელ კომუნისტ ტორგლერს, ბულგარელ კომუნისტ დიმიტროვს და კიდევ რამდენიმე ბრალდებულს ბრალი არ დაუმტკიცდა და ისინი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ამასთან, ასრულდა ჰანუსენის სხვა წინასწარმეტყველებაც – 26 თებერვალს, “ოკულტიზმის სასახლის” გახსნის დღეს საზეიმო მიღებაზე ის სიტყვით გამოვიდა, მადლობა გადაუხადა ფიურერს და იქვე მორიგი წინასწარმეტყველებით წარსდგა – მსოფლიო ომის ქარ-ცეცხლში გაეხვევა, თქვა მან, – გერმანიას მოუწევს ბრძოლა როგორც რუსეთის, ასევე ინგლისისა და ამერიკის წინააღმდეგ.

მან იწინასწარმეტყველა ომის შედეგიც – გერმანიის დამარცხება და ნაცისტების კრახი.Hanussen art- spiritual

ახლა უკვე ნაცისტების ჯერი დადგა, არ მოწონებოდათ ჰანუსენის წინასწარმეტყველება. 1933 წლის 24 მარტს ერიკ ჰანუსენი დააპატიმრეს. გესტაპოს გამომძიებელმა მას ბრალი დასდო, რომ დაბადების მოწმობა გააყალბა და არიული წარმომავლობა მიითვისა. ჰანუსენი ცდილობდა, თავი ემართლა, აცხადებდა რომ ის წარმოშობით დანიელია, მისი მშობლები ალპინისტები იყვნენ და მთაში დაიღუპნენ, რის შემდეგაც ებრაულმა ოჯახმა იშვილა. 2-საათიანი დაკითხვის შემდეგ ის გაათავისუფლეს. ჩანს, მის გასამართლებას არვინ გეგმავდა. ჰანუსენის ეშინოდათ. მეორე დილით გაიტაცეს, მოკლეს და გვამი სადღაც ქალაქგარეთ, ტყეში დააგდეს. პოლიციამ გამოძიება დაიწყო, მაგრამ ვერ დაასრულა და ესეც გაუხსნელ საქმეთა სიას შეემატა. დღეს უკვე ცნობილია, რომ ლიკვიდაციის ბრძანება შტურმავიკების მეთაურმა კარლ ერნსტმა გასცა. თავად ერნსტი 1934 წლის 30 ივნისის “დიდი დანების ღამეს” შეეწირა სხვა SA-ელებთან ერთად. ჰანუსენის მფარველი ფონ ჰელდორფი კი 1944-ში დახვრიტეს, როგორც 20 ივლისის ანტი-ჰიტლერული შეთქმულების მონაწილე.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Who Was Erik Hanussen

Hitler’s clairvoyant

About these ads

12 thoughts on “წინასწარმეტყველი

  1. კარგი ნაწერია. <3

    ჰანუსენზე ფილმიც არის, იშტვან საბოს გადაღებულია ფოიხტვანგერის მიხედვით. ძალიან კარგი ფილმია.

    Like

  2. ვაიმე, შემეშალა :( ფოიხტვანგერის მიხედვით საბოს არ გადაუღია ფილმი. “ძმები ლაუტენზაკია” ფოიხტვანგეის მიხედვით და იშტვან საბოს ფილმია “ჰანუსენი”. ჰანუსენის როლს ბრანდაუერი ასრულებს..

    Like

    • მართლა კარგი ფილმია.
      იშტვან საბოს მსგავს თემაზე კიდევ ერთი ფილმი აქვს, იქაც ბრანდაუერია მთავარ როლში – “მეფისტო”.

      მართალი გითხრათ, ჰანუსენი შარლატანი მეგონა. ამ პოსტის მიხედვით გამოდის, რაღაც ნიჭი მართლა ჰქონდა. დავინტერესდი და ლინკებსაც გადავხედე. :)
      ყოველთვის ახერხებ, შენი პოსტით რაღაც ამბით დამაინტერესო ხოლმე.

      Like

      • ორივე ფილმი კარგია. და მესამე “პოლკოვნიკი რედლი”.

        ბავშვობა ჰო… მეტ-ნაკლებად :)
        იმიტომ რომ არ იყო არჩევანი. ყველას ერთნაირი სათამაშოები ჰქონდა. :) ერთსა და იმავე ფილმებს უყურებდა. შოკოლადი “დათუნია” და მონპასი :))

        @ანი
        ლაუტენზაკი მაქვს წაკითხული. ფილმი არ ვიცი.
        ისე, ფოიხტვანგერი დიდი არამზადა და კრეტინი იყო. :) როცა “ლაუტენზაკი” წავიკითხე ეგ ჯერ არ ვიცოდი, მაგრამ მოგვიანებით ვნახე მაგისი და ჟიდის წიგნი 1937 წლის მოგზაურობაზე სსრკ-ში.
        ფოიხტვანგერმა უსაზიზღრესი წიგნი დაწერა, საბჭოთა პროპაგანდის ტრადიციებში. ჟიდის წიგნი გულწრფელია და მართალი.
        მერე მაგ წიგნის გამო ჟიდს ევროპელმა პალეზნიიდიოტებმა ობსტრუქცია მოუწყეს.

        მოკლედ, არ მჯერა მე ფოიხტვანგერის არც ანტინაცისტობის არც არაფრის. :)
        საბოს ფილმი კი ძალიან კარგია მართლაც.

        Like

  3. სტალინსაც ყავდა თავისი წინასწარმეტყველი – ვოლფ მესინგი. უფრთხილდებოდა და დიდ პატივში ყავდა.

    Liked by 1 person

  4. მოკლედ, დიქატორი არ ვარგა , თუ 1-2 კაი წინასწარმეტყველი არ ყავს :დ. ნიჭიერ დიქატორებს ყავთ იღბლიანიი წინასწარმეტყველები თუ ნიჭიერ წინასწარმეტყველებს ყავთ იღბლიანი დიქტატორები? გაიგე ეხლა

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s