მაესტრო და (მისი) (სხვისი) ქალები

მაესტრო.

Alfred Hitchcock and Raven დედით ირლანდიელი და მამით ინგლისელი, აღმსარებლობით კათოლიკე, იეზუიტთა სკოლაში აღზრდილი ალფრედ ჰიჩქოქი, იგივე ჰიჩი. ყველასგან განსხვავებული, ყველასგან განზე მდგომი. ფობიებისა და კოპლექსების გორგალი. დიადი და საზარელი, როგორც ოზის ქვეყნის ჯადოქარი.

პირველი მსოფლიო ომის დროს მოხალისედ სურდა ფრონტზე წასვლა, სამხედრო მომზადებაც გაიარა და ამფეთქებლის ხელოვნებას დაეუფლა. ბრძოლის ველზე ვერ მოხვდა – ჭარბი წონის გამო დაიწუნეს, მაგრამ ამფეთქებლობა მოგვიანებით გამოიყენა, როდესაც სინემატოგრაფში მოხვდა და ტრადიციული კინო ააფეთქა.

თავდაპირველად გამნათებელად დაიწყო, შემდეგ – მხატვრად. ტიტრებს წერდა და აბრებს ამზადებდა, თხზავდა ამბებს სცენარებისთვის.

სარეჟისორო დებიუტად “ნომერი ცამეტი” მიიჩნევა, თუმცა ფილმის დასრულება ვერ მოახერხა – თანხა დააკლდა. პირველი ფილმი, რომელიც დაასრულა “სიამოვნების ბაღია” (The Pleasure Garden, 1925), პირველი თრილერი კი – “მდგმური” (The Lodger, 1927). ეს ჯერკიდევ “მუნჯი” ფილმებია. 1929 წელს კინოინდუსტრიამ ენა ამოიდგა და მაესტრო ჰიჩმა, რომელიც მუდამ და ყველაფერში პირველი იყო, პრაქტიკულად უკვე დასრულებული უხმო ფილმი “შანტაჟი” (Blackmail) თავიდან გაადმონტაჟა და გაახმოვანა. რამდენიმე სცენის ხელახლა გადაღებაც კი მოუწია. “შანტაჟი” პირველი ხმოვანი ფილმია, რომელიც ბრიტანეთში გადაიღეს. 1934 წელს მაესტრომ გადაიღო უდაო შედევრი “ადამიანი, რომელმაც ზედმეტად ბევრი იცოდა” (The Man Who Knew Too Much) და აქედან მოყოლებული ყოველ წელს კონვეირივით იღებდა ბრიტანული კინოს ინდუსტრიაში ყველაზე წარმატებულ ფილმებს: “39 საფეხური” (The 39 Steps, 1935), “საიდუმლო აგენტი” (Secret Agent, 1936 – სომერსეთ მოემის ნაწარმოების მიხედვით), “საბოტაჟი” (Sabotage, 1936), “ახალგაზრდა და უცოდველი” (Young and Innocent, 1937), “ქალბატონი ქრება” (The Lady Vanishes, 1938).

1939 წელს მაესტრო გადაეყარა დეტექტივისტ დაფნი დიუ მურიეს და დაემშვდობა კუნძულეთს. დაფნი დიუ მურიეს რომანის მიხედვით გადაღებული “სასტუმრო იამაიკა” (Jamaica Inn) ჰიჩქოქის უკანასკნელი ბრიტანული ფილმია, 1940 წელს გადაღებული “რებექა” (Rebecca, 1940) კი – პირველი ამერიკული ფილმი. მოგვიანებით, 1963 წელს მაესტრო მესამედ მიუბრუნდება დაფნი დიუ მურიეს და გადაიღებს მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ შედევრს – “ფრინველები” (The Birds, 1963).

ჩემი გემოვნებით, მაესტრო ჰიჩის მიერ ამერიკაში გადაღებული ყოველი ფილმი შედევრია ან შედევრის გვერდით მდგომი, მაგრამ გამორჩეულად მაინც ესენი მიყვარს: “მონუსხული” (Spellbound, 1945, სადაც თვით სალვადორ დალი მიიწვია მხატვრად, სიზმრის სცენების გადასაღებად) “ეჭვის აჩრდილი” (Shadow of a Doubt, 1943), “ნავი” (Lifeboat, 1944), “უცნობები მატარებელში” (Strangers on a Train, 1951 – ფათრისია ჰაისმითის ბესთსელერის ეკრანიზაცია), “მკვლელობის შემთხვევაში აკრიფეთ მ” (Dial M for Murder, 1954), “ადამიანი, ვინც ზედმეტად ბევრი იცოდა” (The Man Who Knew Too Much, 1956 – ამერიკული რიმეიქი) “ეს ის კაცი არა” (The Wrong Man, 1957)… და რაღა თქმა უნდა: “ფსიქო” (Psycho, 1960 – რობერთ ბლოქის რომანის ეკრანიზაცია), “თავბრუსხვევა” (Vertigo, 1958 – ბუალო-ნარსეჟაკის დეტექტივის ეკრანიზაცია), უკვე ნახსენები “ფრინველები“, “თოკი” (Rope, 1948 – ფეთრიქ ჰემილთონის პიესის ეკრანიზაცია და პირველი ფერადი ფილმი ჰიჩქოქის შემოქმედებაში), “ფანჯარა ეზოში” (Rear Window, 1954 – ქორნელ უილრიჩის რომანის მიხედვით), “ჩრდილო-დასავლეთით ჩრდილოეთისკენ” (North by Northwest, 1959)…

ფილმი “მოკლე ღამე” (The Short Night, 1979), რომელიც MI6-ში მომუშავე კგბ-ს აგენტ ჯორჯ ბლეიქს ეძღვნებოდა დაუმთავრებელი დარჩა. ისე, როგორც მაესტროს პირველი ფილმი “ნომერი ცამეტი”. წრე შეიკრა.

ქალები.

ყველაზე ლამაზი

Ingrid Bergman & Alfred Hitchcock

ეს გემოვნების ამბავია, მაგრამ, რაკი თავად მაესტრო ცოცხალი აღარაა და ვერ დავეკითხები, თავს უფლებას მივცემ, საკუთარი გემოვნებით განვსაზღვრო – ყველაზე ლამაზი ქალი, ვისაც ჰიჩქოქის ფილმებში უთამაშია, ინგრიდ ბერგმანია (Ingrid Bergman). დახვეწილი, მაღალი, მშვენიერი ნაკვთებით, ცივი და ამავდროულად მომნუსხველი – ის იდეალურად ერგება იმ ხატს, რასაც “ჰიჩქოქის ქერა ქალი” ჰქვია. “გარეთ ყინული და შიგნით ცეცხლი” ინგრიდი მაესტროს 3 ფილმშია გადაღებული: “მონუსხული”, “ცუდი რეპუტაცია” (Notorious, 1946) და “თხის რქის ნიშანქვეშ” (Under Capricorn, 1949). მეტიც შეიძლებოდა, მაგრამ ინგრიდ ბერგმანს რობერტო როსელინი შეუყვარდა და ცოლადაც გაჰყვა, ეს გაბღენძილი და უნიჭო იტალიელი კი ჰიჩქოქს დასანახავად ეზიზღებოდა. 

ყველზე საყვარელი

Grace Kelly and Alfred Hitchcock მაესტრო ჰიჩის ბიოგრაფები ამტკიცებენ, რომ ეს გრეის ქელი (Grace Patricia Kelly) იყო… ბევრი, ალბათ, იმასაც დაიჟინებს, რომ ის იყო ყველაზე ლამაზიც. გემოვნების ამბავია. გრეისიც მშვენივრად ჯდება “ჰიჩქოქის ქერა ქალის” სტანდარტში. მაესტრომ ის სამ ფილმში გადაიღო: “მკვლელობის შემთხვევაში აკრიფეთ მ”, “ფანჯარა ეზოში”, “რომ დაიჭირო ქურდი”. მესამე ფილმის გადაღება რივიერაზე მიმდინარეობდა, სადაც გრეის ქელიმ მონაკოს პრინცი რენიე გაიცნო და თრილერების დედოფლის გვირგვინი მონაკოს დედოფლის გვირგვინზე გაცვალა… ამის გამო მე მას, ყველაზე საყვარელთან ერთად, ყველაზე ტუტუცსაც ვუწოდებდი.

ყველზე პირველი

Joan Fontaine and Alfred Hitchcock პირველი ქერა ქალი, ვისაც ჰიჩქოქი ამერიკაში გადაეყარა ჯოან ფონთეინია (Joan Fontaine). ის მთავარ როლს ასრულებს მაესტროს ამერიკულ კინოდებიუტში “რებექა” და 1941 წლის ფილმში “ეჭვი” (Suspicion). პირადად ჩემი გემოვნებით, ფონთენი არც მაინცადამაინც ლამაზია და ვერც მაინცადამაინც მოუხდა ჰიჩქოქის ფილმებს, ამიტომ მეტს არაფერს დავწერ მასზე.

ყველზე მოძულებული 

Tippi Hedren and Alfred Hitchcock ყველაზე მეტად ჰიჩქოქს თავი თიფი ჰეიდრინმა (Tippi Hedren) შეაძულა… თუმცა, არ მგონია, მაესტრო ნაკლებად განრისხებულიყო ინგრიდ ბერგმანსა ან გრეის ქელიზე, მაგრამ ისინი გაექცნენ და ვეღარ მიწვდა, ჰეიდრინი კი მის ხელში იყო. ის ჰიჩქოქის ორ ფილმში მონაწილეობს: “ფრინველები” და “მარნი”. თიფი ჰეიდრინი ამ დროს ქმარს იყო გაცილებული, მაგრამ გადასაღები მოედნის მიღმა ჰიჩქოქმა მისი გული ვერ მოიგო (არადა, ფოტოზე რა შეყვარებული თვალებით მისჩერებია :/). მაშინ მაესტრო ჰიჩმა მსახიობის შვილს, მელანი გრიფითს, რომელიც იმ დროს 5 წლისა იყო, დაბადების დღეზე საჩუქრად კუბოში ჩასვენებული დედის თოჯინა აჩუქა… მიუხედავად იმისა, რომ ჰეიდრინი დღემდე ცოცხალია და ფილმებშიც მონაწილეობს, ჰიჩქოქის საჩუქარი წინასწარმეტყველური აღმოჩნდა – მსახიობის წარმატებული კინოკარიერა ფილმით “მარნი” შეწყდა და მას შემდეგ დიდად ღირებული არაფერი შეუქმნია. 

ყველაზე მთავარი

Alma Reville and Alfred Hitchcock ალფრედ ჰიჩქოქმა და ალმა რევილმა (Alma Lucy Reville) 1926 წელს იქორწინეს. ალმა არ ყოფილა ყველაზე ლამაზი ქალი, ვინც მაესტროს შეხვედრია, მაგრამ ის, უდაოდ, იყო ყველაზე მთავარი ქალი მის ცხოვრებაში – სცენარისტი, მემონტაჟე, რეჟისორის თანაშემწე ალმა რევილი  მეუღლის დამხმარე და მისი წარმატების თანამონაწილე იყო – დაწერა სცენარი ჰიჩქოქის რამდენიმე ფილმისთვის და პრაქტიკულად ყველა სხვა ფილმის შექმნაში შეიტანა დიდი თუ მცირე წვლილი, ასისტენტ-რეჟისორის როლი იქნებოდა ეს, სამონტაჟო სამუშაოები, დიალოგების გამართვა თუ, უბრალოდ, რჩევა. ალმა მუდამ მეუღლის გვერდით იდგა, როგორც ჩრდილი. მშვენივრად იცოდა მაესტრო ჰიჩის გენიის ფასი და არც არსად გაქცეულა. განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად, ქმრის რელიგია – კათოლიკობაც კი მიიღო… თუმცა, ჰიჩქოქის თქმისა არ იყოს, მამაკაცი თავია და ქალი კი – კისერი. :) ალმა აგვარებდა ყველა ყოფით პრობლემას ოჯახში და ადმინისტრაციულ პრობლემას გადასაღებ მოედანზე – მაესტროს ამ ყველაფრისთვის ხომ არც დრო ჰქონდა და არც სურვილი. გადასაღებ მოედანზე ულამაზესი ქალებით გარშემორტყმული ალფრედ ჰიჩქოქი ისევ მისი ცხოვრების ყველაზე მთავარ ქალთან, ალმა რევილთან დარჩა. სიცოცხლის ბოლომდე. როდესაც ალმას მკერდის კიბო აღმოუჩინეს, მისი ცინოკოსი, ეგოისტი და მიზანთროპი მეუღლე თავს ევლებოდა და პატარა ბავშვივით ქვითინებდა ყველასაგან თვალსმოფარებული. ერთობლივი ძალილსხმევით ალმა რევილმა ავადმყოფობა დაძლია და ფეხზეც წამოდგა. დიდი მაესტროს გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ,  1982-ში გარდაიცვალა 82 წლის ასაკში.

უცნაურია კია, რომ ლორენ ბექოლი ვერ მოხვდა მაესტროს კამერაში. მგონი, იდეალურად ჯდება იმ ქალების სიაში, ჰიჩქოქს რომ მოსწონდა და მის ფილმებსაც ასე უხდებოდნენ.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

And Suddenly Evil Erupts

About these ads

16 thoughts on “მაესტრო და (მისი) (სხვისი) ქალები

  1. ძალიან ვისიამოვნე და მომინდა ჩემს ბლოგზე კინემატოგრაფის განახლება,
    ძალიან სასიამოვნო პოსტი იყო ლორდ.

    Like

  2. გრეის კელი ყველაზე ლამაზია. ეგ ქალი ძალიან მომწონს.
    ინგრიდიც ლამაზია რა თქმა უნდა, მაგრამ გრეის კელი მართლა დედოფალივით იყო.

    Like

  3. მაესტრო ჰიჩ მე მთრგუნავს :)

    ამ ქალებიდან გრეისი მომწონს, მაგრამ მთავარ ქალს ჩემგან დიდი პატივისცემა ერგება. მიყვარს, როცა ასეთი ურთიერთობა აქვს წყვილს – საქმეშიც რომ ერთად არიან და ერთად აშენებენ

    Like

  4. უფ რა გემრიელი პოსტი იყო :) შენი პოსტები კინოზე განსაკუთრებულად მიყვარს, ყოველთვის განსხვავებული კუთხით წერ ჩემს საყვარელ სინემაზე :)

    Like

  5. აუ ყველასგან თვალმოფარებული ძაან იცი ახლა რას შვებოდა, ქვითინებდა არა კვახი. ეგეთი საზარლად გენიოსი ტიპები როგორც წესი მონათმფლობელები არიან, უვარგისი ქმრები და უხასიათოები, აბა ამ საქვეყნოდ ცნობილ შავ იუმორს რაღაცა საბაზისო ლოგიკა ხომ სჭირდება?.. თუმცა, საპასუხოდ ფორტუნა უგზავნით კიდეც მონა-ქალებს, ერთს ან რამდენიმეს, რომლებიც ოღონდ მაესტრომ შეხედოს ერთი-ორჯერ და მზად არიან, მისი ფეხსაცმლის საპრიალებელ ჩვრად გადაიქცნენ. ასეც იყო სავარუდოდ მისი ცოლი, საწყალი, ისე ქე აიწყო ცხოვრება მონობით..
    ჰიჩკოკის ფილმები ცოტა მაქვს ნანახი, ერთი რებეკა მახსოვს ძაან კარგად და ფრინველები, დანარჩენი ისე, თვალის შევლებით, ეპიზოდურად, მე ძაან მეშინია ჰორორ ჟანრის და ამიტომ გავურბივარ, თუმცა გენიოსი რომ არის, ეგ უდავოა.
    ჰო,და გრეის კელი ყველაზე ლამაზიცაა, საყვარელიც, მომხიბლავიც და ძაან სწორად მოიქცა პრინცესა რომ გახდა, არა ბიჭო უხასიათო ჰიჩკოკს უყრიდა კაკლებს ბოლომდე…

    Like

    • ჰაჰა არ მიალანძღა ეს პატიოსანი კაცი :)

      ფრინველები ერთადერთია, რომელიც პირობითად არის საშინელებათა ჟანრის, ისეკი თრილერებია ძირითადად. ასე რომ ნახე. კაი ფილმებია ძაან.

      P.S.

      ძაან სწორად მოიქცა პრინცესა რომ გახდა, არა ბიჭო უხასიათო ჰიჩკოკს უყრიდა კაკლებს ბოლომდე…

      გრეისმა ცუდად დაამთავრა ბზვ :)

      Like

  6. ჰიჩის ღაბაბი^_^
    გრეის კელი ხომ იყო რაც იყო, მაგრამ ჩემი ხმაც ბერგმანს, როგორც ყველაზე ლამაზს. პოსტზე აღარაფერს ვამბობ: )

    Like

  7. 1 კინოც არ მაქვს ამ კაცის ნანახი :) თაკო რა იყო, 1 ამოსუნთქვით დაწერე ეს?

    Like

    • გუშინ ნამეტნავად იყო გაწიწმატებული. :) ჰიჩით დაიწყო და მთელი კაცთა მოდგმა მოსპო ბოლოს.

      Like

      • სავარაუდოდ, ქმარმა ბორში დაუწუნა.
        . თაკო, გამოტყდი!

        Like

  8. ფსიქოც უჟასია ჩემთვის. არ მიყვარს ჰიჩკოკის ფილმები.
    რამე კარგი კომედია რომ გამოვა წავიდეთ არ გინდა?

    Like

    • რამე კარგი კომედია საუკუნეა არ გამოსულა.
      წავიდეთ. მარა რამე რომანწიკულ მაიმუნობაზე არა.

      Like

  9. აუფ, სულაც არა, ბორში არ გამიკეთებია საუკუნეა :))
    უბრალოდ ობიექტურად ვმსჯელობდი, თქვენ კიდევ ვერ იტანთ კაცების კრიტიკას, არადა სიმართლეს ვღაღადებდი.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s