Stylish Blog

პატარა დიდი ქალაქი ანუ ერთი დღე ბრიუსელში by თამარა

25 Comments

მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

ბრიუსელამდე

ჩემი თერთმეტთვიანი ჰოლანდიური ცხოვრების მეთერთმეტე თვეს (დანარჩენი ათის უმეტესი ნაწილი ოთახში ჩაკეტილმა გავატარე) თავს უფლება მივეცი, ცოტა ირგვლივაც მიმომეხედა. სად უნდა წავსულიყავი უკეთეს ადგილას, ვიდრე მოსაზღვრე ბელგიაში. ავტობუსის ერთდღიანი ტური გამოვჩხრიკე და ჩემს მეგობარ ოლიასთან ერთად დავადექი გზას.

კომპაქტურ ჰოლანდიას მიჩვეულს მეგონა, ბრიუსელსაც რამდენიმე საათში შემოვირბენდი. ორი რამ ვერ გავთვალე: 1. ბრიუსელი არცთუ პატარაა; 2. ხალმხრავალ და ხმაურიან ცენტრში ველოსიპედით გადაადგილება მთლად კომფორტული არაა; 3. რომც მომენდომებინა, ოლია ველოსიპედს არ მართავს. თუმცა, რამდენიმე საათის პირობაზე ცოტა რამ ნამდვილად არ მინახავს.

ავტობუსის თავაზიანი მძღოლი მთელი გზა საგანგებოდ ჩვენთვის ლაპარაკობდა ორ ენაზე – ჰოლანდიურად და ინგლისურად. ბრიუსელის ცენტრალური მოედნის მახლობლად რომ ჩამოგვსვა, ყურადღებით გამოიკითხა ჩვენი ვინაობა, წარმომავლობა, ბოდიში მომიხადა, რომ საქართველოზე მაინცდამაინც ნათელი წარმოდგენა არ ჰქონდა, ოლიას ესტონეთის საფეხბურთო გუნდი შეუქო, რითაც ძალიან გააკვირვა.  არ დაინანა ქალაქის რუკა (ჩვენი გაცილებით დიდი და მოუხერხებელი იყო) და თავისი ტელეფონის ნომერი (გაფრთხილება: only for emergency situations!!!) იმ შემთხვევისთვის, თუ დავიკარგებოდით; გვირჩია, ძალიან მოვფრთხილებოდით ჩანთებს და ჯიბეებს და რამდენიმე საინტერესო ობიექტი მოგვინიშნა რუკაზე.

გაითვალისწინეთ, რომ ამინდი დღის განმავლობაში საკმაოდ ხშირად იცვლება და ქურთუკი და ქოლგა მუდმივად იქონიეთ თან. ივნისი იყო, მაგრამ ლამის გავითოშე.

ისტორიული ცენტრი – Grote Markt

ისტორიულ-ცენტრალური მოედანი, ჩემი აზრით, ქალაქის ყველაზე ლამაზი ადგილია. ევროპის ყველა ქალაქის მოედანი რაღაცით ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ ბრიუსელის მაინც გამორჩეულია შენობების იშვიათი ორნამენტული ფასადების გამო. აქაა ქალაქის რატუშა და უამრავი ღია თუ დახურული კაფე. აგვისტოობით სწორედ აქ იმართება ხოლმე ცნობილი ზაფხულის ფესტივალი, ყვავილებისგან ხალიჩას რომ აკეთებენ და ეს ხალიჩა მთელ მოედანს ფარავს, რომელიც საკმაოდ დიდია. თუ ვიზიტს ამ დღეს დაამთხვევთ, გაითვალისწინეთ, რომ იქნება ჭყლეტა და ხალიჩა მთლიანობაში შეიძლება ვერც აღიქვათ. აი, რომელიმე შენობის მაღალ სართულზე ასვლა როგორ იქნება ორგანიზებული ან რამდენად მოახერხებთ, ნამდვილად არ ვიცი. (დაახლოებით იგივე მიზეზით ვთქვი უარი პირადად მე კენჰოფის ცნობილ ბაღში ვიზიტზე: ტიტები ახლოდან ისედაც ნანახი მაქვს და პლანტაციის ზოლების სანახავად ვერტმფრენით გასეირნება ჩემთვის არავის შემოუთავაზებია).

Grote Markt აუცილებლად უნდა ნახოთ ღამითაც, რაც მე ვერ მოვახერხე. ძალიან ეფექტური განათების წყალობით მოედანი ორმაგად დიდი და ლამაზი ჩანს, ხოლო შენობები შიგნიდან და გარედანაც განათებულია და გაცილებით გრანდიოზული აღსაქმელია, ვიდრე დღისით.

brussels-fish-marketმოედნიდან ქუჩები ქალაქის სხვადასხვა ადგილას მიდის. პირველ რიგში, ცნობილი ბიჭუნას ნახვა გვინდოდა, მაგრამ ისეთმა თქეშმა დასცხო, სასწრაფოს სანტა-კატარინას ტაძარს შევაფარეთ თავი. შიგნიდანაც მოვათვალიერეთ, მაგრამ კათოლიკური ტაძრის პირობაზე საკმაოდ  პატარა და მოკრძალებული აღმოჩნდა. ერთი კი იყო, რომ სწორედ მისი შესასვლელიდან მოვკარი თვალი “მაკდონალდსის” დიდ ლოგოს და სასწრაფოდ იქ შევცვივდით გასათბობად, საჭმელად და უფრო გამოდარების დასალოდებლად.

როგორც იყო,   წვიმამ შეწყვეტა იკადრა და ისევ მოედნისკენ ავუყევით ქუჩას. აქ ყველგან სუვენირების მაღაზიები და სახელგანთქმული ბელგიური ვაფლის ისეთი სურნელია, რომ ნასადილევს და მშიერსაც ერთნაირად მოცელავს. მაღაზიებში ყველაფერს სამმაგი ფასი ადევს, ისევე, როგორც ყველგან, სადაც სამიზნე კლიენტურა ტურისტებია. ჩემდა გასაკვირად, Côte d’Or-ის სახელგანთქმული შოკოლადი გაცილებით ძვირი ღირდა, ვიდრე ჩემს სახლთან ახლომდებარე სუპერმარკეტში, ამიტომაც, ცივად ავუარე გვერდი. თქვენ წარმოიდგინეთ, Schiphol-ის აეროპორტში მდებარე ბელგიური შოკოლადის მაღაზია “ლეონიდასი” უფრო იაფია, ვიდრე აქაური მაღაზიები. ხოლო თუ თქვენ ჰოლანდიაში მოხვედრის ბედნიერება არ გერგოთ, გაიკარით ჯიბეზე ხელი და ყველაფერი გასინჯეთ, არ ინანებთ. ბოლოს და ბოლოს, ბელგიური შოკოლადი მხოლოდ სახელი არაა.

200px-bruxelles_manneken_pisსუვენირების მაღაზიაში ყველაზე დიდი წარმატებით ზემოხსენებული ბიჭუნას გამოსახულებიანი ღვინის ბოთლის გასახსნელები და ბელგიის დროშები სარგებლობს. აქვეა ამავე ბიჭუნას დაახლოებით მეტრიანი ქანდაკებები, რომლებსაც წარმოდგენა არ მაქვს, ვინ ყიდულობს. სწორედ ამ ქანდაკებების გამო იყო, რომ როცა, როგორც იქნა, მივაღწიეთ ცნობილ Manneken Pis-თან, კარგა ხანს ამაოდ ვაცეცებდი თვალებს ირგვლივ და ბოლოს, სიცილი ამიტყდა, იმდენად პატარა მომეჩვენა ეს განთქმული და ღვაწლმოსილი პიროვნება. როგორც შემდეგ ამიხსნეს, ამ შადრევნის მთავარი ღირსება იმაშია, რომ ეს ბიჭი კვირაში შვიდი დღისა და დღე-ღამეში ოცდაოთხი საათის განმავლობაში აკეთებს იმ დიად საქმეს, რომლის წყალობითაც ქალაქი გადაარჩინა. თავის მხრივ, ბრიუსელელები უმადურობას არ უჩივიან, ყოველ დღესასწაულზე ამ ყმაწვილს თემატურად და ექსკლუზიურად მოსავენ, რითაც ბევრი “სელებრითი” ვერ დაიტრაბახებს.

ჰო, დამავიწყდა აღნიშვნა, რომ გზის მაჩვენებლები ყოველ ფეხის ნაბიჯზეა და გაგნება არ უნდა გაგიჭირდეთ, თუკი ზედაპირულად მაინც იცით, საით მიდიხართ. თანაც, ღირსშესანიშნაობები საკმაოდ ახლო-ახლოა განლაგებული.

ევროგაერთიანების უბანი თუ როგორც ითარგმნება 

ჩვენ, როგორც ნატოსა და ევროკავშირისკენ მსრბოლავი სახელმწიფოს შვილებს, ბრიუსელის ხსენებაზე პირველ რიგში ევროპარლამენტი და ევროსაბჭო უნდა გაგვახსენდეს (ნატოს შტაბ-ბინა ქალაქის სხვა ნაწილშია). თუკი რომელიმე მათგანში საქმიანი ვიზიტით არ ჩადიხართ ან წინდაწინ არ გაქვთ დაგეგმილი ექსკურსია, ამ უბანში სახეტიალოდ დროს მაინცდამაინც ნუ დაკარგავთ, დამიჯერეთ, ეს შენობები Google Earth-იდან გაცილებით ადვილი აღსაქმელია. პირადად მე ევროსაბჭოს წარმომადგენლობასთან (აი, იმას, მოგრეხილი ჯვრის ფორმა რომ აქვს) ახლოსაც ვერ მივედი, რადგან მთლიანად ხარაჩოებში დამხვდა ჩასმული, ექსკავატორების ალყითა და ბანერებით საიმედოდ შემოღობილი. თუკი გაგიმართლათ და რემონტი დასრულებული დაგხვდათ, მთლიან შენობას კადრში ნამდვილად ვერ ჩაატევთ. ანალოგიურად, ევროპარლამენტთან სურათის გადაღებისას თქვენს უკან მხოლოდ შუშის ნაჭერი გამოჩნდება და კაციშვილი ვერ მიხვდება, სად ხართ. ასე რომ, EU District-ის სრული ბრწყინვალებით აღსაქმელად რაიმე შემაღლებული წერტილი, მაგალითად, “Sheraton”-ის სახურავი, წინასწარ შეიგულეთ და ზემოდან გადმოხედეთ.

ერთი წერტილი, რის გამოც აქეთ გამოვლა ღირს, ევროპარლამენტის მიდამოებში არსებული თურქული “ზაბეგალოვკაა”, სადაც მცირე ხნით დაივიწყებთ, რომ ევროპის დედაქალაქში ხართ და ექვს-შვიდ ევროდ ისეთ დონერებს გამოჰკრავთ კბილს, შეიძლება ქალაქის დანარჩენი ნაწილების დათვალიერება დაგეზაროთ.

ღირსშესანიშნაობები

პირველ ჯერზე რაც თვალში მომხვდა, ისაა, რომ ისტორიული და თანამედროვე შენობები ცოტა არ იყოს, უსისტემოდაა განლაგებული. გასცდები ყოვლად ჩვეულებრივ მრავალსართულიან სახლს და უცებ ამოყვინთავს ისტორიული შენობაც. მათ შორის აღსანიშნავია სამეფო ოჯახის რეზიდენცია, იუსტიციის სასახლე და ბრიუსელის ცნობილი კათედრალი.

იუსტიციის სასახლეს მხოლოდ შორიდან შევხედეთ, რადგან ისიც მთლიანად ხარაჩოებით შეფუთული დაგხვდა, როიალ პალასთან გალავანზე ავფორთხდით და სურათები გადავიღეთ. რაც შეეხება მთავარანგელოზ მიქაელისა და წმინდა გუდულას კათედრალს, იქ ბოლოს შევედით, როცა ავტობუსის მოლოდინში პარკში წამოწოლილებს ისევ გაგვიწვიმდა.

brussel-st-michiels-st-goedele-kathedraal-09მთავარანგელოზი მიქაელი და მეთერთმეტე საუკუნეში მოღვაწე ლოტარინგიის კონტესა გუდულა ბრიუსელის მფარველ წმინდანებად ითვლებიან.როგორც ოლიამ თქვა, ეს კათედრალი არცთუ ისე გადატვირთულია ორნამენტებითა და ფუფუნების საგნებით, თუმცა, ისიც გააკვირვა საკმაოდ უჩვეულო ვიტრაჟებმა, რომელთა ერთიანობაც რაღაც სამგანზომილებიანი გამოსახულების მსგავს ეფექტს ქმნის. როგორც დავაკვირდი, ვიტრაჟები ორმაგი შუშითაა შესრულებული და ფიგურებს შორის თითქოს ნათლად ჩანს სივრცე. კათედრალის ქვემოთ კატაკომბებია, ჩასასვლელად კი ერთი ევრო უნდა ჩააგდოთ კიბესთან დადგმულ ყუთში.

მოედანზე აუცილებლად შეგხვდებათ მაჩვენებელი წარწერით Bozar. კულტურული ღონისძიებებით დაინტერესებულები სწორედ აქეთ უნდა მიბრძანდნენ, რადგან ეს ქალაქის კულტურული ცენტრია, გამოფენები და საკონცერტო დარბაზები სწორედ აქაა განლაგებული.

და ბოლოს, თქვენ მაინც ნახეთ ის, რისი ნახვაც სურვილის მიუხედავად ვერ მოვასწარი: ბრიუსელის ტრიუმფალური თაღიAtomium ( ჩვენ ბრიუსელის მოლეკულად რომ ვიცნობთ), და ნატოს შტაბ-ბინა, უკიდურეს შემთხვევაში, მისი ცნობილი ოთხქიმიანი ვარსკვლავი მაინც.

ბელგიური შოპინგი

ამ სფეროში მრჩევლად ცოტა ვინმეს თუ გამოვადგები, მაგრამ ერთი-ორ აბსტრაქტულ რჩევას მაინც მოგცემთ, ეგებ გამოგადგეთ.

ე.წ. სამეფო გალერეაში აუცილებლად გაიარ-გამოიარეთ, ძალიან ლამაზი და ნათელი ადგილია და თუ გაგიავდრდათ, კარგა ხანს შეგიძლიათ დაიცადოთ აქ, სანამ ვიტრინებს დაათვალიერებდეთ. ვერ დაგპირდებით, რომ დატვირთულები წამოხვალთ, რადგან, რაღა დაგიმალოთ, ყველაფერს ოთუზბირი ფასი ადევს.

Grote Markt-თან არის მაქმანების რამდენიმე მაღაზია. აქ იყიდება ცხვირსახოცები, სუფრები, მარაოები, ქოლგები, სხვადასხვა სამშვენისები და პატარა ბავშვის სამოსიც კი. რამდენიმე მათგანში საკმაოდ ძვირის გადახდა ალბათ, მეც კი არ დამენანებოდა, რადგან აბსოლუტურად ყველაფერი ხელით არის ნამუშევარი და იშვიათი ხარისხისაა. შუა საუკუნეების მოდას აყოლილი ქალები სწორედ ასეთი მაქმანების გამო იხოცავდნენ თავებს, თუკი ვენეციურს ვერ იშოვიდნენ.

სხვათა შორის, ავტობუსიდან მგზავრების ერთი ჯგუფი ანტვერპენში ჩამოვსვით და დაბრუნებისას იმავე ადგილას ავიყვანეთ. ეს პატივცემული ხალხი კი ისეთი ღრიანცელითა და ბარგი-ბარხანით დატვირთული ამოლაგდა ავტობუსში, ლილოს ბაზრობიდან მომავალი მოვაჭრეები მონაგონია. ასე რომ, თუკი დრო იქნა, საყიდლებზე ანტვერპენში შევლა ალბათ ღირს კიდეც.

შიმშილით რომ სული არ გაგძვრეთ

ბელგიური ვაფლის მოზრდილი ნაჭერი ერთი ევრო ღირს, თუ ზედ სხვადასხვა გემრიელი სოუსების მოსხმას და ხილის დალაგებას მოინდომებთ, ფასი აუცილებლად მოიმატებს.

ყველგან იყიდება ე.წ. მაკარუნები, მაგრამ რა აგიჟებთ ამ გაუგებრობაზე, არ მესმის. არ გაფლანგოთ ფული, მაგას ვაფლი სჯობს.

პირადად მე თურქებმა უკვე რამდენჯერმე მიხსნეს სიკვდილისგან. თუ მაინცდამაინც დონერების მოყვარული არ ხართ, შემწვარი კარტოფილი მაინც მიირთვით თურქულ კაფეებში.

“მაკდონალდსი” – შვიდ ევროდ გამოძვრება კაცი.

ბოლოს

უღრმესი მადლობა ლორდს მასპინძლობისათვის.

ყველას სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ ბრიუსელში.
Creative Commons License © Tamara for Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

კომენტარი ბლოგის ავტორის პრივილეგიით:
მეხუთე გესთ-პოსტი ჩემს ბლოგზე და პირველი “ქალაქების” ციკლიდან. დაახლოებით ორთვიანი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, როგორც იქნა თამარამ პატივი დამდო. კი ღირდა დალოდებად – მშვენიერი პოსტია ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქზე. 

თუ აქამდე ოცნებობდით იქ მოხვედრას, ახლა ეს პოსტი ათმაგად უფრო მოგანდომებთ… რაც გულით გსურს, ის აუცილებლად აგისრულდება.

LV

About these ads

25 thoughts on “პატარა დიდი ქალაქი ანუ ერთი დღე ბრიუსელში by თამარა

  1. ძალიან კარგი და ინფორმატიული პოსტი იყო. უაღრესად საინტრესო თხრობის მანერით და გასათვალისწინებელი რჩევებით.

    Like

  2. ნეტავ ოდესმე მოვხვდებოდე მანდ და კი გავითვალისწინებ. :)

    Like

  3. ნაკრებს შეუქებდა ის მძღოლი ოლიას. კლუბი ერთი “ნარვა” ვიცი მე და დიდი ვერაფერი ხვითოა. ნაკრები ფაფხურობს რაღაცას.

    ისე გიწერია, თამაღ, თითქოს მე მესეირნოს ბრიუსელში <3 უგემრიელესი და ძალიან საჭირო-გამოსადეგი პოსტია.

    Like

    • არა, “ნარვა” აშკარად არ უხსენებია, მეც ნაკრებად გავიგე :)
      არადა, ჰოლანდიაში თითქმის ყველამ იცოდე “ხეორხია”, დიახ, დიახ!

      Like

      • არადა, ეს სწორედ ის შემთხვევაა, ჯობს, არ იცოდნენ :)

        Like

      • ისე, მე გავჩითე ლიეჟში ერთი სტაჟიანი ქომაგი, რომელმაც მითხრა – ააა, თბილისის დინამო – ნამყოფი ვარ მაგ თამაშზეო. :)

        Like

      • ტექსელის, სანდრას, და არველაძის დამსახურებით :)

        Like

  4. მაგას ჩვენი ნაკრებიც ეცოდინებოდა, მარა ზრდილობიანი მძღოლი იყო, ალბათ.

    Like

    • თბილისის დინამო და არველაძე სპორტის სამართლის ლექტორმა იცოდა :))
      კი გავახსენებდი დინამო-ფეიენოორდის თამაშს, მაგრამ მომერიდა, ჯერ ნიშანი არ ჰქონდა დაწერილი… :(

      Like

      • შოთა აიაქსში თამაშობდა. თუ ლექტორიც აიაქსის ფანი იყო, ფეიენორდზე დაუდგებოდა ახლა დარდები :)
        ვერ იტანენ ეგენი ერთმანეთს. :)

        Like

      • ალკმაარშიც ხომ თამაშობდა, თუ არა?
        ეგ კი ვიცი, ამსტერდამელები და როტერდამელებიც კი ქიშპობენ :)

        Like

      • მანდ მწვრთნელად იყო, თუ არ ვცდები.
        აიაქსში კი მართლა ძალიან მაგრად თამაშობდა. საუკეთესო ბომბარდირიც იყო და საუკეთესო ლეგიონერადაც დაუსახელებიათ.
        ტრაბზონშიც ძაან უყვართ დღემდე. :) ეს ძალა აქვს ფეხბურთს :)

        Like

      • მწვრთნელად სანამ გახდებოდა, თამაშობდა აზლაკმარში შე კაცო! :) აიაქსის მერე მანდ წავიდა და მანდ დაამთავრა კარიერა. მერე ვან გალი მივიდა მწვრთნელად და იმის ასისტენტი იყო. იქედან წავიდა კაიზერსპორში ახლა კიდე სტამბულის გუნდშია, მაგრამ იმ სამ გრანდში არა ოსმანფაშაო თუ რაღაც ჯანდაბა სუსტი გუნდია იმაში.
        დავადგინე სრულად შოთას ბიოგრაფია :)

        Like

  5. უღრმესი მადლობა! ძალიან მიხარია, რომ მოგეწონათ! :)
    უპირველეს ყოვლისა, კიდევ ერთი მადლობა ლორდს. რაც შეეხება ორთვიან ხვეწნა-მუდარას, არც ეგეთი ჯიუტი ვარ, ტექნიკური პრობლემების გამო ვერ დაადგა საშველი, თორემ ეს პოსტი კარგა ხანს იდო დრაფტებში :)

    Like

  6. ჩემი კომენტარი დაიკარგა მგონი დილით დავწერე :)

    ბელგია ძალიან კარგი, კეთილი ქვეყანა მგონია. ტკბილი და მურაბა შენ როგორც გიყვარს ხოლმე თქმა. :) იყო თავისთვის და მეზობლებს არ აწუხებდა. არც უომია. არც ინკვიზიცია ყავდა. რაღაცა კაი ტიპები მგონია. :)
    სხვები ომობდნენ და ესენი შოკოლადს აკეთებდნენ და მანქანებს კერავდნენ.
    ბრიუსელური კომბოსტო გამახსენდა კიდევ. :)

    Like

    • დაიკარგა :( ხდება ხოლმე.

      კი მაგარი უწყინარი ქვეყანააა. :) ამიტომაცაა ევროპის დედაქალაქი ბრიუსელი.
      თუ ვინმე ცნობილი ბელგიელია – ყველა ან ფრანგი გონიათ ან ჰოლანდიელი ან კიდევ ვინმე. :)

      მარა კიდე რაა მაგარი იცი? მთელი ისტორიის მანძილზე ბელგია იყო ვიღაცის ნაწილი. როგორც კი დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა, თავად გახდა იმპერია და აფრიკაში რაღაც კოლონიებიც კი ჰქონდა. კონგო, თუ არ ვცდები… :)

      Like

  7. დედა რამხელა პოსტია :დდდ
    ვაშაააა, თამარჩიიიიკ :*

    Like

  8. ძალიან კარგი პოსტია. მე ასე კარგად ვერ აღვწერე ბრიუსელი ჩემს პოსტში აშკარად :D Manneken Pis–ზე მეც იგივე რეაქცია მქონდა, რომ ვნახე :D

    Like

    • აბა ყველას ცხენზე ამხედრებული და აბჯროსანი გმირები კი არ ყავს ჩვენსავით :)
      და კიდევ ჩვენსავით კი არ ალამაზებენ თავიანთ ისტორიას. :)

      Like

  9. რა გემრიელი პოსტია., ლეონიდასის ცხელშოკოლადიანი ვაფლივით :) ისე სად ნახე, თამარა, ერთ ევროდ ვაფლი, აი ძალიან გამიკვირდა, ხომ არ შეგეშალა? 1 ევროიანი შოლოკადის ნაკუწიც კი არ მინახავს იქ ;) რაც შეეხება ატომიუმს, დიდი არაფერი არაა, გული არ დაიწყვიტო. აი ანტვერპენი არის უმყუდროვესი და უსაყვარლესი ქალაქი. და მართალი ხარ, საშოპინგოდაც ძალიან კაია, 2 დღე გულისწასვლამდე ვიშოპინგე, მახსოვს. ზოგადად ამ ქვეყანას და განსაკუთრებით ანტვერპენს აქვს მშვიდი აურა, რაღაცნაირად განიტვირთები იქ ყოფნით, ხალხიც ძალიან სხვანაირია, თითქოს განსაკუთრებულად თბილი – ანტვერპენს ვგულისხმობ.
    პოსტში სხვათაშორის ისეთი ინფოები ამოვიკითხე, რაც არ ვიცოდი,საკმაოდ საინტერესო იყო და ძალიან სასიამოვნო სტილში დაწერილი. წარმატებები …

    Like

    • ანტვერპენი უნდა მდიდარ იყოს საროსკიპოებით :) ასე მგონია. თუმცა მანდ არ ვყოფილვარ და ვერ დავიჩემებ. შორს იყო ჩემი მარშრუტიდან და ვერ მოვხვდი მანდ.

      Like

    • არა, ნამდვილად ერთი ევრო ღირდა, მაგრამ მხოლოდ მშრალი ვაფლი, ყველაფრის გარეშე :)

      მიხარია, რომ მოგეწონა!
      სითბოს და გახსნილ ხალხს ჰოლანდიაშიც ვიყავი მიჩვეული და ამიტომ, არ მიუცხოვია. სხვაობა მერე შევიგრძენი, რაც საერთოდ დავტოვე ბებერი ევროპა <3

      Like

  10. კარგი პოსტია, მიუხედავად იმისა რომ ნამყოფი ვარ მაინც სიამოვნებით გადავიკიკთხე. ნამდვილად კარგი ქალაქია,ევროპაში ერთერთი ულამაზესი.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 387 other followers