How-To: სახალისო შალოლოგია

  • ეს პოსტი ჯობდა ალბათ საშობაო სეილების დროს დამეწერა, მაგრამ რაკი ახლა შუასაზენო ფასდაკლებების პერიოდია და სულ მალე საბოლოო (70-80%-იანი) ფასდაკლებებიც დაიწყება ზამთრის ტანსაცემლზე, მაინც არაა დაგვიანებული… (ოღონდ, არ მკითხოთ ახლა, 80%-იანი ფასდაკლება სად დაიწყებაო. :) სად და – ამერიკაში)

Dyed-Wool თქვენი არ ვიცი და შალის ტანსაცმელი ძალიან მიყვარს. თბილია, მოხერხებული. მრავალფერი და მრავალნაირი. ყველაზე გავრცელებული და პოპულარული, ცხადია, ცხვრის ბეწვისგან მოქსოვილი ტანსაცმელია. ის მარკირებულია წარწერით Wool/Lana. ხშირად (თუ შალი სხვა ხელოვნურ მასალასთან არ არის შერეული), Woolmark-ის ნიშანიც ადევს. ამ ლეიბლს ავსტრალიის შალის ინოვაციების კომპანია ფლობს და ანიჭებს მის მიერ ლიცენზირებულ წარმოებებს. თუ შალის სამოსს Woolmark-ის ნიშანი აქვს, ეს ხარისხის გარანტიაა, თუმცა, მსოფლიოში შალის არაერთი პატივცემული მწარმოებელია, რომელიც მიიჩნევს, რომ Woolmark-ის ბეჭედს არ საჭიროებს, რაკი თავადაა საკუთარი თავის “ვულმარქი”. მაგრამ ასეა თუ ისე, ავსტრალია რჩება მაღალი ხარისხის შალის უდიდეს მწარმოებლად მსოფლიოში და ახალ ზელანდიასა და აშშ-ს ერთად აღებულს სჯობნის. ბოლო წლებია ჩინეთიც გადაიქცა ამ ბაზარზე დიდ მოთამაშედ, თუმცა ჩინური შალი, მეტწილად, მოკრძალებული ხარისხისაა.

Virgin wool სულაც არაა ქალიშვილი ცხვრის მატყლი და სულაც არაა აუცილებელი, მისი თეთრეული ეცვას პატარძალს, როგორც ეს ჩვენშია მიღებული. :) სინამდვილეში ეს გადაუმუშავებელი, პირველი ნართისგან დამზადებული შალის ძაფია. საკმაოდ უხეშია, მწარედ “იკბინება” და არცთუ კომფორტული სატარებელია, თუმცა, მეტი სისქე აქვს, გამძლეა, ძნელად იქელება და, რაც მთავარია, თბილია. ზოგჯერ Virgin-ის ნაცვლად გამოიყენება აღნიშნვა New wool.

მარკირება Lambswool ბატკნის ბეწვზე მიუთითებს. ასეთი ტანსაცმელი, ცხადია, ცხვრისაზე უფრო ძვირი ღირს, არის ფაფუკი, ნაკლებად “მსუსხავი” და რბილი.

Merino wool აწერია ტანსაცმელს, რომელიც მერინოსის ჯიშის ცხვრის მატყლიდან არის მოქსოვილი. მერინოსი არის ცხვარი, რომლის ძარღვებშიც ცისფერი, თავადური სისხლი ჩქეფს, მისი ბეწვი გაცილებით რბილია, ვიდრე სხვა, მდაბიო ჯიშის ცხვრისა, მერინოსის მატყლიდან მოქსოვილი ტანსაცმელი კი რაინდულად გამოიყურება და ძალიან თბილია. მერინოსის ბეწვს შიდაგრადაციაც აქვს – რაც უფრო წმინდაა, მით უფრო თხელი და ლამაზი ქსოვილი გამოდის და მეტადაც ფასობს – ტანსაცმელს იარლიყზე შესაბამისი აღნიშნვაც უნდა ჰქონდეს Ultrafine… Superfine… Extrafine… Fine Merino. ავსტრალიელი მერინოსის ბეწვისგან იტალიაში მოქსოვილი მშვენიერი სვიტერებია თბილისურ Ted Lapidus-ში. :) იტალია საუკეთესო ხარისხის შალის ტრადიციული მიმწოდებელია ცნობილი მწარმოებლებისა და მოდის სახლებისთვის.

იარლიყზე სხვა აღნიშნვებიც შეიძლება, შეგვხვდეს – Medium ან Strong Merino უფრო გამძლეა და დიდხანს ინარჩუნებს ფორმას, მაგრამ ნაკლებად წმინდაა და ფაფუკი.

თუ ტანსაცმელზე ქსოვილის სიწმინდე აღნიშნული არაა (უბრალოდ Merino wool აწერია), ცნობილი მწარმოებლის შემთხვევაში ეს, როგორც წესი, საშუალო, სტანდარტული სიწმინდის (Medium) მერინოსის შალს ნიშნავს, ხოლო უცნობი/ნაკლებპატივცემული მწარმოებლის შემთხვევაში, დარწმუნებული იყავით, რომ საშუალოზე დაბალი სიწმინდის მერინოსის შალს გაჩეჩებენ… თუ სვიტერს ყიდულობთ – ცუდია, აი, პალტოსთვის კი ასეც უნდა იყოს. პალტო სწორედ  მაღალი გამძლეობისა და დაბალი სიწმინდის მერინოსის ბეწვისგან იწარმოება.

მერინოსი წარმოშობით თურქი ცხვარია, თუმცა დღეს საუკეთესო ბეწვი ავსტრალიელ და ახალზელანდიელ მერინოსს აქვს. ალბათ, იქაური ჰავაა მარგებელი და ბალახი კი გემრიელი.

Mohair ანგორის თხის ბეწვისგან იწარმოება. მას აბრეშუმებრივი ბზინვარება და მერინოსისებრი სითბო და სიფაფუკე ახასიათებს. ძალიან თბილია და ცხვრის შალზე მჩატე. ანგორის ციკნის ბეწვისგან მოქსოვილ ტანსაცმელზე უნდა იყოს შესაბამისი აღნიშნვა – Kid mohair. ცხადია, მისი ფასი თხისაზე უფრო მაღალი იქნება.

woolmarkიმისთვის, რომ ეს შალი კარგად “შეიკრას”, მას გარკვეული რაოდენობის სხვა მასალასაც უმატებენ. ყველაზე ბუნებრივი და ხშირი, ცხადია, ანგორის თხისა და ცხვრის მატყლის თანამეზობლობაა. რაც მეტია ცხვრის წილი, მით დაბალია ფასიც, მაგრამ ეს ყველაფერი იარლიყზე პატიოსნად უნდა იყოს მითითებული.

მაღალი ხარისხის ანგორის თხის მატყლის უდიდესი მწარმოებელი დღეს სამხრეთი აფრიკაა.

როგორც ამბობენ, ანგორის თხის შალს ერთი არაჩვეულებრივი თვისება აქვს – ის ბაქტერიებს სპობს, ამიტომ იდეალურია მათთვის, ვისაც ანტიპერსპერანტებზე ფულის დაზოგვა სურს. :)

Cashmere-იც თხის ბეწვის შალია. სახელწოდება ინდოეთის რეგიონზე მიუთითებს, თუმცა, მერინოსისა არ იყოს, დღეს ქაშმირელი თხა ბევრგან ბინადრობს. ქაშმირის სამოსი ელეგანტურია, თხელი და მჩატე, ამავდროულად თბილი და ძალიან გამძლეა. ამიტომ ძვირადაც ფასობს. ბოლო წლებია ჩინელმა მწარმოებლებმა აქაც გაზარდეს საკუთარი საბაზრო წილი თავისი კონვეიერული წარმოებით, რაც ხარისხს ძალიან აზარალებს, ამიტომ ქაშმირის ტანსაცმლის ყიდვისას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომელ ბრენდს ყიდულობთ. ყველა ქაშმირი ერთნაირი არაა. კეთილსინდისიერი და პატივცემული მწარმოებლები უპირატესობას კვლავ ინდურ მასალას ანიჭებენ. კარგი ხარისხის ქაშმირის შალის მიმწოდებელია ავღანეთი, ირანი და თურქეთი. ქაშმირის მატყლი ხვანჭკარასავითაა – ერთ სეზონზე ბეწვის მხოლოდ 3%-ია გამორჩეულად წმინდა, დანარჩენი 97 – ხარისხით ჩამოუვარდება,  აქედანაა ქაშმირისგან მოქსოვილი ტანსაცმლის მაღალი ფასიც და ამ მიზეზითაა, რომ ქაშმირის ბეწვს ხშირად იყენებენ, როგორც დანამატს – ვთქვათ, ცხვრის შალის სვიტერს 5% ქაშმირს უმატებენ, გაკეთილშობილებისთვის. ფართოდაა გავრცელებული “მეორადი” ქაშმირის შალიც – ნარჩენებს და “ნაყარ-ნუყარს” საგანგებო მეთოდებით ამუშავებენ და კვლავ აბრუნებენ წარმოებაში. იაფიანი ქაშმირის ტანსაცმლის ერთი ცნობილი მწარმოებელი M&S-ია, რომლის მაღაზია თბილისშიც გვაქვს.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, დაბალი ხარისხის ქაშმირს პირადად მე მაღალი ხარისხის მერინოსი მირჩევნია. თქვენც ამასვე გირჩევთ.

ხშირად მცირე რაოდენობით ქაშმირის შალს უმატებენ აბრეშუმის სვიტერებს – ასეთ სვიტერს აბრეშუმის ბზინვა და ატლასის ზედაპირი აქვს და, ამავდროულად, მეტ სითბოს ინარჩუნებს, ვიდრე წმინდა აბრეშუმი. მშვენიერია პიჯაკის ქვეშ ჟილეტის მაგივრად ჩასაცმელადაც. ჰალსტუხიც კარგად ეხამება. ძალიან კარგი ხარისხის აბრეშუმ-ბამბა-ქაშმირის ყელამოჭრილი (V-neck) სვიტერები Banana Republic-შია, თუმცა, მათი ფასი მიახლოებით იგივეა, რაც M&S-ის 100% ქაშმირის. :)

Angora ბოცვრის ბეწვია. მასაც, ქაშმირის მსგავსად, ხშირად უმატებენ სხვა შალისგან მოქსოვილ სამოსს. ანგორის უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში ჩინეთია და მაღალი ხარისხის შალთან ერთად ის დაბალი ხარისხის ბეწვსაც აწარმოებს, ამასთან, ბევრი ჩინური წარმოება ცხოველთა უფლებების დამცველთა მუდმივი კრიტიკის საგანია, ვინაიდან პარსვისა და გამოხშირვის ნაცვლად ისინი ბოცვერს პუტავენ და ბეწვს აგლეჯენ… მაგრამ მოთხოვნა ამგვარი ველური მეთოდებით მიღებულ ანგორის ბეწვზე მაღალია და თუ ახლა გაუგებარი მწარმოებლის მიერ მოქსოვილი ანგორის “მეიდინლილო” იაფი ტანსაცმლით იწონებთ თავს, ძალიან ცუდი.

აქლემის, ლამის და სხვადასხვა ჯიშის ძაღლის ბეწვის ტანსაცმელი ჯერ-ჯერობით მაინც იშვიათობაა ჩვენთან (ყოველ შემთხვევაში ცხვრისა და თხის შალის ტანსაცმელთან შედარებით), არც მე მაქვს, ამიტომ მათზე არაფერს დავწერ.

დაბოლოს აკრილი (Acrylic fiber), რომელიც გარეგნულად ძალიან ჰგავს ცხვრის შალს, ზეგამძლეა, მაგრამ – ნაკლებთბილი.  მეტი მედეგობისთვის და ფასის შესამცირებლად აკრილს უმატებენ ხოლმე შალის ტანსაცმელს. თუ შეგხვდათ მარკირება  Acrylic wool, ის მიუთითებს ნახევრადნამუსიან მწარმოებელზე :) რაკი აკრილი ხელოვნური მასალაა და არანაირად არ შეიძლება იყოს შალი, თუმცა მთლად შალად შემოსაღებას რომ არ ცდილობენ – ეგეც კარგია.

ახლა კი ცოტაც გოუძელით და მალე გაზაფხულიც მოვა. :)

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

About these ads

23 thoughts on “How-To: სახალისო შალოლოგია

  1. რაღა ცოტა, ჯერ წინაა მთელი ყინვები და გრიალი :( ვერ ვიტან ზამთარს თოვლს, სიცივეს, კომბოსტო-საკუთარ თავს, ასი კილო მგონია ხოლმე საკუთარი თავი, მიუხედავად ამისა მინდოდა წელს გრძელი შალის ჯემპრის ყიდვა ელასტიკისთვის და გაგიკვირდება და ვერ ვიყიდე, მეც მიკვირს. არადა განსაკუთრებული მოთხოვნები არც მქონია. ისე თხელი შალი მართლა მისწრებაა ზამთრისთვის, თბილიცაა და არც ტანის ფორმას კარგავს. ერთი სვიტერი ვიყიდე მანგოში შარშან, არ ვიცი რა ბეწვისგან არის გაკეთებული ნამდვილად, მაგრამ აშკარად კარგია, უთხელესია და უთბილესი, და როგორიც ვიყიდე ისეთი სახითაა დღესაც. მიყვარს ეგეთი შენაძენები..

  2. ჩვენთან ფასდაკლებები მართლა იშიათად ამართლებს, მითითებულ და ნაგავ კოლექციაზე მარტო

    ძირითადად აკრილის ძაფებით ვქსოვ :(

    • ბატონი გიორგისგან განსხვავებით, ქსოვის დიდი სპეცი არ ვარ, მაგრამ ეგ მგონი კიდევ ცალკე ფენომენია. მანქანით ქსოვაში რაც გამოიყენება, ხელით კიდე სხვა პონტია.
      ამ პოსტისთვის რომ ვკითხულობდი სტატიებს, იქ ვნახე, რომ ნატურალური ძაფებიდან სწორედ ვირჯინ ვული უხდება ყველაზე მეტად ხელით ქსოვიას.

  3. ხო ეხლა მაგით ვქსოვ სამსახურში დ ხელები გამითბა. ნაქსოვიც ლამაზია და მოქსოვილიც:)კარგი ექსკურსი იყო ისე<3

  4. მაგა რაიუელა says:

    არ ვიცი, რომელი რომელია , მაგრამ შესაძლებლობა რომ მქონდეს Virgin wool–ს მივანიჭებდი უპირატესობას )))

  5. უნდა ვაღიარო, რომ ყოველთვის ვაკვირდები რას ვყიდულობ. :) აი, საჭმელზე არა. სხვები კალორიებს ითვლიან და ემულგატორის ნომრებზე და საღებავის კოდებით დარბიან სუპერმარკეტში. მე კიდევ ტანსაცმლის შემადგენლობას ვაკვირდები ხოლმე, სანამ ვიყიდი. :) თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბუნებრივ მასალას ვყიდულობ მხოლოდ. შალ-აკრილის ნაზავებიც მაქვს. ეკონომიის ამბავში. :) სხვა რა ძალაა.

  6. ცხოვრებაში აზრად არ მომსვლია, რომ ბებიაჩემის მოქსოვილი შალის კბენია წინდა და ჩემი ანგორის სათნო ჯემპრი ნათესავები იყვნენ -_-

  7. გილოცავ ბლოგზე დაბრუნებას. :)

    ანგორა თუ კურდღლის ბეწვი იყო არ ვიცოდი. :( თავი საოცრად გაუნათლებლად ვიგრძენი შალოლოგიაში.

    • მეც არ ვიცოდი :)
      ჩვენთან მოჰერსაც უძახიან ანგორას, რახან ანგორას თხის ბეწვია. :)
      როგორც ქარდიგანს უძახიან ჟაკეტს და ველვეტს ვუძახით corduroy-ს.

  8. მართლაც სახალისო პოსტი იყო. ინფორმატიული რომ იყო, ამას აღნიშვნაც არ უნდა. ბევრი რამ შევიტყვე და გამოვიყენებ

  9. მარიამი says:

    მეც მიკვირდა მარქს ენდ სპენსერის ქაშმირის სვიტრები ასეთი იაფი საიდანაა-თქო. მაგრამ ხარისხს მაინცდამაინც არ ვუჩივი. შარშან ვიყიდე საახალწლოდ და ჯერ-ჯერობით არც ფერი დაკარგა არც ფორმა. ჩინურები იწელება ხოლმე და ესეც ჩინეთშია შეკერილი, მაგრამ გაცილებით კარგი ხარისხისაა.

  10. ბექა says:

    ძალიან ინფორმაციული პოსტი იყო, მაგრამ მეტი არაა ჩემი მტერი მე დავიმახსოვრო. თუ მცა გამოწერისას შეიძლება მანუალად გამოვიყენო

  11. ბექა says:

    “როგორც ამბობენ, ანგორის თხის შალს ერთი არაჩვეულებრივი თვისება აქვს – ის ბაქტერიებს სპობს, ამიტომ იდეალურია მათთვის, ვისაც ანტიპერსპერანტებზე ფულის დაზოგვა სურს”

    პირდაპირ ტანზე უნდა ჩაიცვა? თუ მისი ანტიბაქტერიული მადლი მაისურში გაატანს?

    • ბექა says:

      რა დავწერეთ მოსაწონი ეხლა.

      წესიერი ადამინი უკეთეს შემთხვევაში დაიჯღანებოდა. უარესში––ქოლგით გამოგვიდგებოდა

  12. ვიზუალით ვინც ცნობს, იმას გაუმართლა თორემ ბირკაზე რასაც უნდა იმას დააწერენ. :)

    • ამიტომ მეტ-ნაკლებად სანდო მწარმოებლისა უნდა იყიდო და ეგაა. :) ხარისხი შეიძლება დაწიონ, მაგრამ იარლიყს მაინც არ აყალბებენ და იცი, რას ყიდულობ და რა ფასად. :)

  13. შალის ტანსაცმელი სასარგებლოა, როგორც ბებიასგან მახსოვს:)
    მაგრამ, რომ ისუსხება, ეგ არ მიყვარს

    აი ქაშმირი კი მიყვარს ძალიან

    • თუმცა თუ დამუშავებულია და დათხელებულია, არ იკბინება. შარვლები, მაგალითად.
      მერინოსიც არ იკბინება.

      მეც მიყვარს შალი.
      შალის შარვალი რომ ზამთარში თბილია და ზაფხულში გრილი ეგაა კიდევ საოცრება. :)

  14. საერთოდ ნაქსოებზე ვგიჟდები და შალი განსაკუთრებით მათბობს :დ ერთადერთი ის პრობლემა მაქვს რომ შედარებით უხარისხო ნაქსოვი იპუწება, საპარსით ხო არ ავპარსავ და ძალიან მიშლის ნერვებს,საერთოდ არსებობს ამ პრობლემის მოგვარების გზა?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s