დიეტა ფრანგულად

FrenchParadoxგსმენიათ თუ არა რამე “ფრანგული პარადოქსის” შესახებ?

მიირთვი, რაც გსურს, მიირთვი, რამდენიც გსურს, არ გასუქდე და არ იავადმყოფო – ესაა სწორედ ის ფენომენი, რომელიც დოქტორ სერჟ რენოს (Serge Renaud) ხელდასხმით, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან “ფრანგულ პარადქოსადაა” ცნობილი.

  • თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ პარადოქსმა ექიმების ყურადღება ბევრად ადრე მიიპყრო – ჯერ კიდევ 1819 წელს ირლანდიელმა კარდიოლოგმა სემიუელ ბლექმა გამოაქვეყნა წერილი, სადაც აღნიშნავდა, რომ ირლანდიელებთან შედარებით, ფრანგებში გულის შეტევები საგრძნობლად იშვიათიაო.

სერჟ რენო ბორდოს უნივერსიტეტის პროფესორია. მან და მისმა კოლეგებმა სხვადასხვა ქვეყნიდან შეისწავლეს მსოფლიოს ხალხთა კვების კულტურა და შეადარეს ის ფრანგულს. შენიშნეს კი რამე საინტერესო? ის, მაგალითად, რომ ამერიკელები, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე ჭარბწონიანი ნაციაა დედამიწაზე, დღეში მხოლოდ 72 გრამ ცხიმს მოიხმარენ, დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ტანწერწეტა ნაციის, ფრანგების მიერ მირთმეული 108 გრამი ცხიმის საპირისპიროდ. ამავე დროს ფრანგები, რომელთა სამზარეულოც ერთ-ერთი ყველაზე ქოლესტერინგაჯერებულია (თეთრი პური და ცომეული, კარაქი, ყველი, ბეკონი…) გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით ბევრად ნაკლებად ავადდებიან, ვიდრე სხვა ხალხები. ამას ისიც დაუმეტეთ, რომ ფრანგული ვახშამი ერთობ გვიანია – 9 საათზე იწყება და დაღამებამდე გრძელდება – არადა, ძილის წინ ჭამა მავნებელიაო, განა ასე არ ამბობენ ექიმები?

მკვლევარნი ამ პარადოქსს რამდენიმე მიზეზით ხსნიან.

პირველი მიზეზი არის *ნატურალური* წითელი ღვინო (ფრანგს რომ უთხრა “ნატურალური ღვინოო” – არანატურალური რაღააო, გკითხავთ. ჩვენ, ქართველებმა იმდენი მოვახერხეთ, რომ ეს სიტყვათწყობაც დამკვიდრდა ჩვენს ენაში). დოქტორი რენოს თქმით, წითელი ღვინო შეიცავს ე.წ. “ფლავონოიდებს” – საუკეთესო ანტიოქსიდანტს. ფლავონოიდები უხვადაა შავი ყურძნის წვენში, თუმცა, დოქტორი რენოს გამოკვლევით, სწორედ დაღვინების შემდეგ ხდება ეს სითხე განსაკუთრებით სასარგებლო (რაკი აქ ყველანი, ბლოგერ-მკითხველნი ქართველები ვართ, ალბათ, უნდა დავამატო, რომ პატივცემული პროფესორი არამც და არამც გულისხმობდა განსხვავებულებით, ყანწებით, ლამფის შუშებით და აირწინაღებით სმას).

მეორე მიზეზი არის ფრანგული სუფრის ხანგრძლივობა და მომცრო პორციები. ფრანგები სავახშმოდ გვიან სხდებიან, მაგრამ მათი ვახშამი დიდხანს გრძელდება. ქართველებშიც, რა თქმა უნდა, ასეა, მაგრამ, ჩვენგან განსხვავებით, კერძები ფრანგულ სუფრას ზანტად ემატებიან, მცირე პორციებით და არა, როგორც გურიაში იტყვიან – “გრუშომ” შემოესევიან ხოლმე, ყველა ერთბაშად. ფრანგები საკვებს ნელ-ნელა აგემოვნებენ, თითოეული კერძის თითოეული ლუკმით ტკბებიან, ჩვენ კი, სტახანოვური ტემპებით პირველ ნახევარ საათში გვიყვარს ყველაფრის გადაჭმა. :)

ხილისა და, განსაკუთრებით, ბოსტნეულის სიყვარული ფრანგების კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისებაა. ხილი და ბოსტნეული ქართულ სუფრაზეც, თითქოს, ბევრია, მაგრამ – არა იმდენი. თან, შემიმჩნევია, ქართველი მამაკაცები, რატომღაც, ღვინითა და საჭმელებით უფრო ვართ დაკავებულნი და ხილი ნაკლებად გვახსენდება.

სიცოცხლის წყაროს – წყალს ფრანგულ სუფრაზე საპატიო ადგილი უკავია. გაზიანი ტკბილი სასმელები – ლიმონათი, კოლა და სხვანი ფრანგების ნაკლები სიყვარულით სარგებლობენ. საშუალო ფრანგი წელიწადში 147 ლიტრ ბოთლში ჩამოსხმულ წყალს სვამს (ამერიკელთა 47 ლიტრის საპირისპიროდ). იმის გარდა, რომ წყალი, ზოგადად, საჭმლის გადამუშავებას აიოლებს, როდესაც დღის განმავლობაში ბევრ წყალს სვამ, ნაკლებად გშივდება და ნაკლებ სკვებსაც მიირთმევ.

იოგურტი – ჯადოსნური პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს საკვების გადამუშავებასა და მონელებას. ექიმმა ისააკ კარასომ, კომპანია “დანონის” დამფუძნებელმა იოგურტი თურქული რძის ნაწარმის საფუძველზე შექმნა, თურქული yoğurt კი სხვა არაფერია, თუ არა ჩვენებური მაწონი.

  • შემთხვევითი როდია, რომ 1977 წელს “დანონმა” მაშინდელ საბჭოთა საქართველოში გადაიღო რეკლამა (ეს, როგორც ჩანს, სსრკ-დასავლეთს შორის მორიგი დათბობის წყალობა იყო) ქართველი მხცოვანი ადამანების მონაწილეობით, რომელთა კარგი ჯანი, სწორედ იოგურტის (მაწვნის) დამსახურებად იყო გამოცხადებული… (“ბაგრატ ტაბაღუა და იოგურტი, სახელად დანიელი”)

ყავა – ენერგოსტიმულატორი და ნივთიერებათა ცვლის ხელშემწყობია. ფრანგები უპირატესობას ესპრესოს სხვადასხვა სახეობას ანიჭებენ და მიირთმევენ მას უხვად – 4-5 ფინჯანს დღის განმავლობაში. მოსაზრება, რომ ყავა, თითქოსდა, გულის დაავადებებს უწყობს ხელს, კარგა ხანია ექიმების უმრავლესობის მიერ უკუგდებულია.

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზია – სწორი კვება. ვისაც ამერიკელთა ცხოვრება “შიგნიდან” უნახავს, დამეთანხმება – ამერიკელები სულ მუდამ ჭამენ. ცოტ-ცოტას, მაგრამ – გაუთავებლად: ჩიფსები, სენდვიჩი, კოლა, თხილეული, კრეკერები… მათ მუდმივად აქვთ ხელთ რაღაც სასუსნავი. მათი აზრით, ეს საჭმელი არაა, ესაა Snack (მიახლოებით მსუბუქ საუზმედ, მსუბუქ საკვებად შეგვიძლია, ვთარგმნოთ) მაგრამ დღის განმავლობაში დაგროვილი ეს Snack, კუჭისთვის სრულიადაც არ არის მსუბუქი ტვირთი. ფრანგებმა ეს იციან, ამიტომ საუზმობენ, სადილობენ, ვახშმობენ, მაგრამ არასდროს “სნექავენ” შეუალედებში.

ძირს უძრაობა და სიზარმაცე! – ეს ფრანგული დევიზია. ვისაც გინახავთ, გაგკვირვებიათ ალბათ, თუ რამდენს მოძრაობენ ფეხით ფრანგები. ამაში, შესაძლოა, მუდმივი საცობებიცაა დამნაშავე დიდი ქალაქების ქუჩებში, მაგრამ – არამხოლოდ. ფრანგებს უყვართ გემრიელად ჭამა. უყვართ… არა, უყვართ ის სიტყვა არაა – ჭკუას კარგავან ყველზე. ასევე ჭკუას კარგავენ ცომეულზე, შოკოლადზე და ტკბილეულზე, მაგრამ არ უყვართ ვარჯიში და ვერ იტანენ ამერიკელთა მიერ გაკერპებულ ჯოგინგს (სირბილს), ჰოდა, ამ ყველაფრის გასაწონასწორებლად, ხშირად მოძრაობენ ფეხით და ძალიან ბევრს სეირნობენ. სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს საფრანგეთში ველოსიპედიც. ეგებ, ისე არა, როგორც – ჰოლანდიაში, მაგრამ საკმარისად იმისთვის, რომ “ფრანგული პარადოქსის” ფენომენი არ შეიბღალოს.
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___
Roundtable: The French Paradox

The Renaud Society

About these ads

21 thoughts on “დიეტა ფრანგულად

  1. მეც არ ვფიქრობდი, რატომ არ ვიმატებ მეთქი? :დ
    ჩემი მეგობრები სადილს 10 წუთში ამთავრებენ და მერე ერთი საათი მელოდებიან ხოლმე როდის მოვრჩები ტრაპეზობას:)) რა ვქნა, მალმალე ყლაპვით სიამოვნებას ვერ ვიღებ ))
    ვგიჟდები გემრიელ დესერტზე, ჯოგინგს ვერ ვიტან, აი ყავას დღეში 3 ფინჯანზე მეტს ვერ ვსვამ

    სადღაც მაქვს წაკითხული, რომ ყველიც უწყობს ხელს ნივთიერებათა ცვლას, შეიძლება ეგეც იყოს ერთ-ერთი ფაქტორი) და კრუასანები :)))

    Like

    • იქ ეგრე ეწერა, რომ ყველი იმ რაოდენობით, როგორც ფრანგები ჭამენ ასუქებდეს უნდა, თუმცა მცირე რაოდენობით რაციონში კარგიაო.

      შემდეგი პოსტი იქნება სწორედ ყველზე :)

      Like

  2. ნელა ჭამა ძალიან სასარგებლოა, თუ მეჩქარება მირჩევნია არ შევჭამო საერთოდ ვიდრე სწრაფად გადავყლაპო :)

    კარგი პოსტია :)

    Like

  3. ეგრეა. გახდომა/გასუქებას განსაზღვრავს სწორი კვება. თუ დაარღვევ – მოიმატებ, თუ არა და არა.

    ნატურალური და სრულფასოვანი კერძები (ძირითადად წვნიანები) + ხილი, + ბოსტნეული + წყალი + ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა

    ჭამაც ხელოვნებაა (ც) მამაჩემი :დ

    Like

  4. ჯანსაღი საკვები და მეტი მოძრაობა – მარტივი წესები, რაც ყველამ იცის, მაგრამ დაცვა მაინც ძნელია.
    მომეწონა პოსტი!

    Like

  5. უი მეც სწრაფად ვჩამ საკმაოდ. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჭამის დროს მარტო ჭამაზე იფიქრო და ტვ გამორთული იყოს, მუსიკაც;)

    Like

  6. ღვინო ჩვენც გვაქვს. მაწონი. ხილი და ბოსტნეული. მინერალური წყლებიც. და სუფრებიც გრძელდება 5 საათი. აბა ცოტა მეტი რომ ვიაროთ ფეხით ნაკლები მსუქანი გვეყოლება.

    Like

  7. ისე, მეც ძალიან სწრაფად ვჭამ. მაქვს ეგ ცუდი ჩვევა. :(
    არ გამოვა ჩემგან ფრანცუზი.

    Like

  8. ვერაფრით ვერ ვეჩვევი ნელა ჭამას :( ან ძალიან მეჩქარება, ან ძალიან მშია და ასე.
    ღვინოზე არ ვიცოდი, ჩართვა რაციონში :)))

    Like

  9. მინდა ვიყო ფრანგი :)

    არა, მართლა მიბაძავდა კაცი, მით უმეტეს, პირის გემოს ვერ დაუწუნებ. აი, ცხვირი მოუკოჭლებთ ოდნავ, ისიც ყველის სუნის ამბავში. არ მჯერა, რომ როკფორს და ფრანგულ სუნამოებს ერთი და იგივე ცხვირები ყნოსავენ :)

    ფრანგულ მენიუ + გერმანული ვარჯიში + ჰოლანდიური ტრანსპორტი = <3

    ამერიკელების ვარჯიში არ გეიშვას…

    Like

  10. ფრანგი ვყოფილვარ და არ ვიცოდი :დ
    მხოლოდ, წითელი ღვინო კი მომწონს, მაგრამ ალკოჰოლთან მაინც და მაინც არ ვმეგობრობ :)

    სწრაფად ჭამას რაც შეეხება, ამას წინათ წავიკითხე სადღაც: ჭამის დაწყებიდან პირველი 15 წუთი ტვინი ვერ აღიქვამს დანაყრებას და ისევ შიმშილის სიგნალს გამოსცემს :) ამიტომ რაც შეიძლება სწრფად მივირთმევთ, მერე კი სამწუხაროდ გადატვირთვას ვგრძნობთ. ჰოდა, საჭიროა, რომ ეს პირველი 15 წუთი “შენელდე”, მაგალითად საკვების საფუძვლიანი ღეჭვის საშუალებით, რაც თავის მხრივაც კარგი და საჭიროა :)

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s